საკუთარი ბიზნესის ფლობის უპირატესობები და ნაკლოვანებები
თარიღი June 28, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on საკუთარი ბიზნესის ფლობის უპირატესობები და ნაკლოვანებები
თანამედროვე, არაპროგნოზირებად ბიზნეს გარემოში, წარმოების მართვა ყველაზე აზარტული თამაშია, რომლის თანმდევ რისკებს ცხოვრების სტილის თავდაყირა დაყენება შეუძლია. ამის მიუხედავად, ბიზნესის მიღწევების და გამოწვევების გაანალიზება, ყველაზე კარგი საზომია საკუთარი ნაბიჯების სისწორის შესაფასებლად. INC.com–ის მიერ ჩატარებული არაოფიციალური გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 500–მდე მცირე კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა საკუთარი კომპანიის მართვის რამდენიმე წამყვანი მოტივი:
- დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი – ბიზნესმენთა დიდი ნაწილი ყველაზე დიდ უპირატესობად მოვლენების სრულ კონტროლს მიიჩნევს, რაც გადაწყვეტილებების მიღებისას სრულ დამოუკიდებლობას გულისხმობს. ამ დროს მთლიანად ხელმძღვანელის განკარგულებაშია თითოეული წვრილმანი დეტალიც კი. რა თქმა უნდა, ეს სირთულეებთანაცაა დაკავშირებული და დელეგირების განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს, თუმცა მეწარმეებს ხიბლავთ კომპანიის, ყოველდღიური აქტივობების და ბრენდის ჩამოყალიბების პროცესების კონტროლი. ისევე, როგორც საკუთარი პროდუქტების საზოგადოებისთვის გაცნობა, სხვების დახმარება და დასაქმების შესაძლებლობა.
- შედარებით ადვილად მისაღწევია სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი – მეწარმეებს ეძლევათ პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა. ისინი თავად ირჩევენ რა ფორმით, რა ხანგრძლივობით და ვისთან ერთად იმუშაონ. დაქირავებულებს კი იშვიათად აქვთ გარემოსთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების საშუალება. მაგ. კოლეგებით უკმაყოფილო თანამშრომლებს რეზიუმეების დაგზავნის რეკომენდაციას აძლევენ განსხვავებით ხელმძღვანელებისგან, რომელთაც შეუძლიათ სასურველი კოლეგები, ოჯახის წევრები ან ძველი მეგობრები შემოიკრიბონ და მაქსიმალური კომფორტი შეიქმნან მათ გვერდით მუშაობით. ამასთან, რაც უფრო მცირეა კომპანია, მით მეტი თავისუფლება აქვს მეწარმეს გაიმრავალფეროვნოს ყოველდღიური რუტინული გრაფიკი.
- პირადი მიზნების მიღწევისთვის ბრძოლა – დაქირავებულის სტატუსი, ძირითად შემთხვევაში, დამსაქმებლის მიზნების მისაღწევად ბრძოლას გულისხმობს, საკუთარი ბიზნესის მართვისას კი თითოეული წუთი საკუთარ საწარმოს და საყვარელ საქმეს ეკუთვნის, რაც დიდი წარმატების მიღწევის უმთავრესი ფაქტორია. მართალია, ხშირად უდიდესია რისკიც, თუმცა მით მეტია დაფასება წარმატების მიღწევისას. სწორედ ეს „თამაში“ და საკუთარი ფინანსების განკარგვის თავისუფლება ანიჭებს დიდ სიამოვნებას მეწარმეებს. გარდა ამისა, ისევე, როგორც ყველა დიდ თამაშში, მეტი ვარჯიში უკეთეს შედეგს განაპირობებს, ამარტივებს ყურადსაღები და უგულებელსაყოფი შესაძლებლობების განსხვავების, ახალი მომსახურებების დანერგვის და სწორი სტრატეგიის შერჩევის პროცესს. განსაკუთრებული სიამოვნების მომგვრელია წლობით ერთ პროექტზე მუშაობა სასურველ გუნდთან ერთად და შემდეგ ათასობით კმაყოფილი მომხმარებლის კომენტარების მოსმენა. ნებისმიერი საქმიანობისთვის წარმატების უპირობო კომპონენტია მოტივაცია, რაც საკუთარი ბიზნესის წარმოებისას ყველაზე მაღალ დონეზეა. საქმე კი, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს შემსრულებელს და ყოველ დღე სამსახურში მისვლის სტიმულს აძლევს, უმეტესწილად დიდი გამარჯვებით სრულდება.
