კომუნიკაციის 10 ყველაზე დიდი შეცდომა

თარიღი February 11, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on კომუნიკაციის 10 ყველაზე დიდი შეცდომა

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ლიდერობის დამადასტურებელი მესიჯების სწორად გადაცემას? ძალიან დიდი, რადგან ის განსაზღვრავს თქვენს წარმატებასა თუ მარცხს ხელმძღვანელის პოზიციაზე. 4000 პროფესიონალისა და 268 აღმასრულებელი დირექტორის  გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელია ლიდერული უნარ–ჩვევების გამოვლენა.  „მმართველის“  წოდებისათვის საჭიროა გქონდეთ გარკვეული შარმი, შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი და მოწესრიგებული ვიზუალი.

აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა მათი ქონა ლიდერობის გარანტია არაა. როგორ შეიძლება პრობლემების თავიდან აცილება? ქვემოთ მოცემულია კომუნიკაციის 10 ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც თქვენი განვითარების ტემპების შენელება შეუძლია.

1.    რასისტული კომენტარები

აღმასრულებელ დირექტორთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მათი 72% სწორედ რასისტულ გამონათქვამებს მიიჩნევს მამაკაცების ყველაზე დიდ შეცდომად. ქალბატონების შემთხვევაში კი ამ რიცხვმა 70% შეადგინა. აღნიშნული მოქმედება სამართლიანად ითვლება ყველაზე დიდ შეცდომად, რადგან გარდა ტკივილის მარტივად  მიყენებისა, მას  მთქმელის დაბალი ემოციური ინტელექტი და ანალიზის უნარის ნაკლებობა შეუძლია გამოხატოს.

2.    არაადეკვატური ხომრობები

კომუნიკაციის მეორე ყველაზე დიდი შეცდომა პირველის მსგავსია. შეუსაბამო ხუმრობები ადამიანებს ნაკლებად კომფორტულად აგრძნობინებს თავს, რაც ხელს შეგიშლით აუდიტორიისა და გარემოს სწორად შეფასებაში. ლიდერთა 61%–ის თქმით, სხვებისათვის სასიამოვნო განწყობის შექმნას, სწორი მეტყველების მანერის, ინტონაციისა და შინაარსის შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს წამყვან პოზიციებზე მყოფთათვის.

3.    ტირილი

„სამუშაო ცრემლები“ არ გამოხატავს ლიდერობის პოტენციალს, განსაკუთრებით მამაკაცების შემთხვევაში. აღნიშნულ საკითხს გამოკითხულთა 59% ქალბატონების, 63% კი მამაკაცების უდიდეს შეცდომად მიიჩნევს. როგორც ერთ–ერთმა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა მკვლევარებს,  „უნდა შეგეძლოთ საკუთარი ემოციების კონტროლი“.

4.    ინტელექტის სიმცირე

ლიდერისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტელექტუალური შესაძლებლობები. გაუნათლებლის შთაბეჭდილების დატოვებისთანავე, თქვენით აღფრთოვანების შანსი მინიმუმამდე ეცემა. ერთ–ერთი ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მოუწია ისეთ ლიდერთან ურთიერთობა, რომელიც „ერთი შეხედვით კომპეტენტური ჩანდა, თუმცა პირის გაღებისთანავე მასხარას დაემსგავსა“.

5.    ბილწსიტყვაობა

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემა არაპროფესიონალიზმის გამოხატულებაა და ლიდერისათვის შეუფერებელ ქცევად ითვლება, თითქმის თანაბრად აღინიშნება ორივე სქესის წარმომადგენელთა შემთხვევაში. საინტერესოა ისიც, რომ ბილწსიტყვაობა საკმაოდ ხშირად ფიქსირდება ინტერნეტით ურთიერთობის დროსაც, განსაკუთრებით კოლეგებთან და არასამუშაო სიტუაციის ფოტოებთან მიმართებაში.

6.    ფლირტი

ამ თემასთან დაკავშირებით აზრი იყოფა.  ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფლირტი სამსახურში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალებას იძლევა. აღმასრულებელთა თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედება თქვენს რეპუტაციაზე ცუდად აისახება, მიუხედავად იმისა, ქალბატონი ბრძანდებით თუ მამაკაცი. ორ ინდივიდს შორის სექსუალურ ლტოლვას ადვილად შეუძლია მცდარ გზაზე დაყენება.

7.    მოუსვენრობა

აღნიშნული ქმედება ლიდერისათვის შეუფერებელი საქციელია და გარშემომყოფთა გაღიზიანებას იწვევს. შეხვედრის დროს ტანსაცმლის ან  ტელეფონის წვალებით მხოლოდ უყურადღებობის შთაბეჭდილებას ტოვებთ.

8.    თვალით კონტაქტისაგან თავის არიდება

ექსპერტთა შეფასებით, თვალით კონტაქტის დაკარგვა ტყუილისა და რაღაცის დამალვის შესახებ იძლევა მესიჯს. შეხვედრის დროს ის გონების გაფანტვას აღნიშნავს. ამის საწინააღმდეგოდ, ადამიანებისათვის თვალებში ყურება დაინტერესების მანიშნებელია.

9.    ბევრი ლაპარაკი

თუ სათქმელის მოკლედ გადმოცემა არ შეგიძლიათ, მაშინ ვერც კონტროლს შეინარჩუნებთ. ეს კი შეამცირებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების აქუალურობასაც. ეცადეთ დააფასოთ სიჩუმის ძალა.

10. ზედმეტი სიცილი და ხმამაღალი საუბარი

ლიდერები აღნიშნავენ, რომ ქალებისათვის – ზედმეტი სიცილი, მამაკაცებისათვის კი ხმამაღალი საუბარი  კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა. შესაფერისი  ტონი და ზომიერი სიცილი ავტორიტეტის მოპოვების ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორია. მკვლევარების ინფორმაციით, მწვავე საუბარი მხოლოდ ზედმეტი ემოციურობის მაჩვენებელია და გარშემომყოფთა გაღიზიანებას იწვევს.

წყარო: http://www.forbes.com/sites/jennagoudreau/2012/11/16/the-10-worst-communication-mistakes-for-your-career/

კომენტარები

comments