საინფორმაციო მომსახურების ბაზარი საქართველოში

თარიღი June 18, 2011
კატეგორია: სარეკლამო სტატიები | Comments Off on საინფორმაციო მომსახურების ბაზარი საქართველოში



საუკუნეების წინ, ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს გროვდებოდა ინფორმაციები და მონაცემები საქართველოში მაცხოვრებლებისა და მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. მაშინ კი, როდესაც საქართველოს ანექსირებული ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, მონაცემები შეგროვდა და შეუერთდა რუსეთის მონაცემებს. საბჭოთა დროს ყველაფერი სისტემატიზირებული იყო და მას მხოლოდ არქივის სახე ჰქონდა; ინფორმაცია არ იყო ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. 1926 წელს კი დაარსდა საინფორმაციო ცენტრი ”09”, რომელსაც იმ პერიოდში ”ცნობარი 09“ ეწოდა და ნუმერაციაც მაშინ მიენიჭა. ეს უკვე იყო სატელეფონო მომსახურება, რომელიც ყველა დიდ ქალაქში გახდა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს აბონენტების ტელეფონის ნომრებსა და მისამართებს სთავაზობდა. მაშინ არ იყო არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი და, შესაბამისად, არც ელექტრობული მონაცემებთა ბაზა არსებობდა. იქ მომუშავე ადამიანები კი გამუდმებით საქაღალდეებსა და არქივებში ეძებდნენ ინფორმაციას მომხამრებლებისთვის.

2001 წელს „09“ კერძო მფლობელმა შეისყიდა და დღეს ის მომხმარებელს 40-ზე მეტ სერვისს სთვაზობს.

ინგა კურცხალია, საინორმაციო ცენტრ „09“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე: “ახალ სერვისებს მომხმარებელს, ძირითადად, მოთხოვნის შესაბამისად ვთავაზობთ. ბაზა კომპიუტერიზებული გვაქვს და ეს საშუალებას გვაძლევს, აბონენტს ოპერატიულად მოვემსახუროთ. ოპერატიულობაში იმას ვგულისხმობ, რომ კარგი ოპერატორი აბონენტს ამომწურავ ინფორმაციას 40 წამამდე დროში უნდა აწვდიდეს, ხოლო თუ ოპერატორი ინფორმაციის მიწოდებას 40-დან 60 წამამდე ანდომებს, ის დამწყებად ითვლება და სწავლების პროცესშია“.

თუმცა, არსებობს ისეთი ინფორმაციებიც, რომლებზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია. ამგვარ საკითხებზე „09“-ში უკვე არასტანდარტულ ინფორმაციებზე მომუშავე ადამიანთა ჯგუფი იწყებს ფიქრს.

ინგა კურცხალია: „ხალხი რეკავს ზოგჯერ მაშინ როცა კროსვორდებს ავსებს, ზოგჯერ როცა ნიძლავს დებს, ხდება კურიოზებიც… მაგალითად, ერთხელ დარეკეს და იკითხეს, რამდენი ლიტრი ღვინო ჩადის ქართლის დედის თასში. ჩვენმა ოპერატორმა მას სწორი პასუხი გასცა. იყო შემთხვევა, როდესაც შემოვიდა ზარი შეკითხვით, რა ზომის მკერდი აქვს სოფი ლორენს. ეს მოხდა სუფრაზე, ხუმრობდნენ და, ალბათ, გადაწყვიტეს ამის გარკვევა. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე წუთის შემდეგ ურეკავს მათ ჩვენი ოპერატორი და ეუბნება: ამ ეტაპზე 4 ნომერი აქვსო. აი ეს არის ჩვენი გოგოების პროფესიონალიზმი, ძალიან ვამაყობ ჩვენი თანამშრომლებით. მათ ზუსტად იციან, სად რა მოძებნონ“.

„09“-ს ინფორმაციის წყარო არის ინტერნეტი, იყენებენ წიგნებს, ელექტრონულ ენციკლოპედიებს, პირად კონტაქტებს, ზოგჯერ კი ტელეფონითაც ურეკავენ იმ ადამიანს, ვის შესახებაც აინტერესებთ ინფორმაცია და პასუხს პირველწყაროდან იგებენ. ხელშეკრულება აქვთ ახალ ქსელებთან, რომელიც მათ თავის საინფორმაციო ბაზას აწვდის, თუმცა სხვაგვარი არაოფიციალური ინფორმაციები ნებისმიერი გზით მოიპოვება. აბონენტების ცნობისმოყვარეობასა და ინტერესზე მომუშვე 80 ოპერატორი თავდაუზოგავად მუშაობს სხვადასხვა საკითხზე. საერთო დარბაზში მუდმივად იმყოფება და ცვლებში მუშაობს 50-60 ოპერატორი, მათ შორის ტაქსის სერვისის, იურიდიული კონსულტაციისა და საჯარო რეესტრის ოპერატორები. მომსახურება 24 საათიანია, ინტერესი მუდმივი, ზარები კი განუწყვეტელი.

