როგორ მოვხიბლოთ ინტერვიუერი გასაუბრებაზე?!

თარიღი April 22, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ მოვხიბლოთ ინტერვიუერი გასაუბრებაზე?!

დამსაქმებელთან ინტერვიუ შესანიშნავი საშუალებაა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. მისი ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, 20-30 წუთია, თუმცა ეს დრო სრულიად საკმარისია არაერთი მიმართულებით მათ მოსახიბლად. სათანადო მომზადების, თავდაჯერებულობისა და თავაზიანობის შემთხვევაში, კონკურენტული უპირატესობის მოპოვება არც ისე დიდ სირთულეს წარმოადგენს.

– სოლიდური ჩაცმულობა – პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მხოლოდ 30 წამია საკმარისი, რომლის განმავლობაშიც თავდაპირველად ყურადღებას სწორედ გარეგნობა იქცევს. დღეს სირთულეს აღარ წარმოადგენს კომპანიების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება, მათ შორის ჩაცმულობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. სასურველია, გასაუბრებისას არჩევანი ისეთ სამოსზე გაკეთდეს, რომელიც ხაზს უსვამს პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით მაღალი პოზიციების შემთხვევაში. ინტერესის განსაკუთრებულ ობიექტს ფეხსაცმელი წარმოადგენს, რომელსაც მთელი ვიზუალის გაფუჭება შეუძლია. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, არ დავიშუროთ მასში ფინანსები. დაუშვებელია მძაფრი სუნამოს და მასიური, მკვეთრი ფერის აქსესუარების გამოყენებაც. რაც შეეხება მაკიაჟს, სასურველია, ის ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყოს და ხაზს უსვამდეს ნაკვთებს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.

– წინასწარი მომზადება – დაუშვებელია გასაუბრებაზე წასვლა წინასწარი მომზადების გარეშე, რომელიც კომპანიის ღირებულებების, სიახლეების, პოზიციის მოთხოვნების და საჭირო უნარ–ჩვევების შესახებ ინფორმაციის მოძიებას გულისხმობს. მათი ცოდნა გასაუბრების მსვლელობისას თავის უკეთ წარმოჩენას უწყობს ხელს. გარდა ამისა, შესაძლებელია წინასწარი დასკვნების გაკეთება, რამდენად შეესაბამება კომპანიის მისია და ღირებულებები კანდიდატის მოთხოვნებს და პირიქით.

– პრაქტიკული მაგალითი უნარ–ჩვევების წარმოსაჩენად – იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის გონება შედარებით მარტივად აღიქვამს და იმახსოვრებს ამბავს, ვიდრე მხოლოდ მშრალად ნათქვამ სიტყვებს, სასურველია, ამ თუ იმ უნარ–ჩვევის განვითარება კონკრეტულ მოვლენას, მოხალისეობის პერიოდს ან სტაჟირებას უკავშირდებოდეს. შედეგი მოაქვს რეპეტიციის გავლასაც, რაც დაბნევის ან შეფერხებებით საუბრისგან დაზღვევის ერთგვარი საშუალებაა.

– მოწესრიგებული პროფილები სოციალურ ქსელში – სიახლე არაა, რომ დამსაქმებლების უდიდესი ნაწილი თვალს ადევნებს კადრების სოციალურ აქტივობებს ინტერნეტში, რაც პროფილების გასუფთავების ან მათი საჯარო ხილვადობის შეზღუდვის აუცილებლობას იწვევს. დაუშვებელია ძველი სამსახურის ან კოლეგების შესახებ ნეგატიური კომენტარების განთავსება.

– ნაადრევად მისვლა გასაუბრებაზე – მართალია, დაგვიანება ყოვლად დაუშვებელია, თუმცა ვერც დათქმულ დროზე გამოცხადება გააკვირვებს დამსაქმებელს. შედარებით ადრე მისვლა კი ყურადღებიანობაზე, მოტივირებულობასა და კარგად განვითარებულ დროის მართვის უნარებზე მიუთითებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ზომიერების დაცვა. დამსაქმებელი იძულებული არ უნდა გახდეს, შეხვედრა ნაადრევად დაიწყოს. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია 10-15 წუთით ადრე გამოცხადება. აუცილებელია მობილური ტელეფონის გამორთვაც, ყურადღების გაფანტვის ასარიდებლად.

