ინვესტიციები: რატომ ვიყიდოთ ოქრო?

თარიღი September 15, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on ინვესტიციები: რატომ ვიყიდოთ ოქრო?

ლარის მიმართებაში დოლარის და ევროს კურსი იცვლება. ამას მოსახლეობის ბიუჯეტზე დიდი ზეგავლენა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობას დეპოზიტები დოლარში ან ევროში აქვთ შენახული.

2010 წლიდან მოყოლებული, ევროს და დოლარის კურსები მუდმივად იცვლება. აქედან გამომდინარე, ქართული ანგარიშების მფლობელები სარისკო მდგომარეობაში არიან. მათ დაბეჯითებით არ იციან რომელი ვალუტა არის ყველაზე საიმედო, რომელი არის ფულის შესანახად ყველაზე ხელსაყრელი და რომლის ღირებულება არ შემცირდება.

ეკონომიკური ექსპერტები ამგვარ სიტუაციაში ოქროში ინვესტირებას გვირჩევენ. “დოლართან, ევროსთან და ლართან მიმართებაში ოქროს ფასი მატულობს. მაშასადმე, ოქროში ინვესტირება არის ერთადერთი გზა თქვენი ფულის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მისი რაოდენობის პოტენციურად გაზრდისთვის.” ამბობს ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე. “ოქრო ბუნებრივი ლითონია და მისი რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო ფულის ზოგიერთი ერთეულის წარმოება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ოქრო გაცილებით სტაბილური და საიმედოა, ვიდრე დოლარი, ევრო ან ლარი”.

ნებისმიერი სტატია ფინანსური სიახლეების შესახებ იუწყება, რომ ოქროს ფასები იზრდება. 2010 წლის აგვისტოს ერთი უნცია ოქროს ფასმა 1,800 დოლარს მიაღწია. მთავარი ბანკები  წლის ბოლომდე ერთი უნცია ოქროს ფასის გაზრდას 2,500 დოლარამდე ვარაუდობენ. ექსპერტები კი თვლიან, რომ მისმა ფასმა უფრო დიდ რიცხვსაც შეიძლება მიაღწიოს.

ოქროს წილი  უკვე  ყოველდღიურად 50 დოლარით იზრდება. ყოფილა დღეში 100 დოლარით გაზრდის შემთხვევებიც. უნცია ოქროს ფასი 1,500 დოლარიდან 1,800 დოლარამდე გაიზარდა.

ოქროს ფასი მის სიწმინდეზეა დამოკიდებული. წმინდა ოქროდ 24 კარატიანი ოქრო ითვლება. უკანასკნელი ფასების გაზრდის შემდეგ ერთი უნცია 24 კარატიანი ოქროს ფასი 1,422 დოლარს შეადგენს, რაც გრამზე, დაახლოებით, 45.72 დოლარია, ხოლო ერთი უნცია 14 კარატიანი ოქროს ღირებულება 830 დოლარს ან 26.65 დოლარს გრამზე შეადგენს.

გლობალური ვალუტების გაუფასურების გარდა, ოქროს შესყიდვის კიდევ ერთი მიზეზი ზრდადი ინვესტიციებია. მრავალი ვალუტის არასტაბილურობის შედეგად, უახლოეს მომავალში უზარმაზარი საინვესტიციო მოთხოვნა არის მოსალოდნელი.

ჩინეთმა, 1.3 მილიარდ მოსახლეობით, დააწესა ეროვნული ოქროს გაცვლა და აქტივებზე კონტროლი შეასუსტა. უახლოეს წლებში მოთხოვნამ ჩინეთში მოსალოდნელია 500 ტონას მიაღწიოს.

ოქრო და ვერცხლი ერთადერთი ინვესტიციებია, რომლესაც სახელმწიფო არ ქმნის და არ აკონტროლებს.

დღევანდელ ყველა ფულად ვალუტას – დოლარს, ევროს, იენს, ფუნტს და სხვას – მხოლოდ მთავრობების დადგენილებით აქვთ რაიმე ღირებულება. “ოქრო თვითონ ფულია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ოქროს თავისუფალი ბაზრის გამოყენება. ეს თავიდან აგვაცილებს პოლიტიკოსების მიერ ფულით საკუთარი ინტერესებისთვის მანიპულირებას. ხალხის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს თავის დაცვა უპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. ოქრო ამ რისკს მთლიანად აქრობს” –  ამბობს პაატა შეშელიძე.

კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ოქრო, ფულადი ვალუტებისგან განსხვავებით, ნდობას მოიპოვებს. ფულის ოქროში ინვესტირება ცნობილია როგორც “თავშესაფარი”. როდესაც ეროვნული ვალუტა კარგავს ფასს, საკუთარი სახსრების ოქროში ინვესტირება მათი შენარჩუნების დამტკიცებული მეთოდია.

ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ოქროში ინვესტირება არ არის სასურველი. წარსულში, უკანასკნელი 5 წლის გარდა, ოქროს ფონდებმა კარგად ვერ იმუშავეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ ფულის გაკეთება უკეთესია მიმოქცევით, ვიდრე ინვესტიციებით. “როდესაც თქვენ რაიმე ინვესტიციაში დებთ ფულს და შედეგად ვერანაირ ბრუნვას აკეთებთ, ეს არის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. ფინანსური კომპანიები ფონდებს  პერიოდულად ყიდულობენ და ყიდიან. თუმცა, ოქრო მომგებიანია თუ თქვენ გინდათ გრძელვადიანი ინვესტიციები, რადგან დროის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ოქროს ფასები ადრე თუ გვიან გაიზრდება და თქვენ ნახავთ მოგებას. მაგრამ ეს მოგება არ იქნება იმაზე მეტი რასაც თქვენ ნახავდით რაიმე საქმეში დაბანდებისას” – ამბობს ჯავახიშვილი. ის ხალხს ასევე აფრთხილებს, რომ როდესაც მათ ურჩევენ ოქროში ფულის ჩადებას, მათ ჯერ უნდა გადაწყვიტონ საიმედოა ეს თუ არა: “რადგან, თუ მე გეუბნებით ინვესტირება მოახდინეთ ოქროში, ეს ალბათ ნიშნავს, რომ მე ვაპირებ ოქროს ფასების გაზრდას რათა ჩემთვის ვნახო მოგება, შემდეგ კი გავზრდი მასზე მოთხოვნას.”

ოქროში ინვესტირების რამოდენიმე მეთოდია: ოქროს მონეტები და ზოდები, საიუველირო ნივთები, ოქროს კბილები და ასე შემდეეგ.

ექსპერტები თვლიან, რომ საიუველირო ნივთებში ინვესტირება არ არის ძალიან მომგებიანი, რადგან მათი ფასები იზრდება არა მხოლოდ ოქროს, არამედ ხელობის ღირებულების ხარჯზე. ოქროს მონეტებში ინვესტირება უკეთესია, რადგან ხელობის დამატებითი გადასახადების გადახდა საჭირო არ არის, მაგრამ ესეც არ არის ძალიან მომგებიანი. რადგან ბანკები ყიდულობენ ოქროს მონეტებს ლითონის ფასში, რომელიც, საწყის ფასთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. ნოდარ ჯავახიშვილი საპირისპიროს ამბობს: “თუ გესმით ხელოვნება, უმჯობესია დააბანდოთ სამკაულებში. მართალია, ის მოიცავს ხელობის ღურებულებას, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მისი გაყიდვისას იგივე ხელობის საფასური შეგიძლიათ მიიღოთ. უფრო მეტიც, ნაკეთობის გამო  ფასი უფრო უნდა გაზარდოთ”.

“ოქროს ფასის დადგენა მხოლოდ მისი ნაკეთობით არ ხდება. ასევე, მისი მხატვრული ღირებულება არის გასათვალისწინებელი. საიუველირო ნაკეთობები ხშირად იყიდება და მათი ფასებიც, ასევე იზრდება” – დაამატა შეშელიძემ.

ოქრო არის ექვივალენტური, პორტატიული, ლიკვიდური, და მოსფლიოს ყველა კუთხეში მიღებული. მრავალი ინვესტორის მიერ ის ნამდვილად არ არის ბოლომდე ათვისებული. 70-იანების დასაწყისში, როდესაც ოქრომ განიცადა ბაზარზე ცვლა, ათ წელში უნცია ოქროს ფასი 35 დოლარიდან 800 დოლარზე ავიდა. დღესაც ანალოგიური შემთხვევა ფიქსირდება.
განსხვავება იმაშია, რომ დღეისათვის ოქროს თანამედროვე თვისებები უკეთესია.

წყარო: www.financial.ge

კომენტარები

comments