გადააქციეთ მოსაწყენი საქმიანობა სასიამოვნო პროცესად

თარიღი January 31, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on გადააქციეთ მოსაწყენი საქმიანობა სასიამოვნო პროცესად

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს სამსახურში, არსებობს მომენტები, როდესაც მუშაობის სურვილი იკარგება. ეს შეიძლება გაგრძელდეს დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში. რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? რა თქმა უნდა უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ მისი დატოვება და ახალი სამსახურის მოძებნა, თუმცა რამდენად მიზანშეწონილია ამის გაკეთება დღევანდელ შრომის ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში? თვითდასაქმება კიდევ ერთი გამოსავალია, თუმცა მასაც გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები.

თუ ახალი სამსახურის მოძიებას დარჩენა ამჯობინეთ, არსებობს 10 ნაბიჯი მუშაობის სასიამოვნო პროცესად გარდაქმნისათვის:

  1. გადახედეთ მოვალეობათა ნუსხას – დაელაპარაკეთ ბოსს განაახლოს თქვენზე დაკისრებული ვალდებულებების სია მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც. მნიშვნელობა არ აქვს დამატებით საათებს მუშაობდით თუ არც ისე დატვირთული იყავით, ხელმძღვანელობა გაგებით მოეკიდება თქვენს გადაწყვეტილებას. ეს ხომ ისევ და ისევ თქვენი პროდუქტიულობის ხარისხის გაზრდას ემსახურება. უმთავრესი მიზანია მიღებული      გადაწყვეტილებები მომგებიანი იყოს როგორც თქვენთვის, ისე უფროსისა და მთლიანად ორგანიზაციისათვის.
  2. იკონტაქტეთ განსხვავებულ ადამიანებთან  მაშინაც კი, თუ ეს არცთუ ისე დიდ სიამოვნებას განიჭებთ. კოლეგებთან ურთიერთობა განაახლებს თქვენს დამოკიდებულებას და ხედვას. სამომავლო  პროექტების დაგეგმვისას ეცადეთ მოხვდეთ ისეთ ადამიანთა ჯგუფში, რომლებთანაც მანამდე არ გითანამშრომლიათ, თუნდაც არ იცნობდეთ მათ. შედარებით არაფორმალურ სიტუაციაში იგივე ადამიანებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვეთ და მათი კრიტიკაც მოისმინეთ.
  3. გამოიყენეთ სინერგიის (ერთიანობის) ეფექტი – თუ უკვე იცით, მუშაობის პროცესში რომელ საზოგადოებაში გრძნობთ თავს განსაკუთრებით კომფორტულად, ეცადეთ გამონახოთ მეტი შესაძლებლობა მათთან ურთიერთობისათვის.  სამსახურში ამაში დაგეხმარებათ პრეზენტაციისათვის მომზადება კოლექტივთან ერთად, გარეთ კი ასეთი ადამიანები შეიძლება იყვნენ კეთილგანწყობილი  მომწოდებლები  და მომხმარებლები. ითამაშეთ აქტიური როლი ამ ურთიერთობის აგებისას და მათი განვითარებისას.
  4. შეიცვალეთ  გუნდი –არსებულ პოზიციაზე შეუძლებელია ცვლილებების განხორციელება? იზრუნეთ განყოფილების შეცვლაზე.  გაიგეთ უფროსის პოზიცია თქვენი სხვა ბიზნეს განყოფილებაში გადასვლასთან დაკავშირებით. იფიქრეთ იმაზე, რამდენად მომგებიანი იქნება აღნიშნული ნაბიჯი ძველ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებასთან შედარებით. ჩაატარეთ მცირე კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომელი ქვედანაყოფი და გუნდი შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და სად უფრო მეტად იქნება თქვენი შრომა დაფასებული.
