თბილღვინო

თარიღი June 28, 2011
კატეგორია: სარეკლამო სტატიები | Comments Off on თბილღვინო

დაარსებიდან დღემდე…

დაარსდა 1962 წლის მაისში. რიგით მესამე და ყველზე დიდი ღვინის ქარხანა საქართველოში იმ დროისთვის უახლესი ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ “თბილღვინო” გაიყო რამდენიმე სხვადასხვა კომპანიად. დღეს ეს რთული პერიოდი წარსულს ჩაბარდა, მდგომარეობა საქართველოში შეიცვალა და მთავრობის ხელშეწყობით ს.ს “თბილღვინომ” უწინდელი ბრწყინვალება დაიბრუნა.

რაც შეეხება სახელს, “თბილღვინო” კომპანიას პირველად 1974 წლის სექტემბერში ეწოდა. 1996 წელს კი ქარხანა ზურაბ და გიორგი მარგველაშვილებმა ჩაიბარეს, რის შემდეგაც მოხდა კომპანიის რეკონსტრუქცია.

დაარსების დღიდან მოყოლებული კომპანია მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული სხვადასხვა დიპლომებითა და მედლებით ღვინის მსოფლიო კონკურსებზე. 2009 წელი კი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა და ნომერ პირველ ღვინის ექსპორტიორ კომპანიად დასახელდა.

2009 წელს კომპანიამ ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემა) და ISO 22000 (საკვების უვნებლობის მართვის სისტემა) სერტიფიკატები მიიღო. კომპანიის სასერტიფიკატო აუდიტი მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა აუდიტორულმა და მაინსპექტირებელმა კომპანია SGS-Societe Generale de Surveillance-მა ჩაატარა. მასერტიფიცირებელი ორგანო UKAS – The United Kingdom Accreditation Service, ასევე მსოფლიოში აღიარებული და გავლენიანი საერთაშორისო სტანდარტების მაკრედიტებელი ორგანო გახლდათ.

ლევან რუხაია, ადგილობრივი გაყიდვების მენეჯერი: “აღნიშნული სერტიფიკატების მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, რადგან ეს წარმოების ყველა საფეხურზე ხარისხის კონტროლის, საფრთხეების გამოვლენისა და მათი შეფასების ბერკეტების ამოქმედების საშუალებას იძლევა, რაც საბოლოო ჯამში, უვნებელი საკვები პროდუქტის წარმოებას ნიშნავს”.

საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით, აღნიშნული სისტემები “თბილღვინოს” სხვა აღიარებული და ცნობილი კომპანიების გვერდით იმ სისტემის კონტროლის ქვეშ აქცევს, რომელიც მართვის დარგში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურადაა მიჩნეული.

“თბილღვინომ” 2009 წელს ოთხ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან საერთაშორისო კონკურსებში მიიღო მონაწილეობა. ესენია: International Wine and Spirit Competition, Decanter, Concours Mondial de Bruxelles და The Berlin Wine Trophy.

ლევან რუხაია: “2009 წელს ჩვენმა კომპანიამ 14 ჯილდო მიიღო, მიღებულ ჯილდოებს შორის 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალია. სულ 27 ჯილდო გვაქვს მიღებული. ღვინის მსოფლიო კონკურსზე მონაწილეობას იღებს ქვეყნის ყველა წამყვანი კომპანია. ეს ქვეყნის პრესტიჟიცაა და საკუთარი თავის აღიარებაც. გამარჯვება კი მეტად მნიშვნელოვანია.”

“თბილღვინოს” წარმოებაშია 15 დასახელების ღვინო. ყურძენი კომპანიაში 3 რეგიონიდან, კახეთიდან, რაჭიდან და ლეჩხუმიდან ჩამოდის. ვენახები წინასწარ შერჩეულია, ხოლო კონტრაქტები გაფორმებული. რაჭაში, ამბროლაუირის რაიონში და შილდაში კომპანიას მინი ქარხნები იჯარით აქვს აღბული. იქიდან ჩამოსული ღვინო-მასალის ფერმენტაცია, დაღვინება და ჩამოსხმა კი თბილისში, სარაჯიშვილის 2-ში მდებარე ქარხანაში ხდება. აღსანიშნავია, რომ ს.ს “თბილღვინო” აერთიანებს ქარხანას, მარანს, საწყობს და კომპანიის ოფისს.

