რას უნდა ითვალისწინებდნენ ქალი ლიდერები?!

თარიღი January 21, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რას უნდა ითვალისწინებდნენ ქალი ლიდერები?!

რა აქვთ საერთო წარმატებულ ქალბატონებს? ფიქრობთ ესაა მაგიური, მულტიგანვითარებული უნარები, მოტივაციის უმაღლესი დონე ან უბრალოდ კარგი ოჯახი?!  სინამდვილეში უმთავრესი მათი ბრძოლის უნარია –  მიუხედავად სტატუსისა „სუსტი სქესის წარმომადგენლები“,  მიაღწიონ სასურველ პოზიციას. კვლევის თანახმად, მსოფლიოს წარმატებულ 500 კომპანიაში ქალბატონებს დირექტორის პოზიცია მხოლოდ 4%–ში უკავიათ. მართალია ჰარვარდისა და უორტონის უნივერსიტეტების MBA პროგრამების კურსდამთავრებულთა სტატისტიკის მიხედვით პროგნოზი დამაიმედებელია, თუმცა სრული გენდერული ბალანსი ჯერ კიდევ არაა მიღწეული. როგორც მეცნიერი რობერტ ჯარვიკი აღნიშნავს „ლიდერი – ეს არის ადამიანი ცუდად განვითარებული შიშის გრძნობით“. მსოფლიოს წარმატებული კომპანიების ლიდერები ბიზნესში მოღვაწე ქალბატონებს შემდეგი საკითხებისადმი ყურადღების გამახვილებას ურჩევენ:

