რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!

თარიღი November 15, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | 5 Comments

 

2

 

მიუხედავად იმისა, საქმე რიგით მენეჯერს ეხება თუ საპასუხისმგებლო პროექტის ხელმძღვანელს, არსებობს უნარ-ჩვევები, რომელიც თანაბრად მოეთხოვება თითოეულ მათგანს კოლეგებთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და დასახული მიზნების მარტივად მისაღწევად.

გთავაზობთ უნარების სიას, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დამსაქმებლები კადრების მმართველობით პოზიციაზე აყვანისას:

  1. კომუნიკაციის უნარი – ნებისმიერ ლიდერს უნდა შეეძლოს თითოეული კოლეგისთვის გასაგებ ენაზე საუბარი და განმარტებების მიცემა როგორც ორგანიზაციის ფუნდამენტური მიზნების, ასევე მარტივი დავალებების შესახებ. ამასთან, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ცალკეულ ინდივიდებთან და საერთო შეკრებებისას თანაბარი წარმატებით კომუნიკაცია არა მხოლოდ ზეპირი კომუნიკაციის, არამედ ყველა შესაძლო არხის (მობილური, მეილი, სოციალური მედია და ა.შ.) დახმარებით. კომუნიკაციის ცოდნის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია მოსმენის უნარიც. კარგი მენეჯერი თავად განსაზღვრავს სწორი კომუნიკაციისთვის საჭირო ფორმასა და სიხშირეს, თუმცა მთავარია მუდმივად ხელმისაწვდომი იყვნენ კოლეგებისთვის.
  2. მოტივირების უნარი – კადრების მოტივაციის ამაღლება მათ მიერ დამატებითი დავალებების შესრულების ტოლფასია. მართალია, შესაფერისი ანაზღაურება მნიშვნელოვანი მოტივატორია, თუმცა არა საკმარისი. საკმაოდ მიღებული და გამართლებული მეთოდია ჯილდოები და დავალების წარმატებით შესრულების ხაზგასმა. დადებითად მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. კარგი ლიდერებისგან სწორედ შესაფერისი მოტივატორების პოვნას ელიან.
  3. დელეგირების უნარი – ბევრი კურდღლის მადევარი მენეჯერები ხშირად ხელცარიელი რჩებიან. მცდარი მოსაზრებაა, რომ დავალებების სხვისთვის გაზიარება სისუსტის ნიშანია. სინამდვილეში, მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელებს ძალუძთ ადამიანების სწორად შერჩევა და მათზე პასუხისმგებლობის გადანაწილება, რადგან საჭიროა თითოეული დაქვემდებარებულის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და შესაბამისი დავალების გაცემა. შედეგად ლიდერებს მეტი დრო რჩებათ ყურადღება გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმონ.
  4. პოზიტიური აზროვნება – ძლიერ ლიდერს უნდა შეეძლოს შეცდომების აღიარება სხვისთვის გადაბრალების გარეშე და საჭირო დროს საკუთარ თავზე ხუმრობაც, რაც ჯანსაღი და სასიამოვნო სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ყველაზე დატვირთულ და სტრესულ სიტუაციაშიც კი. გუნდის წევრების შვებულების გეგმებით დაინტერესებაც კი დადებითად აისახება მათ განწყობაზე და დავალებების ხარისხიანად შესრულების სტიმულს ზრდის.
  5. სანდოობა – კადრებს არ უნდა ეშინოდეთ ლიდერთან პრობლემებზე საუბრის და კითხვების დასმის. მნიშვნელოვანია ლიდერისადმი ნდობის არსებობა, რადგან შიში ყოველთვის არ შეიქმს სიყვარულს. გულწრფელობა და მათთან საუბრისთვის მზაობა ბადებს მხოლოდ გულწრფელ პატივისცემას.
  6. შემოქმედებითი ნიჭი – ყველა კარგი ლიდერისთვის სიახლეს არ წარმოადგენს პრობლემური საკითხებისთვის გამოსავლის მოძიება, რომლის წარმატებით გადაწყვეტა მათ ლოგიკასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული და ხშირად ჩარჩოებს მიღმა აზროვნებას მოითხოვს. ამიტომ აქცევენ დამსაქმებლები განსაკუთრებულ ყურადღებას კადრის უნარს, გადაჭრას პრობლემები არასტანდარტული მეთოდებით, რომელიც არაერთ შემთხვევაში შეიძლება მეტად ეფექტიანი აღმოჩნდეს.
  7. პასუხისმგებლობის თავზე აღება – ლიდერი თანაბრად აგებს პასუხს როგორც გუნდის წარმატებებზე, ასევე დაშვებულ შეცდომებზე. ამიტომ ყველა მათგანი მზად უნდა იყოს სხვისთვის გადაბრალების გარეშე მოაგვაროს პრობლემები, თუ არ სურთ კოლეგების პატივისცემის დაკარგვა.
  8. დაპირებების შესრულების უნარი – ყველა ადამიანს გარკვეული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, ამიტომ ამა თუ იმ პასუხისმგებლობის თავზე აღებისას, ზეგანაკვეთური მუშაობისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რაც სამაგალითო ქცევაა დაქვემდებარებულთათვისაც. იგივე დამოკიდებულება მოქმედებს კადრების წინაშე არსებული ვალდებულებებისას. (მაგ. გარკვეული ღონისძიების მოწყობის პირობა), ლიდერი, რომელსაც პირობის შესრულება არ შეუძლია, იგივეს არ უნდა ელოდოს კოლეგებისგან.
  9. მოხერხებულობა – გეგმიდან გადახვევის საჭიროება ნებისმიერი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ყველა ლიდერს უნდა შეეძლოს ტკივილის გარეშე ცვლილებების მიღება და მათზე სათანადოდ რეაგირება. ამასთან, მათგან ელიან რეკომენდაციების და ნებისმიერი უკუკავშირის მშვიდად მოსმენასაც.

1

 

 

 

 

წყარო

კომენტარები

comments