ინგა კურცხალია: „ზარების ძირითადი ნაწილი უფრო დღეზე მოდის, სამუშაო საათებში, სადღაც, 11-დან. მეორე ტალღა უკვე სპორტულ ინფორმაციაზე მოთხოვნაა. საღამოს საათებში ვაკეთებთ, აგრეთვე, კინოთეატრების დაჯავშნას. ჩვენ გვყავს კორექტორების 150 კაციანი ჯგუფი, მუშაობენ ყოველდღე შაბათის ჩათვლით, ამოწმებენ ინფორმაციებს, ხომ არ შეიცვალა ან ხომ არ გაიხსნა რამე ახალი და ყოველდღიურად აახლებენ ბაზას. გვყავს, აგრეთვე, საინფორმაციო აგენტი – გოგონა, რომელიც დადის ქალაქში და აკვირდება, რა გაიხსნა ახალი, რა დაიხურა და ა.შ… შეცდომებისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეული, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ.“

„09“-ს ინფორმაცია კერძო პირისთვის 97 თეთრი ღირს. ამგვარი ინფორმაცია მოიცავს ტელეფონის ნომერს, მისამართს და სხვა სახის მესამე ინფორმაციას, მაგალითად ინფორმაცია დირექტორის, ან რომელიმე განყოფილების შესახებ. ორგანიზაციისთვის ამგვარი ინფორმაციის გაგება 1 ლარი და 30 თეთრი ჯდება. რაც შეეხება არასტანდარტულ ინფორმაციას, ის 1 ლარი და 50 თეთრი ღირს. გადახდა აბონენტებს შეუძლიათ როგორც სალაროში, ისე სატელეფონო ქვითართან ერთად. „09“ სამომავლოდ გეგმავს, რომ აბონენტებმა უკვე ნებისმიერ ბანკში შეძლონ გადახდა მაქსიმალურად გამარტივებული გზით.

ინგა კურცხალია: „მობილური ტელეფონის ხარჯი ჩვენზე არაა დამოკიდებული, 1 საათი რომ ელაპარაკოს აბონენტი ჩვენს ოპერტატორს, ის მაინც ერთი ინფორმაციის ღირებულებას გადაიხდის, თუმცა მობილური ოპერატორი კომპანია მას რამდენს ჩამოაჭრის, ეს სხვა საკითხია. მიუხედავად ამისა, ზარების 60% მაინც მობილური ტელეფონებიდან შემოდის… ჩვენ ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან გვაქვს საინფორმაციო მომსახურებაზე ხელშეკრულება დადებული, მათი თანამშრომლები რეკავენ ჩვენთან და მიაქვთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია. მეორე სახის ხელშეკრულებებია, რომელთაც ერთად ვახორციელებთ. მაგალითად, ოქტომბერში გავაკეთეთ სატელეფონო სოციოლოგიური კვლევის ცენტრი და გვაქვს ძალიან საინტერესო შედეგები. გვინდა რომ გავერთიანდეთ და სოციოლოგიური კვლევები შევთავაზოთ მომხმარებელს, როგორც „09 კვლევა“. ჩვენ ვიკვლევთ საბანკო სექტორს, მედიის რეიტინგს, პოლიტიკურ სფეროსაც… ოპერატორების დამსახურებით სამ თვეში უკვე ძალიან კარგი პროდუქტი გამოვიდა. ჩვენმა გოგონებმა იმდენად კარგად იციან ურთიერთობა აბონენტებთან, რომ მათი მწყობრიდან გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია. ძალიან მადლობელი ვარ მათი. ამ პროექტს, ალბათ, ახლო მომავალში გავყიდით“.

ერთ-ერთი ახალი სერვისია, აგრეთვე, ”09”-ს იურიდიული კონსულტაცია – თუ მომხმარებელს იურიდიული დახმარება სჭირდება, ოპერატორი მას იქვე მსხდომ იურისტ გოგოებთან გადართავს და ისინი გასცემენ აბონენტის კითხვებს პასუხს. თუ ადვოკატთან შეხვედრა გახდა საჭირო, გადამისამართება ხდება მარინა კორძაძის საადვოკატო ბიუროსთან, რომელთანაც ”09”-ს ხელშეკრულება აქვს დადებული.