ლევან რუხაია: “უმაღლესი ხარისხის ღვინო გვაქვს. მოწმდება არა მარტო ლაბორატორიულად, არამედ გვყავს მაღალკვალიფიცირებული მეღვინეები და ტექნოლოგები, რომელთაც ყველანაირი ექსპერტიზის გარეშე შეუძლიათ დაადგინონ, რა სჭირს ღვინოს”.

ყურძენი საფერავი, რომლისგანაც მზადდება იმავე დასახელების ღვინო, მოიპოვება გურჯაანის რაიონში, ხოლო ადგილწარმოშობის ღვინოები – მიკროზონებში: მუკუზანში (გურჯაანის რაიონი), წინანდალში (თელავის რაიონი), ნაფარეულში (თელავი) და სხვაგან. რაც შეეხება ხვანჭკარას, ეს ამბროლაურის რაიონის მიკროზონაა. თავად სოფელი ხვანჭკარა პატარაა, მაგრამ მეწარმეებმა გაადიდეს და გააფართოვეს ის. იქ ყველგან ხარობს ალექსანდროული და მუჯურეთული, ამიტომ იმისთვის, რომ ღვინისთვისაც “ხვანჭკარა” ეწოდებიდათ, მიწასაც სახელი გადაარქვეს და ნახევარ რაჭას ხვანჭკარა უწოდეს.

ლევან რუხაია: “ჩვენ გვაქვს ხუთი ორდინარული ანუ სუფრის ღვინო, 7 ადგილწარმოშობის ღვინო და ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: რქაწითელი, საფერავი, ოჯალეში… ღვინის დასახელება მეტყველებს, რა ყურძნისგანაა დამზადებული ის. ეს არ არის ადგილწარმოშობის ღვინოები, მაგრამ მათ სუფრის ღვინოებს ვუწოდებთ, რადგან ისინი უმაღლესი ხარისხისაა.გვაქვს, აგრეთვე, ფიროსმანი, რომელიც სუფრის ღვინოდ ითვლება.”

“თბილღვინოს” აქვს განსაკუთრებული მარაგის ღვინოებიც, რომლებიც ფრანგული მუხის კასრებშია დავარგებული: 9 თვიანი დაძველების “წინანდალი”, 12 თვიანი დაძველების “საფერავი” და 20 თვიანი დაძველების “მუკუზანი”.

“თბილღვინომ” 2009 წელს ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელა, მათ შორის, კომპანიისთვის სრულიად ახალი ბაზრები იყო: უზბეკეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ირლანდია.

ლევან შოთაშვილი, ექსპორტ-მენეჯერი: “2009 წელს კომპანიამ მოახდნია 1,3 მლნ (1.251.266) ბოთლის რეალიზაცია. 90% გაიყიდა ექსპორტიორ ქვეყნებში, 10% კი საქართველოში. მოლაპარაკებები გვქონდა ფინეთთან და ჩინეთთან ექსპორტის გაზრდის თაობაზე და წარმატებას მივაღწიეთ”.

“თბილღვინოს” პროდუქციის ყველზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებია: ყაზახეთი, ლიტვა, უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი, პოლონეთი.

ბექა ხერგიანი, ექსპორტ-მენეჯერი: “ექსპორტზე არც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უმოქმედია, რადგან ის ახალმა ბაზრებმა დააბალანსეს. ბოლო წლებს თუ შევადარებთ, 2009 წელი ყველაზე აქტიური წელი იყო, რა თქმა უნდა, თუ რუსეთის ბაზარს არ ჩავთვლით”.