– კეთილგანწყობა ნებისმიერი შემხვედრის მიმართ – ინტერვიუ დამსაქმებელთან გასაუბრებამდე, ოფისში შესვლისთანავე იწყება. გამორიცხული არაა მათ აზრი კოლეგებსაც ჰკითხონ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვას.

– ძლიერი ხელის ჩამორთმევა გარეგნობასთან ერთად, შთაბეჭდილების მოხდენის ერთ–ერთი უმთავრესი იარაღია. დამსაქმებელს არ უნდა უწევდეს ლოდინი, როდის გაინთავისუფლებს პოტენციური კადრი ხელს ნივთებისგან. დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ხელის ჩამორთმევის მანერასაც. დაუშვებელია კადრის მიერ მარცხენა ხელის მიხმარება, რადგან ეს მის დომინანტურ პოზიციას უსვამს ხაზს და შესაძლოა, ნეგატიური ემოცია გამოიწვიოს დამსაქმებელში.

– სწორად შერჩეული სხეულის ენა – სასურველია, პოტენციური დამსაქმებლისადმი პატივისცემა ოთახში შესვლისთანავე იგრძნობოდეს. გამართლებული მეთოდია ინტერვიუერის პოზის შეძლებისდაგვარად გამეორება. ჩანთა საკუთარ სკამთან ახლოს, იატაკზე შეიძლება დაიდოს, რადგან მთელი საუბრის განმავლობაში მისი ხელში დაჭერა უხერხულთან ერთად გონების გამფანტველია.

– რეზიუმეს ზედმეტი ასლები – მიუხედავად ციფრული სამყაროს განვითარებისა, ქაღალდზე დაწერილი რეზიუმე ჯერ კიდევ არ კარგავს აქტუალობას. იმის მიუხედავად, სჭირდება თუ არა ეს დამსაქმებელს, კადრის მიერ ამობეჭდილი რეზიუმე დადებითი მესიჯია და ორგანიზებულობას უსვამს ხაზს.

კომენტარები ნაცნობ საკითხებთან დაკავშირებით – მზარდი კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებით რთულია გასაუბრებაზე დამსაქმებლისათვის თავის დამახსოვრება. ამის ერთ–ერთი ვარიანტია ნაცნობ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების გაზიარება. მაგ. ოთახში გარკვეული ნახატის არსებობის შემთხვევაში, კადრს შეუძლია მასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარის გაკეთება საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.   

– ინტერვიუს ეტიკეტის ცოდნა – დაუშვებელია ძველ პოზიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჭორაობა, რადგან ეს უნდობლობის გაჩენის საფუძველია. არც პირველივე შეხვედრაზე ანაზღაურების და მოსალოდნელი სარგებლის დეტალების გარკვევაა სწორი ტონი. ეს კითხვები შემდეგ ეტაპამდე მოიცდის, თავდაპირველად კი კანდიდატი კომპანიის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღებით უნდა იყოს დაინტერესებული.

– სწორი კითხვები – რა თქმა უნდა, ყველა გასაუბრება მოიცავს კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ კანდიდატებმა. მხოლოდ შემდეგი შეხვედრის თარიღით ან ანაზღაურებით დაინტერესება უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს დამსაქმებელზე. ამის საპირისპიროდ მოქმედებს კომპანიის ღირებულებებით, განვითარებაში წვლილის შეტანისა და საჭირო უნარ–ჩვევებით დაინტერესება, რაც კადრის მზაობას უსვამს ხაზს.

– ღირსეულად წამოსვლა – გასაუბრებიდან ღირსეულად წამოსვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეხვედრის დაწყება. დიდი ყურადღება ექცევა ნივთების მშვიდად მოგროვებას და ხელის ჩამორთმევას. სასურველია თავის დაკვრა დერეფანში შემხვედრთათვისაც.

– უკუკავშირი გულწრფელ დაინტერესებას უსვამს ხაზს. მეტი ეფექტიანობისთვის სასურველია სახლში მისვლისთანავე შეხვედრის გაანალიზება, დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა. წარმატების ხარისხს ზრდის მადლობის წერილიც.

წყარო

კომენტარები

comments