როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად

თარიღი September 10, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | 12 Comments

კარიერის სწორად დაგეგმვა ან არჩევანის ცვლილება მნიშვნელოვანი პროცესია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ გამოცდილი პროფესიონალებისთვისაც კი. მართალია, ყველას აქვს გარკვეული წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, თუმცა განსაკუთრებულ სირთულეს ისეთი საქმის პოვნა წარმოადგენს, რომელიც ყველაფერთან ერთად სიამოვნების მომნიჭებელიცაა.

შემდეგი ნაბიჯები ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებას როგორც სტუდენტების, ასევე ცვლილების სურვილის მქონე პროფესიონალების შემთხვევაში.

– რა არის თქვენთვის სასურველი დარგი?

როდესაც საქმიანობის შეცვლის სურვილი ჩნდება, ეს უკვე გარკვეული პრობლემის არსებობაზე მიანიშნებს. იგი შეიძლება განპირობებული იყოს როგორც გარემოთი, ასევე ზოგადად დარგით უკმაყოფილებით. ძირითად შემთხვევაში ცვლილებების სურვილი უკავშირდება კოლეგებთან ან ხელმძღვანელთან გაფუჭებულ ურთიერთობას, რომლის თანმდევი პროცესია საკუთარი საქმით მუდმივი უკმაყოფილება, სამსახურში ხშირი დაგვიანება და მუდმივად საათის კონტროლი სამუშაო დროის სწრაფად გასვლის სურვილით. ამ ყველაფრის ძირეული პრობლემა კი ზოგადად საქმიანობის შერჩევისას გათვალისწინებულ გარემოებებში მდგომარეობს (მაგ. მშობლების თხოვნა; კონკრეტულ პერიოდში დარგის აქტუალობა, რომელიც დროთა განმავლობაში კარგავს მნიშვნელობას და ა.შ.) ერთი შეხედვით, მიმართულების განმსაზღვრელს საკუთარი უნარ–ჩვევები უნდა წარმოადგენდეს, თუმცა მოლოდინი ყოველთვის არ ამართლებს რეალობას. სწორედ ეს იწვევს შემდეგ 20–წლიანი სტაჟის მქონე კადრების როტაციას განსხვავებულ დარგებს შორის.

რის კეთება გსიამოვნებთ?

მიმართულების შეცვლამდე აუცილებელია განისაზღვროს ზუსტი მიზნები, რომელშიც შემდეგი კითხვები გვეხმარება:

–         რის კეთება გვსიამოვნებს ყველაზე მეტად?

–        რა უნარებს ვფლობთ საყვარელი საქმის შესასრულებლად?

–        რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას?

–        რა წარმოადგენს სხვებთან შედარებით ჩვენს უპირატესობას? და ა.შ.

აუცილებელია განისაზღვროს ისიც, რომელი უფრო პრიორიტეტულია: დამოუკიდებლად მუშაობა, კადრების მართვა თუ აღმასრულებლის პოზიცია, რადგან თითოეული განსხვავებულ უნარ–ჩვევებს მოითხოვს. ამის გასარკვევად უპასუხეთ კითხვებს: როდის გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად, მითითებების მიღებისას თუ გაცემისას? გუნდის ლიდერობა უფრო გხიბლავთ თუ წევრობა? ინდივიდუალურ წახალისებას ისურვებდით თუ გუნდურს? დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ თუ ხვალინდელი ქათამი?

– რა განათლებას და უნარ–ჩვევებს ფლობთ?

სასურველი სფეროს განსაზღვრის შემდეგ დღის წესრიგში დგება კვალიფიკაციის გაღრმავების საკითხი, რადგან მიღებული განათლება, გამოცდილება და პრაქტიკული უნარ–ჩვევები იშვიათადაა საკმარისი. მეორე მხრივ კი ყურადსაღებია პირადი ინტერესები, ხასიათი და ღირებულებები. კარიერის დაგეგმვისას იდეალური ვარიანტია ორივე მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, თუმცა ხშირად ეს უკანასკნელი გაცილებით მნიშვნელოვანია საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. ტექნიკური, იურიდიული და მედიცინის დარგებისთვის გადამწყვეტია განათლება და გამოცდილება, ზოგადი მენეჯმენტის შემთხვევაში კი მეტი ყურადღება ექცევა ეთიკურ დამოკიდებულებას, რადგან მისი სწავლა უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს. რა თქმა უნდა სასურველ სფეროში მიღებული განათლება შეღავათია, თუმცა ის სამსახურის მიღების უპირობო გარანტია არაა. დღეს დამსაქმებლები კონკრეტული პოზიციებისთვის გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევენ ადამიანს სწორი მიდგომითა და განვითარების სურვილით.  საქმით უკმაყოფილო ადამიანების აღმოჩენა სირთულეს არ წარმოადგენს დამსაქმებლებისთვის, ამიტომ უმჯობესია საწყის ეტაპზევე განისაზღვროს ღირებულებები და შესაბამისი დამსაქმებელი.

– იკითხეთ რჩევა, თუმცა ყოველთვის ნუ გაითვალისწინებთ

უახლოესი ადამიანები ყოველთვის ინტერესდებიან ჩვენი მიღწევებით და რჩევებსაც არ იშურებენ. მართალია, ისინი ყველაზე კარგად გვიცნობენ და არჩევანის ცვლილების მიზეზებშიც გარკვეულები არიან, თუმცა სასურველია გადაწყვეტილება საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მივიღოთ. გამორიცხული არაა რჩევა სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი მივიღოთ, სწორი კითხვების დასმის შემთხვევაში.

– გაუღეთ კარი ნებისმიერ შესაძლებლობას

 მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრების რომელ ეტაპზე ჩნდება საქმიანობის შეცვლის სურვილი. მთავარია მხოლოდ სიახლეებისა და შეცდომების დაშვებისადმი მზაობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. უმეტეს შემთხვევაში კი არსებულ პოზიციაზეც შეიძლება კომპრომისის პოვნა.

წყარო

კომენტარები

comments