საქართველოში “თბილღვინო” გაყიდვებით პირველ სამეულშია “თელავის ღვინის მარნისა” და “თელიანი ველის” კომპანიებთან ერთად. აქ მიიჩნევენ რომ ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის საჭიროა, რათა არ მოდუნდე და მეტის გაკეთებას ცდილობდე. “თბილღვინოს” პროდუქცია თბილისის რესტორნების, დაახლოებით, 99%-ში არის წარმოდგენილი. მაღალი დონის რესტორნებში ღვინო არამარტო დალევის საგანია, არამედ პრეზენტაციის სახე. ამგვარ რესტორნებში ჰყავთ პროფესიონალი დეგუსტატორები და კვალიფიცირებული, ნასწავლი ხალხი, რომლებმაც იციან ღვინის შეთავაზება.

მიწოდება არის ყველა რეგიონში: მარკეტებში, რესტორნებში, სასტუმროებში. აჭარაში სეზონურად მეტი იყიდება. 2010 წელს კომპანია გაყიდვების 10-20% გაზრდის პერსპექტივას ხედავს.

ლევან რუხაია, ადგილობრივი გაყიდვების მენეჯერი: “ღვინის ჩამოსხმა გაყიდვების მიხედვითაა. როცა საჭიროა, დღეში 13000-17000 ბოთლის ჩამოსხმა ხდება. კომპანიის მოგებიდან 30% მარკეტინგში ბრუნდება. პირველ რიგში კეთდება რეკლამები, გვყავს პრომოუტერები, დეგუსტაციები გვაქვს სუპერმარკეტებში, რესტორნებში, ზოგგან აქციებს სისტემატური სახე აქვთ მიღებული, მაგალითად, გუდვილში. ჩვენ გვყავს მუდმივი მომხმარებელი, მაგრამ გავდივართ ახალ მომხმარებელზეც. შემოვიღეთ მინიბოთლებიც. თუ სტანდარტული ბოთლი არის 0.750 გრამიანი, მინი ბოთლი 0.375 გრამიანია და განკუთვნილია ისეთი მომხმარებლისთვის, რომელსაც სურს უბრალოდ საჩუქრად, სუვენირად ან სახლში დასაგემოვნებლად ღვინის შეძენა. პერმანენტულად გვაქვს ფასდაკლებები, რომელთაც კომპანია კონკრეტული სუპერმარკეტებისა და რესტორნებისთვის აკეთებს. ხშირია აქციები, საჩუქრები… სადისტრიბუციო სამსახური და მიწოდების დონე მაღალი გვაქვს და მსურველს ღვინოს სახლშიც მივაწვდით. მომავალში იგეგმება ღვინის 1.5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმაც.

პირველ რიგში “თბილღვინო”, აქცენტს ხარისხზე აკეთებს. ჩვენ გვყავს გამოცდილი მეღვინეები, დეგუსტატორები, რომელთაც მუდმივად ვატრენინგებთ, ვამთავრებინებთ შესაბამის კურსებს და მუდმივად ვზრუნავთ მათ პროფესიულ ზრდაზე. გვაქვს თანამედროვე, განახლებული ლაბორატორია, გარდა ამისა, ჩვენი ღვინის დეგუსტაცია და შემოწმება შპს. “ღვინის ლაბორატორიაშიც” ტარდება. ბოთლის ვიზუალიც გამორჩეულია სხვა კომპანიებისგან. ამგვარ ბოთლებში ჩვენ მშრალი ღვინოები ჩამოვასხით. ეს ეფექტურია და ბევრი მყიდველის მოწონებას იმსახურებს. ჩვენთან ყოველთვიურად კეთდება ანალიზი, რის შედეგადაც ხდება სისუსტეების გამოვლენა და, შესაბამისად, სხვადასხვა გზებითა და ხერხებით მათი შესწორება.

ხარისხის მკაცრი კონტროლი და ჯეროვნად გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება, ტრადიციების აღიარება და ახალი ტექნოლოგიების ძიება – სწორედ ეს გახლავთ იმ გამოცდილების მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ წლების მანძილზე ვაგროვებთ… და სწორედ ასე იქმნება ჩვენი ღვინოები, რომლებშიც ჩვენ მთელ სულს ვაქსოვთ.”

კომენტარები

comments