  1. იცნობდეთ საკუთარ თავს – ლიდერების განცხადებით, სწორი ბიზნეს შესაძლებლობის პოვნისა და წინსვლის გზების იდენტიფიცირებისათვის უმთავრესია შინაგანი ბუნება და საკუთარი თავის სათანადოდ  შეფასება. არ იცით როგორ განივითაროთ თვითმართვის უნარი?  თანამედროვე კოსმო–დავალებები და ყოველდღიური ჰოროსკოპი ვერ გიჩვენებთ მოქმედების სწორ სტრატეგიას. ეცადეთ იპოვოთ კარგი დამრიგებელი და გულწრფელად მიიღოთ მისი შენიშვნები.
  2. ნუ შეგეშინდებათ პერიოდული მარცხის, თუმცა უნდა შეძლოთ კვლავ ფეხზე დადგომის გზების მოძიებაც. წარმატებულმა ბიზნეს ქალბატონებმა ყოველთვის იციან, როგორ მოუყარონ თავი ცხოვრების თავსატეხების პატარ–პატარა დეტალებს და შეაერთონ ისინი სასურველი შედეგის მისაღებად. მშობიარობა და შემდეგ ბავშვზე ზრუნვა ის ფაქტორებია, რომელიც ხშირად ქალის კარიერის დასრულების მიზეზი ხდება. საბედნიეროდ დღეს წარმატებული დედების არაერთი ფაქტი არსებობს. უმთავრესია იცოდეთ როგორ გამოიყენოთ დაბრკოლება და კვლავ დაუბრუნდეთ კარიერის მწვერვალისაკენ მიმავალ გზას.
  3. მიმართეთ დამხმარეებს – მართალია სრულგანაკვეთიანი ძიძის ან უბრალოდ სახლის დალაგებისას დამხმარე ადამიანის აყვანა არცთუ  ისე მოდური მეთოდია,  თუმცა ეს დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ. „ჩვენ არ გკიცხავთ, უბრალოდ ვასუფთავებთ“ – ასეთი რეკლამა გააკეთეს კარიერისტი ქალების საყვარელ ერთ–ერთ ვებ–გვერდზე  www.thumbtack.com. ფინანსური სექტორის ერთ–ერთმა უფროსმა სპეციალისტმა აღიარა, რომ მიუხედავად მრავალი წლის განმავლობაში სრული განაკვეთით მუშაობისა, მას ბავშვის გამო 1 პენიც კი არ ჰქონდა დანაზოგი. თუმცა დაამატა ისიც, რომ ამ დანახარჯებმა საშუალება მისცა შედეგად ჰქონოდა 30-წლიანი კარიერა.
  4. კულტურული სტრატეგიის უპირატესობა – ისევდაისევ მაღალი თანამდებობის პირების ინფორმაციით, წარმატებულ კარიერაზე უდიდეს გავლენას ახდენს სწორი კულტურული სტრატეგიის შემუშავება. სამუშაოს დასახელება, აღწერა და ხელფასიც კი ზოგჯერ მეორეხარისხოვანია, როდესაც დაკავებული პოზიცია შეესაბამება თქვენს ფასეულობებსა და ღირებულებებს.
  5. ნუ დაელოდებით მხარდამჭერებს  – საუბარი თქვენს კარიერას ეხება და არა სკოლის გამოსაშვები საღამოს ცეკვას. კვლევებმა აჩვენა, რომ  ხშირად ქალბატონები წარმატების გზების აქტიურად ძიების ნაცვლად, უმოქმედოდ ელიან სხვის დახმარებასა და აღიარებას.  ნამდვილი ბიზნეს ლედი ყოველთვის იპოვის მიღწევების შეჯამების და მათი სწორად გამოყენების გზას.
  6. ააგეთ ფარული ურთიერთობები – ყველა პროფესიონალი ერთხმად აღიარებს, რომ ბიზნეს–ურთიერთობებს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარიერის განვითარებისათვის. ჩვეულებრივ, სიტყვა „კავშირები“ საკმაოდ უარყოფით რეაქციას იწვევს საზოგადოებაში, რადგან „ძველ ბიჭებთან“ და „ბიძის ინსტიტუტთან“ ასოცირდება, თუმცა ბიზნესში მას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. იგი გულისხმობს კავშირის გაბმას იმ კოლეგებთან, რომლებთანაც გარკვეული საერთო გაქვთ.
  7. ისწავლეთ მოლაპარაკების ტექნიკა – სპეციალისტების აზრით, წარუმატებლობის ერთ–ერთი მიზეზი სწორი ურთიერთობის დეფიციტია. ქალბატონები ძირითად შემთხვევაში მამაკაცებზე იშვიათად ან ნაკლებად  ეფექტურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ნამდვილმა ბიზნეს ლიდერებმა კი ყოველთვის იციან როდის მიატოვონ საკითხი მაგიდაზე. ასევე ის, რომ ურთიეთობის უნარები გავლენას ახდენს ანაზღაურებაზეც. ერთ–ერთი ქალაქის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ უმაღლესდამთავრებულ ქალთა მხოლოდ 7% და მამაკაცთა 57% გამოთქვამს პრეტენზიას ხელფასთად დაკავშრებით. რა არის ამ განსხვავების შედეგი? ის, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს 7.6 % –ით მაღალი ანაზღაურება აქვთ.
  8. ნუ დაგეგმავთ ყველაფერს  –ლიდერთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ საუკეთესო სვლა მათი კარიერის განმავლობაში სწორედ ისინი იყო, რომელიც წინასწარ არ დაუგეგმავთ. რას ნიშნავს ეს? ნაკლებად ააგეთ „ოცნების კოშკები“, გქონდეთ მხოლოდ ლოგიკური მოლოდინი და ნუ შეადგენთ ცხოვრების ყველა ეტაპის რუკას.
  9. მიიღეთ უმაღლესი განათლება – ბევრი წარმატებული ადამიანი აღნიშნავს, რომ MBA პროგრამის გავლა მათთვის მხოლოდ სასიამოვნო გამოწვევა იყო, რომელიც საჭირო უნარ–ჩვევების განვითარებასა და კონტაქტების დამყარებაში დაეხმარა. ამან კი რიგ შემთხვევებში შეცვალა მათ მიერ არჩეული გზა. მაგ. ერთ–ერთი ბიზნეს ლიდერის თქმით, 2 წლის განმავლობაში სწავლის პროცესმა გაუძლიერა საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა, რაც  მხოლოდ სამუშაოზე ყოფნის დროს ნაკლებად შესაძლებელი მიაჩნდა.
  10. სამართლიანობის აღდგენა – მამაკაცები უნდა შეეგუონ აზრს, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხები მხოლოდ  ქალბატონებს არ ეხებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც სამუშაო გარემო სრულიად თავისუფალია ისეთი გენდერული სტერეოტიპებისაგან, რომელიც ცუდ ზეგავლენას ახდენს სამსახურით კმაყოფილების მიღებაზე, მაშინ უფრო დიდი ალბათობაა თანასწორი მიმართულებით განვითარდნენ ორივე სქესის წარმომადგენლები.

 

წყარო: http://www.forbes.com/sites/mattsymonds/2012/08/08/10-traits-of-women-business-leaders-its-not-what-you-think/

კომენტარები

comments