“ბორჯომთან” ერთად რუსულ ბაზარზე, შესაძლოა, “ნაბეღლავიც” დაბრუნდეს

თარიღი September 15, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on “ბორჯომთან” ერთად რუსულ ბაზარზე, შესაძლოა, “ნაბეღლავიც” დაბრუნდეს

“ბორჯომთან” ერთად რუსულ ბაზარზე შესაძლოა, “ნაბეღლავიც” დაბრუნდეს.

პირWელის ცნობით, როგორც “Известия” წერს, “როსპატენტმა” მინერაული წყლის მწარმოებელი ქართული კომპანია “Healthy Water”-ისგან სავაჭრო ნიშან “ნაბეღლავის” რეგისტრაციის შესახებ განცხადება მიიღო.

მისივე ცნობით, კომპანია იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ხელსაყრელი შედეგი იქნება მიღწეული.

“თუ ეს საკითხი დარეგულირდება, მაშინ ჩვენს რუსეთში დაბრუნებას ხელს არაფერი შეუშლის. ჩვენ ვმუშაობდით ამ ბაზარზე და რუსეთში ჩვენი პროდუქცია ცნობილია, ამდენად ჩვენთვის დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს”, – განაცხადა კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა ლევან ჩიქოვანმა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, “ბორჯომის” მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც “როსპოტრებნადზორს” უკვე აქტიურად ეკონტაქტებიან და თავისთან მის ექსპერტებს ელიან, “Healthy Water”-ს აღნიშნული უწყებისთვის ჯერ-ჯერობით არ მიუმართავს.

როგორც გამოცემასთან საუბრისას რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, “თუ კომპანიას სურვილი ექნება, შეუძლია, მიმართოს და თუ არსებულ ნორმატივებს შეასრულებს, შეუძლია, ბაზარზე დაბრუნდეს”.

“Healthy Water” შვეიცარიაშია დარეგისტრირებული. საქართველოში თვლიან, რომ იგი სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ მიხო სვიმონიშვილს ეკუთვნის. “ნაბეღლავი” ქართული ბაზრის თითქმის 50%-ს იკავებს და მთავარ კონკურენტს – “ბორჯომს” უსწრებს, რომელსაც დაახლოებით 40% აქვს”, – წერს გამოცემა.

“ნაბეღლავი” რუსული ბაზრიდან 2006 წლის გაზაფხულზე გაქრა. “ბორჯომისგან” განსხვავებით, რომელიც 2005 წელს რუსული ბაზრის 13%-მდე იკავებდა, “ნაბეღლავის” წილი უმნიშვნელო იყო.

წყარო: www.financial.ge

 

 

კომენტარები

comments