თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი

თარიღი October 19, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | 4 Comments

ყველა ლიდერს სურს ბედნიერი, პროდუქტიული და სათანადოდ მომზადებული პერსონალი ჰყავდეს, თუმცა ხშირად მოჩვენებითი კმაყოფილების მიღმა, იმედგაცრუებული თანამშრომლების მთელი არმია იმალება. მათი გამოვლენა და პრობლემების მოგვარება საუკეთესო კოლეგების ჩამოყალიბების უპირობო გარანტიაა.

Oxford Economics-ის ერთ–ერთმა კვლევამ აჩვენა სხვაობა თანამშრომლებისა და დამსაქმებლების მიერ სამუშაო გარემოს აღქმას შორის. გამოკითხული 600 აღმასრულებლიდან, 63%-ის აზრით, მათ კადრებს ყველა საჭირო რესურსი გააჩნიათ გონების გაფანტვის თავიდან ასარიდებლად მაშინ, როდესაც თანამშრომლების შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 41% დაფიქსირდა. ამის უმთავრეს მიზეზს, შესაძლოა, კომუნიკაციის ნაკლებობა წარმოადგენდეს, რომელიც საბოლოოდ ნეგატიურად ზემოქმედებს კომპანიის წარმატებაზე, პროდუქტიულობასა და მომსახურების დონეზე. გთავაზობთ თანამშრომელთა ფარული იმედგაცრუების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს, რომელთა წინაშეც ყოველდიურად დგანან დამსაქმებლები:

  1. ტექნოლოგიური სიახლეების სიმცირე

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილია, კადრების უდიდეს ნაწილს კვლავაც არ მიუწვდება ხელი უახლეს აღჭურვილობაზე. ამას ადასტურებს ივნისში, Staples-ის გამოკითხვაში მონაწილე 3,105 დასაქმებულის 89%-იც. Oxford Economics-ის კვლევის თანახმად, 39% იმედგაცრუებულიც კია არსებული ტექნოლოგიებით, რაც პირდაპირ კავშირშია მათ პროდუქტიულობასთან.

რჩევა: ნუ დაინანებთ ფინანსებს თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ სირთულეებს და თანამშრომლების კეთილგანწყობასაც მოგაპოვებინებთ. წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილას, თავად როგორ შეძლებთ მოძველებულ კომპიუტერთან მუშაობას?! სცადეთ ესაუბროთ უკმაყოფილების მიზეზებზე, შემდეგ კი ჩამოაყალიბოთ ტექნოლოგიური სტანდარტები და გამოყოთ ბიუჯეტი მათ განსახორციელებლად. დაუთმეთ დრო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასაც.

  1. არასამუშაო გარემო ოფისში

Oxford Economic-ის კვლევის თანახმად, მხოლოდ 41%-ს გააჩნია ყველა შესაბამისი ბერკეტი გონების გაფანტვის თავიდან ასარიდებლად. თანამშრომელთა უკმაყოფილების მიზეზების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა მათთან საუბარი არსებულ პრობლემებზე, რაც გაცილებით ამარტივებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის პროცესს, საბოლოო ჯამში კი დადებითად აისახება მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე. მაგ. ხმაურის გამო უკმაყოფილებისას, შესაძლოა, გამოსავალი ყურსასმენები იყოს. შეტყობინებების მუდმივად შემოწმებისას დაკარგული კონცენტრაციისთვის კი დააწესეთ შეზღუდვა დღის გარკვეულ მონაკვეთზე.

  1. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და ზედაპირული დავალებები

პოტენციური კლიენტების სიის შედგენა, გაყიდვების ზარის განხორცილება, იდეების ჩანიშვნა… ყველა ბიზნესში მოიძებნება დავალებები, რომელსაც კადრები ნაკლებად ღირებულად მიიჩნევენ. უკმაყოფილებას კიდევ უფრო ზრდის და დავალებების სათანადოდ შესრულებას ართულებს ძირეული მიზნების არცოდნაც. მაგ. მონაცემების შეგროვების შემდეგ იშვიათად თუ ეძლევათ მათ პროცესების განვითარებაზე დაკვირვების საშუალება. მაშინ, როდესაც მენეჯერის ამპლუაში თავის წარმოდგენის შესაძლებლობაც კი მათთვის დამატებითი სტიმულია.

რჩევა: როდესაც კადრებს კლიენტთა სიის მომზადებას დაავალებთ, განუმარტეთ, რა მიზანს ემსახურება, რა ვადებში უნდა შესრულდეს და როგორ დაეხმარება ის ბიზნესს წინსვლაში. სრული სურათის წარმოდგენა ეხმარება კადრებს დაამყარონ კავშირი დავალებებს შორის, გაზარდონ პროდუქტიულობა და გაიუმჯობესონ ურთიერთობა დამსაქმებლებთან.

  1. პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის დისბალანსი

ადამიანის ცხოვრებისეული კმაყოფილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სამსახურში მოტივაციის დონეზე, ამიტომ შეუძლებელია მათი დამოუკიდებლად განხილვა. Oxford Economics-ის კვლევამ აჩვენა, რომ 52 პროცენტისთვის პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის ბალანსი უმნიშვნელოვანესია მაშინ, როცა ხელმძღვანელთა მხოლოდ 34% ფიქრობს, რომ მათი კადრებისთვის მნიშვნელოვანია თანაბარი წარმატება ორივე ფრონტზე.

რჩევა: დამსაქმებლის მხრიდან კადრების პირად ცხოვრებაზე ყურადღების გამახვილება მათში ნდობისა და სტაბილურობის განცდას აჩენს. ამიტომ მიეცით პერსონალს ოჯახზე თავისუფლად საუბრის საშუალება. მსგავსი ღია პოლიტიკა დაგეხმარებათ ნდობის მოპოვებაში და დასახული გეგმების სწრაფად და ხარისხიანად განხორციელებაში.

 

help-overworked

კომენტარები

comments