რჩევები ახალგაზრდა ლიდერებს

თარიღი August 21, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რჩევები ახალგაზრდა ლიდერებს

ადამიანთა უმრავლესობა ნაკლებად მოიაზრება ხელმძღვანელის პოზიციაზე კარიერის დასაწყისშივე. ამის მიზეზი მათდამი ნდობის დაბალი დონე და გამოცდილების ნაკლებობაა, თუმცა სწორი მიდგომით, დაკვირვებითა და სწავლის სურვილით, ახალგაზრდა ლიდერსაც შეუძლია შესაფერისად გაუძღვეს გუნდს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დამწყები ლიდერებისთვის:

   1. მოემზადეთ ლიდერობისთვის – გაწევრიანდით არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც შეძლებთ ახალი ლიდერული უნარ–ჩვევების გამომუშავებას ან განვითარებას. მსგავსი გაერთიანებები შესანიშნავი საშუალებაა ყველა საფეხურზე გამოცდილების მისაღებად, იქნება ეს დირექტორატი, პროექტების ხელმძღვანელობა თუ რიგითი ღონისძიებების დაგეგმვა. ამის გაკეთებას სპეციალისტები განსაკუთრებით სტუდენტებს ურჩევენ, რადგან უფრო საპასუხისმგებლო პოზიციების დაკავების შემდეგ, გაცილებით მარტივად შეძლებენ რთულ სიტუაციებთან გამკლავებას.

2. განვითარდით  – მიუხედავად იმისა, რომ კარგი ლიდერობის სწავლის უმთავრესი წყარო პრაქტიკული გამოცდილება და პირადი დაკვირვებაა, შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა და პროფესიული განვითარების კურსების გავლა არაფერს დაგაკლებთ. თანამედროვე ტექნოლოგიები აუარება მოცულობის მასალასთან წვდომის საშუალებას ხშირად საკმაოდ მისაღებ ფასად ან სრულიად უფასოდ იძლევა.

3. გაეცანით ორგანიზაციის კულტურას – მოუსმინეთ და დააკვირდით ახალ თანამშრომლებთან დამოკიდებულებას, რას ელიან მათგან. თუ დარწმუნებული არ ხართ, იკითხეთ. სრულიად ლოგიკურია იმის გაგება, რა იმედებს ამყარებენ თქვენზე. დააკვირდით ხელმძღვანელის ქცევასაც, რამდენად უშუალო ან ოფიციალურია, დეტალებს აქცევს ყურადღებას თუ დღის შემაჯამებელი საერთო ანგარიშით კმაყოფილდება, საჭიროებს თუ არა პერიოდულ უკუკავშირს და ა.შ. გაიცანით გუნდის წევრები, მათი ფუნქცია–მოვალეობები, პროფესიული მიზნები და ბიზნეს აზროვნება.

4. შეინარჩუნეთ მოსწავლის სტატუსი – ყოველთვის დაინტერესდით ახალი ინფორმაციით და ღრუბელივით აითვისეთ. ნუ შეაფასებთ სიტუაციას ძალიან სწრაფად, რადგან შესაძლოა არასწორი დასკვნები გამოიტანოთ. ეს საკმაოდ რთულია საწყის ეტაპზე და ალბათ თავიდან გადაიტვირთებით კიდეც, თუმცა ეცადეთ მაქსიმალური გააკეთოთ. ნურც რჩევის კითხვას მოერიდებით.

5. აღმოაჩინეთ სიახლეების საჭიროების მქონე მიმართულებები – მაგ. ახალგაზრდები გაცილებით მარტივად ართმევენ თავს სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ მოვალეობებს. უფრო მეტიც, ისინი ხშირად ახალი იდეების გენერატორები ხდებიან კომპანიებში არსებული, დიდი ხნის წინ დაწესებული ნორმატივების შეცვლასთან დაკავშირებით.

6. შესთავაზეთ დახმარება – თუ სამსახურს მუდმივად დახმარების მზადყოფნის პრინციპით დაიწყებთ, ეს დიდი ალბათობით ლიდერის პოზიციის რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად დაკავებაშიც დაგეხმარებათ. ეცადეთ გამოძებნოთ დახმარების მეთოდები მაშინაც კი, როდესაც ამას არ გთხოვენ. საკუთარი ნებით გამოხატეთ ლიდერული უნარ–ჩვევები მანამ, სანამ ოფიციალურად დაიკავებთ შესაბამის პოზიციას. უამრავი შესაძლებლობა არსებობს შეხვედრების ორგანიზებისას, როდესაც სპეციფიკური პროექტების ან მათი გარკვეული მიმართულების მართვის საჭიროება დგას. გაიმართეთ წელში და შეეჭიდეთ მას. თუ ჩიხში აღმოჩნდით ან გამოცდილება არ გყოფნით, ითხოვეთ პარტნიორი, რათა მარტივად შეძლოთ შესაბამისი გამოცდილების მიღება.

7. ნუ უგულებელყოფთ მოთხოვნებს – ხშირად ახალგაზრდები იმდენად ებმებიან გარეშე ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ, რომ მთავარი მოთხოვნები ავიწყდებათ. პატივი ეცით ვადებს და ეცადეთ, რაც შეიძლება დროულად დაასრულოთ. ნუ მოითხოვთ გამონაკლისებს, თავად იპოვეთ გამოსავალი. გახსოვდეთ ისიც, რომ თქვენი პირველი ნამუშევარი შესაძლოა სულაც არ ბრწყინავდეს, თუმცა მინიმუმ კარგად შესრულებული მაინც უნდა იყოს. მარტივი დავალებების უხარისხოდ წარმოჩენის შემთხვევაში, გაცილებით კომპლექსურ ვალდებულებებს არავინ განდობთ. ყურადღებით მოეკიდეთ ოფისის წესდებას და დაუწერელ კანონებს. გამოცხადდით დროულად და დღის ბოლოსაც ნუ დატოვებთ ოფისს პირველი.

8. ეკონტაქტეთ კოლეგებს – ეცადეთ დაუთმოთ დრო თანამშრომლების არა მხოლოდ კოლეგების სტატუსით, არამედ რიგითი ადამიანების ამპლუაში გაცნობას. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, ამიტომ ნუ იჩქარებთ.

9. შეაქეთ – ეცადეთ საქმე დროულად და დამოუკიდებლად დაასრულოთ, თუმცა ნუ დაივიწყებთ წვლილის დაფასებას მათთვის, ვინც თქვენი მიზნის მიღწევაში მიიღო მონაწილეობა.

10. დაუახლოვდით ხელმძღვანელებს – მომგებიანი ურთიერთობა აღმასრულებელ მენეჯერებთან და კოლეგებთან გაცილებით გაზრდის თქვენი დაწინაურების შანსებს.

წყარო

კომენტარები

comments