- უსაფრთხოებადა სისწრაფე – დასაქმებულთა უმეტესობა ყოველდღიურად განიცდის სამსახურის დაკარგვის შიშს, რაც გამორიცხულია საკუთარი ბიზნესის მართვისას. მითითებებისა და სამოქმედო გეგმის მომზადების ლოდინის ნაცვლად, მეწარმე თავად იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. მსგავს ოპერატიულობას მოკლებულია მსხვილი ბიზნესის თუნდაც უმაღლესი რგოლის მენეჯმენტი.
- ფასდაუდებელი გამოცდილება – დაქირავებულის სტატუსით მუშაობის კიდევ ერთი ნაკლი გამოცდილების სწორხაზოვნად მიღებაა, განსხვავებით ბიზნესის ფლობისგან, რომელიც ყველა შესაძლო მიმართულებით განვითარებას გულისხმობს.
- მომხმარებლების შერჩევის შესაძლებლობა ცოტა რამ თუ ახარებთ მეწარმეებს სასურველ მომხმარებლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობაზე მეტად. ფარდას ამოფარების და სტანდარტული მისალმების ნაცვლად, ისინი შანსს არ უშვებენ მისაღებ კლიენტებთან შეხვედრისას და პირიქით.
მართალია, საკუთარი საწარმოს მართვას ბევრი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით ნაკლოვანებებსაც:
- რისკი – ის, რასაც ადამიანთა უდიდესი ნაწილი უფრთხის და რის გამოც უარს ამბობენ საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე, თუმცა შიში სამართლიანია. ბიზნესის წარუმატებლად წარმართვა ხომ ხშირად მთელი კაპიტალის დაკარგვას გულისხმობს?!
- დროის და რესურსების დანახარჯი – მანამ, სანამ ბიზნესი მომგებიანი გახდება, უამრავი წვრილმანი თუ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაა საჭირო, რომელთა დიდი ნაწილი ფინანსებს საჭიროებს. მათ შორის: საწარმოო სივრცე, პროდუქტების განსაზღვრა, თანამშრომლები, მარკეტინგული აქტივობები და საჭიროების შემთხვევაში, ამა თუ იმ პროდუქტის წარმოების ნებართვა. ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ რთულია ბიზნესის დაწყება წინასწარ განსაზღვრული და დაგეგმილი ბიუჯეტის გარეშე.
- არაპროგნოზირებადობა – წარმოუდგენელია ბიზნესის მოქმედების სამომავლო ტემპების სრულყოფილად განსაზღვრა, რაც განაპირობებს კიდეც მის მაღალრისკიანობას. მმართველის შემოსავალიც მთლიანად ბიზნესის წარმატებულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული.
- მუდმივად ზეგანაკვეთური სამუშაო გრაფიკი – დასაქმებულთაგან განსხვავებით, ხელმძღვანელებს ნაკლებად აქვთ მკაცრად განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი. მათ გამუდმებით საკუთარ ბიზნესზე უწევთ ფიქრი, რაც, ძირითადად, მნიშვნელოვნად სცდება 8–საათიან სამუშაო გრაფიკს.
სიამაყის განცდა საკუთარი შემოქმედების და კმაყოფილი მომხმარებლების ყურებისას – ესაა ყველაზე დიდი განსხვავება მეწარმისა და დაქირავებულის სტატუსს შორის.