ბიზნეს ეტიკეტის სტანდარტები

თარიღი August 7, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ბიზნეს ეტიკეტის სტანდარტები

საქმიანი შეხვედრების დროს ხშირად ჩნდება უხერხული სიტუაციები, რომელიც მოქცევის სტანდარტების არცოდნითაა გამოწვეული. ბიზნეს ურთიერთობები განსხვავდება ყოველდღიური კონტაქტისგან, თუმცა პროფესიული ეტიკეტის წესების შესახებ საკმაოდ იშვიათად საუბრობენ ბიზნეს სკოლები. ბარბარა პექტერი წიგნში „ბიზნეს ეტიკეტის საფუძვლები“ განმარტავს ქცევის აუცილებელ სტანდარტებს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, თავის წარდგენის მანერასა და რესტორანში შეკვეთის კულტურასაც კი. გთავაზობთ რამდენიმე ნიუანსს, რომელიც გასათვალისწინებელია ბიზნეს ურთიერთობებისას.

გამოიყენეთ სრული სახელი და გვარი, თუმცა მიაქციეთ ყურადღება როგორ მიმართვას ამჯობინებენ სხვები. თუკი თქვენი სახელი ძალიან გრძელი ან რთულად გამოსათქმელია, შესაძლებელია მისი შემოკლებაც ან სავიზიტო ბარათზე მითითება.

ყოველთვის  წამოდექით  წარდგენისას – რადგან ეს გაცილებით აადვილებს ადამიანის აღქმას განსხვავებით ჯდომისას მისალმებისგან, რომელიც ხელს უწყობს უყურადღებოდ დატოვებას. უკიდურეს შემთხვევაში, თუ წამოდგომას ვერ ახერხებთ, ეცადეთ წამოიწიოთ მაინც.

საუბრისას „მადლობა“ გადაიხადეთ მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ   თუ არ გსურთ, რომ უმწეო და სასოწარკვეთილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ.

გამოიყენეთ ინდივიდუალური მადლობის წერილები და 24 საათის განმავლობაში მიაწოდეთ ადრესატს. ამასთან, უპირატესობა ელექტრონულ ფოსტას მიანიჭეთ, რადგან სხვა საშუალებებს შესაძლოა რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს. დროს კი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სწრაფად რეაგირების საჭიროების მქონე შემთხვევაში. მაგ. სამსახურის გასაუბრების შემდეგ, როდესაც გადაწყვეტილება რამდენიმე საათში მიიღება.

მიეცით საშუალება პარტნიორს თავად იზრუნოს სკამის გამოწევაზე – გასაკვირი არაფერია სტუმრისათვის კარის დაჭერაში, თუმცა ეს არ ეხება სკამს, მიუხედავად გენდერისა. ბიზნეს შეხვედრის დროს მსგავსი სოციალურ–გენდერული კანონები უნდა დაივიწყოთ. ქალბატონებმაც და მამაკაცებმაც თავად უნდა იზრუნონ საკუთარ სკამზე.

არ გადააჯვარედინოთ ფეხები – ეს ჟესტი უცხო არაა ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის, თუმცა შესაძლოა ყურადღების გაფანტვის მიზეზი გახდეს ან ზედმეტად სექსუალურად აღიქმებოდეს საქმიანი შეხვედრისას. ყველაფერთან ერთად, ეს ჟესტი აფერხებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ძარღვებზე დაწოლის ძალას.

ისაუბრეთ გაშლილი ხელისგულებით – ნუ გამოიყენებთ ცალკეულ თითს საუბრისას, რადგან ამან შესაძლოა აგრესია გამოიწვიოს (მაგ. საჩვენებელი თითი). მართალია ეს ჟესტი ორივე სქესისათვის დამახასიათებელია, თუმცა ქალები შედარებით ხშირად მიმართავენ საუბრის ასეთ მანერას.

ნუ მიაცურებთ თეფშებს ცენტრისკენ ან დაალაგებთ მათ ერთმანეთზე – თქვენ არ ხართ მიმტანი, ამიტომ მიეცით მომსახურე პერსონალს მოვალეობის შესრულების საშუალება.

არასდროს მოითხოვოთ მორჩენილი საკვების წაღება – თქვენ ბიზნეს შეხვედრაზე იმყოფებით და არა ოჯახურ სადილზე, რომლის დროსაც პრობლემას არ წარმოადგენს აღნიშნული ქმედება.

მიჰყევით სტუმრის არჩევანს – თუ თქვენი პარტნიორი სტარტერს ან დესერტს უკვეთავს, თქვენც იგივე გაიმეორეთ, რათა უხერხულად არ აგრძნობინოთ თავი.

ყურადღება მიაქციეთ რესტორანს, რომელშიც დაგპატიჟეს – ადამიანთა უმეტესობა ცდილობს თავს არ მოახვიოს დანარჩენებს საკუთარი კვების რაციონი. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია რესტორნის ტიპიდან გამომდინარე უნივერსალური საკვების ამორჩევა. მაგ. თავი აარიდეთ სტეიკის რესტორანში ვეგეტარიანელ ბოსთან შეხვედრას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში სტეიკის შეკვეთა მოგიწევთ.

ყურადღება მიაქციეთ თეფშებისა და დანა–ჩანგლის განლაგებას – კერძები და პური ყოველთვის მარცხნივ, სასმელი კი თეფშის მარჯვენა მხარეს იკავებს ადგილს. ასევე, ჩანგალი მარცხენა მხარეს, დანა და კოვზი კი მარჯვნივ მოათავსეთ. განლაგების დამახსოვრების მარტივი ხერხია BMW განაწილება, რომელიც შესაბამისი ინგლისური სიტყვების აბრევიატურას წარმოადგენს (Bread, Meal, Water ანუ პური – მარცხნივ, კერძები – შუაში, წყლის ჭიქა კი მარჯვნივ).

ჩეკს იხდის მასპინძელი  – თუ თქვენ ბრძანდებით მასპინძელი, მაშინ გადახდაც თქვენ მოგიწევთ, მიუხედავად სქესისა. რა ხდება, როდესაც მამაკაცს სურს დაგპატიჟოთ? თავაზიანი უარის თქმის რამდენიმე ხერხი არსებობს, რომელიც სრულიად მისაღებია ბიზნეს ლანჩის დროს (მაგ. „გმადლობ, თუმცა კომპანიამ უკვე დაფარა ხარჯი“ ან რამდენიმე წუთით ადრე შეგიძლიათ ბოდიშის მოხდით მიატოვოთ მაგიდა და გადაიხადოთ). თუ თქვენი სტუმარი კვლავ დაჟინებით მოითხოვს შეკვეთის დაფარვას, ხელს ნუ შეუძლით.

მოემზადეთ ზრდილობიანი დამშვიდობებისთვის პექტერის თქმით, მხოლოდ მაშინ უნდა დატოვოთ მაგიდა, როდესაც თქვენ საუბრობთ და არა სტუმარი. ამ დროს გაცილებით მარტივია სიტუაციის გაკონტროლება. წინასწარ უნდა იყოთ მომზადებული თავის დაღწევის გზებისთვისაც. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრაზები: „სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, საუბარი“, „შევხვდებით შემდეგ კვირას“ და ა.შ.

წყარო

კომენტარები

comments