  5. იპოვეთ მესაიდუმლე – მიუხედავად იმისა, არსებულ გუნდში დარჩებით თუ შეიცვლით მას, არსებობს მომენტები, როდესაც გარკვეულ საკითხებზე კონსულტაცია გჭირდებათ. მართალია უფროსი არის ადამიანი, ვისთანაც არაერთ თემაზე შეგიძლიათ საუბარი, თუმცა ახლა ის არ იგულისხმება. „მესაიდუმლე“ შეიძლება იყოს კოლეგა არსებული ან შეცვლილი განყოფილებიდან. მთავარია ფრთხილად შეარჩიოთ ადამიანი, ვისაც ენდობით და შეგიძლიათ კონფიდენციალური დისკუსიები გამართოთ მასთან.
  6. ნაყოფიერად გამოიყენეთ თავისუფალი დრო – ბევრი ჩვენგანი სამუშაო მაგიდიდან მოშორების შემდეგ დროს უმიზნოდ ხარჯავს. გამოიყენეთ ის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისათვის და დიდი ყურადღება მიაქციეთ სრულფასოვან ძილსაც. შეადგინეთ იმ აქტივობების გეგმა, რომელიც გამხნევებთ და ენერგიას გმატებთ.
  7. ნუ იტყვით უარს დიეტასა და ვარჯიშზე – ხშირად მკაცრი დიეტა ადამიანის გაღიზიანებისა და შენელებული მოქმედებების მიზეზი ხდება. ეს კი ამძაფრებს დატვირთული სამუშაო გრაფიკით გამოწვეულ უარყოფით ემოციებს და სტრესის მიზეზი ხდება. კარგად კვება და რეგულარული ვარჯიში ენერგიის მომატების და განწყობის გაუმჯობესების წყაროა. შესაძლოა გაკვირვებულიც კი აღმოჩნდეთ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ამ მოქმედებებს სამუშაოსადმი თქვენს პოზიტიურ დამოკიდებულებაზე.
  8. სწორად შეარჩიეთ სამუშაო განაკვეთი – თუკი არსებული დატვირთვის პირობებში ვერ ახერხებთ სასურველი აქტივობების განხორციელებას და ეს თქვენს უკმაყოფილებას იწვევს, ნუ გაჩუმდებით. დაელაპარაკეთ დამსაქმებელს მოქნილი სამუშაო გრაფიკის შერჩევასთან დაკავშირებით. მაგალითად, დაიწყეთ სამსახური შედარებით გვიან, თუმცა გვიან დასრულებისთვისაც მზად იყავით. თანამშრომელთა შრომისუნარიანობის გაზრდისათვის თანამედროვე კომპანიები სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებული შესაფერისი სამუშაო გრაფიკის შერჩევაზე.
  9. მოახდინეთ გარემოზე ადაპტირება – თუ კვირაში 5 დღის განმავლობაში მინიმუმ 8 საათს ერთ ოთახში და ერთ მოსაწყენ მაგიდაზე ატარებთ, რა თქმა უნდა სამუშაო გარემო ციხეს ემსგავსება. გაახალისეთ ის მეგობრებისა და ოჯახის წევრების სურათებით, სასიამოვნო ნახატებითა და ფერადი დეკორატიული ყვავილებით. მოაწესრიგეთ სკამიც, რადგან ზოგჯერ სწორედ ეს წარმოადგენს გაღიზიანების საფუძველს.
  10. გაათავისუფლეთ სამუშაო  არე გამოუსადეგარი ინფორმაციისაგან– ცოტა რაღაცას თუ შეუძლია თქვენი გაღიზიანება ისე, როგორც ამას მოუწესრიგებელი წერილებით გადატვირთული საფოსტო ყუთი და დესკტოპზე ქაოსურად არსებული ფოლდერები იწვევს, რომელიც შესაძლოა არც კი გინახავთ. გამოყავით დრო აღნიშნული საკითხების მოსაწესრიგებლადაც.

წყარო:

http://www.forbes.com/sites/deborahljacobs/2012/04/16/how-to-turn-a-job-you-hate-into-a-job-you-love/

კომენტარები

comments