აჭარის რესტორნებსა და სასტუმროებში ფასების შემცირებაზე სახელმწიფო უწყებები იზრუნებენ

თარიღი September 19, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on აჭარის რესტორნებსა და სასტუმროებში ფასების შემცირებაზე სახელმწიფო უწყებები იზრუნებენ

ვაჟა დიასამიძე: ხავერდოვან სეზონზე ტურისტებს დაბალი  ფასებით მივიზიდავთ


აჭარის სასტუმროები და რესტორნები ერთიან საფასო პოლიტიკაში ერთვებიან, რის შედეგადაც „ხავერდოვან სეზონზე“ ფასებს 20–25%–ით შეამცირებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაჟა დიასამიძის თქმით, ბათუმის მერიასთან ერთად მომსახურების ობიექტებში უკვე დაიწყო საკოორდინაციო სამუშაოები, რომელთა მიზანი ფასების დაკლებაა.„ცხადია, რესტორნებსა და სასტუმროებს ვერ ვაიძულებთ, ფასები დააკლონ, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ბათუმის ყველა რესტორანი და სასტუმრო თანახმაა ტარიფები შეამციროს. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ეს მათი

ბიზნესისთვისაც მომგებიანია და ერთიანი საფასო პოლიტიკა რეგიონის ტურიზმის იმიჯზეც დადებითად იმოქმედებს. ზაფხულში ბევრმა მათგანმა იგრძნო, რომ მაღალი ფასების დაწესებამა და სწრაფი მოგების პოლიტიკამ მათ კლიენტების რაოდენობა შეუმცირა. ამიტომაც წამოვიდნენ ჩვენთან თანამშრომლობაზე,“ – განაცხადა დიასამიძემ.

მისი თქმით, „ხავერდოვან სეზონზე“ აჭარა სარეკლამო პოლიტიკასაც ცვლის: თუ ადრე ტურისტული პაკეტები ცალკეულ ღონისძიებებზე იყო მიბმული, წელს მომხმარებელი თავად შეარჩევს დასვენების სახეობას, სარეკლამო კამპანიაში კი აქცენტი დაბალ ფასებზე გაკეთდება.რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, ვაჟა დიასამიძის თქმით, ამ მხრივ შემოდგომის სეზონზე აჭარა საკმაოდ დატვირთული იქნება: გაიმართება კონფერენციები, ფორუმები, ასევე ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის გამოფენები…

„შარშანდელისგან განსხვავებით, „ვიქ ენდ“ ტურების მსგავს პაკეტებზე უარი ვთქვით, რადგან არ გვსურდა, „ხავერდოვანი სეზონი“ ამინდზე ან კონკრეტულ ღონისძიებებზე მიბმული ყოფილიყო. ტურისტი თავად გადაწყვეტს, სად და როდის წავიდეს, რა სახის გართობა აირჩიოს. ჩვენ კი მას მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მივაწვდით და ასევე აქცენტს დაბალ ფასებზე გავამახვილებთ,“ – განმარტავს დიასამიძე.

მისივე თქმით, „ხავერდოვან სეზონზე“ შარშანდელთან შედარებით აჭარაში ტურისტების რაოდენობის 50–55%–ით ზრდაა მოსალოდნელი.

წყარო: www.commersant.ge

კომენტარები

comments