კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
თარიღი November 3, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
შეიძლება ითქვას, ახალი ბიზნესისთვის შესაფერისი სახელის შერჩევა სახლისთვის სახურავის დადგმას ჰგავს, რომელიც აერთიანებს და იცავს მას. საკმარისია მხოლოდ მცირე დაზიანებაც კი, რომ მთელი კონსტრუქცია საფრთხის წინაშე დგება. სწორედ ამიტომ, მართალი ბრძანდებით თუ ფიქრობთ, რომ სახელი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას, საწყის ეტაპზე მაინც.
გთავაზობთ ამ დროს ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს.
- მრავალი ადამიანის ჩართვა სახელის მოფიქრების პროცესში – გასაგებია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება არაერთი ადამიანის, განსაკუთრებით მეგობრების, ოჯახის წევრების, კლიენტების და კადრების მოსაზრების გათვალისწინებას გვავალდებულებს, თუმცა მათ პროცესის დიდ გაუგებრობად გადაქცევა შეუძლიათ. ამას ემატება ისიც, რომ საბოლოოდ არჩევანი ერთ ვარიანტზე კეთდება, რაც ბევრი მათგანის განაწყენებას იწვევს.
უმჯობესია, მსჯელობაში ჩართული იყოს შეძლებისდაგვარად მცირე, თუმცა რეალურად ღირებული ადამიანთა ჯგუფი. ისინი, ვისაც რეალურად შესტკივათ გული კომპანიის ბედ-იღბალზე და ყოველგვარი ეგოს კარნახის გარეშე შეუძლიათ რეკომენდაციის გაცემა. სასურველია ასევე გვერდით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის ყოლაც ჯანსაღი კრიტიკის მოსასმენად.
- ზედსართავ სახელთან კომბინაცია და უშინაარსო ან ზედმეტად გაცვეთილი სიტყვები/ფრაზები – ხშირად სიტყვების გაერთიანება ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილებაა, რადგან მომხმარებლებს უყვართ ბრენდებთან დაკავშირებული ისტორიების მოსმენა, თუმცა მას ლაკონურობა და ადვილად აღქმადობა არ უნდა შეეწიროს მსხვერპლად. თავისთავად ცხადია, დამოუკიდებლად შოკოლადი და საწებელი შესანიშნავი და ბევრისთვის სასურველი პროდუქტებია, თუმცა მათი კომბინაცია წარმოუდგენელია. იგივე ეხება სახელებსაც. ნაკლებად სასიამოვნოდ მოსასმენი ბრენდი ღირებულებას ჰკარგავს მომხმარებლის თვალში. ასევე არაა სასურველი ზედმეტად გაცვეთილი სიტყვების ან ფრაზების გამოყენებაც, რადგან თანამედროვე, კონკურენტული გარემო თითოეული ბიზნესისგან გამორჩეულობას მოითხოვს. ამ დროს საუკეთესო გადაწყვეტილებაა მარტივი სახელები, რომელთა შინაარსის გაგება ინტუიციის დონეზეცაა შესაძლებელი.
- სახელის ადგილის მიხედვით განსაზღვრა – ალბათ ხშირად შეხვედრილხართ კომპანიას, რომლის სახელიც მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალს ფარავს, სინამდვილეში კი მომსახურება გაცილებით დიდ მასშტაბზე ვრცელდება. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები გვირჩევენ, თავი ავარიდოთ ფაქტობრივი მისამართების, ქალაქის, ქუჩის, რეგიონის დასახელებას სახელში. შესაძლოა საქმიანობის დაწყებისას ეს მართლაც გონივრული გადაწყვეტილებაა, თუმცა პრობლემები თავს იჩენს კომპანიის ზრდის და განვითარების პარალელურად.
- კლიშედ ქცეული სახელების გამოყენება – კომპანიები ხშირად, ნებით თუ უნებლიედ, ბაზარზე დამკვიდრებული და წარმატებული ბრენდების სახელს იშველიებენ, რაც საფუძველშივე საკმაოდ ნეგატიურად აღიქმება საზოგადოების მხრიდან. მომხმარებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს რთულად გამოსათქმელი თანხმოვნებისგან შემდგარი სახელებიც, ამიტომ უმჯობესია მაგ. „კა“ ->„ქა“-თი, „პა“ კი „ფა“-თი ჩანაცვლდეს.
რა თქმა უნდა, რთული სახელი არ გამორიცხავს ბრენდის წარმატებას და პირიქით. მაგალითისთვის Xerox ან Kodak-იც კმარა, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევაში ისინი ბაზრის ნოვატორებს წარმოადგენდნენ ან საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დახარჯეს ბრენდის პოპულარიზაციისთვის.
- სახელის გადარქმევაზე უარი – არაერთი მეწარმე დარწუნებულია კომპანიის სახელთან დაკავშირებული პრობლემის არსებობაში, თუმცა საკითხის თავისთავად მოგვარებას ელიან ან არ სურთ ამის გაკეთება. გადაწყვეტილების თამამად მისაღებად, ალბათ, შემდეგი ბრენდების დასახელებაც კმარა, რომელთაც სხვადასხვა დროს სწორი არჩევანი გააკეთეს, დღეს კი მთელი მსოფლიო საუბრობს მათზე:
- Quantum Computer Services » AOL
- BackRub » Google
- Sound of Music » Best Buy
- Apple Computers » Apple, Inc.
- Research in Motion » Blackberry
- Brad’s Drink » Pepsi-Cola
- 7. Tokyo Tsushin Kogyo » Sony
- Starbucks Coffee, Tea and Spice, Il Giornale Coffee Company » Starbucks
- Blue Ribbon Sports » Nike
- DrivUrSelf » Hertz Rent-A-Car
- AuctionWeb » eBay
- Computing Tabulating Recording Corporation » IBM
- Marafuku Company, Nintendo Playing Card Company » Nintendo
- Pete’s Super Submarines » SUBWAY
- Wards Company» Circuit City
- Stag Party » Playboy
- Firebird » Firefox
- Confinity » PayPal
- Jerry’s Guide to the World Wide Web » Yahoo