ინგა კურცხალია: ”ეს პროექტი ჯერ ტესტურ რეჟიმში მუშაობს, დავიწყეთ სექტემბრიდან და არანაირი რეკლამა არ გაგვიკეთებია. როცა რეკავენ, ჩვენი ოპერატორები მაშინ ავრცელებენ ინფორმაციას ახალი სერვისის შესახებ. ჯერჯერობით ვმუშაობთ დილის 9-დან საღამოს 6-მდე, მაგრამ გვინდა რომ გვქონდეს სადღეღამისო მომსახურება. ღამე თუ ავარია მოუვიდა ვინმეს, ჩვენი სურვილია, გვქონდეს იმის საშუალება რომ ჩვენთან დარეკვისთანავე გადავამისამართოთ აბონენტი საადვოკატო ბიუროსთან და ადვოკატი დანიშნულების ადგილზე მივიდეს პრობლემის მოსაგვარებლად… საჯარო რეესტრთანაც გვაქვს დადებული ხელშეკრულება, ვსარგებლობთ მათი სპეციალური საიტით და თანხას ვუხდით ამისთვის. როდესაც მომხმარებელს არ სურს იქ რიგებში დგომა, რეკავს ჩვენთან, ჩვენი ოპერატორი გადართავს მას საჯარო რეესტრის ოპერატორთან და უკვე ძალიან მცირე დროში აბონენტი იგებს, რა მდგომარეობაშია მისი საბუთები და როდის იქნება მზად.”

”09”-ს საინფორმაციო ბაზაში დარეგისტრირება კომპანიებისთვის უფასოა. ინფორმაციის მოცულობა კომპანიაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს ძირითადად მოიცავს: სახელწოდებას, საქმიანობის სფეროს, იურიდიულ და ფაქტიურ მისამართს, ყველა განყოფილებისა და თანამდებობის პირის ტელეფონის ნომერს… კომპანიის ბრუნვას ან სხვა ბიზნეს ინფორმაციებს ”09” არ ფლობს.

ინგა კურცხალია: ”ადრე ჩვენ გვქონდა ტურისტულ კომპანიებთან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ ამ ზაფხულს დავაარსეთ ჩვენი შვილობილი კომპანია ”09 Travel” და ადრე თუ სხვებთან გვქონდა ხელშეკრულებები დღეს მომხმარებელს იქ ვამისამართებთ. ეს არის ჩვეულებრივი ტურისტული სააგენტო და სასტუმროების დაჯავშნასაც ის აკეთებს. ესეც ჩვენი ახალი და საკმაოდ წარმატებული პროექტია. გვაქვს, აგრეთვე, საკუთარი სატაქსო მომსახურება – ”09 ტაქსი”, გვყავს სულ მერსედესის ტაქსები და მუდმივი კლიენტებიც. ყველაზე ხშირად მშობლები იძახებენ ბავშვებისთვის, რადგან მეტად გვენდობიან. ზოგს მერსედესი მოსწონს და იმიტომ სარგებლობს ჩვენი სერვისით, თუმცა თუ აბონენტს სხვა სატაქსო მომსახურება ურჩევნია, ჩვენ მას, რა თქმა უნდა, სასურველ კონტაქტებსაც ვაწვდით”.

”09”-ში ოპერატორების დენადობა მაღალი არ არის, მაგრამ ვაკანსიის შემთხვევაში, ატყობინებენ ელექრონული საიტების მეშვეობით, პერიოდულად ქმნიან ”09”-ში მუშაობის მსურველთა ბაზას, მიღება ხდება პირადი კონტაქტებითაც.

ინგა კურცხალია: ”საინფორმაციო ბაზარზე გვაქვს ძალიან დიდი ხნის გამოცდილება და ცნობადობა. ეს ჩვენი დიდი უპირატესობაა. რაც შეეხება კონკურენტებს, კონკურენტი კარგი მნიშვნელობით, არის “ყვითელი ფრუცლები”. ეს არის საინფორმაციო ჟურნალი, ვთვლი რომ საკმაოდ კარგი და სასარგებლო. 1 წლის წინ კი გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი ”08”, ჩვენ ნორმალურად თანავარსებობთ და არ ვუქმნით ერთმანეთს პორობლემებს. აგვისტოს მოვლენების მერე ზარებმა დაიკლო, მაგრამ არ ვიცი რას მივაწერო, ”08”-ს გახსნას თუ კრიზისს. აღსანიშნავია, რომ ზარებმა კვლავ იმატა და ჩვენ მაინც არ ვართ უკმაყოფილო. დღეში დაახლოებით 11 000-მდე აბონენტი ითხოვს ჩვენგან ინფორმაციას. პირადად მე, მივესალმები კონკურენციას. ეს ყოველთვის საჭიროა, რათა არ მოდუნდე.

გვაქვს ახალი სერვისები, მაგრამ ვცდილობთ რომ გავაფართოვოთ მიმართულებები, დავეხმაროთ იმ ხალხს, მაგალითად რომელსაც უნდა საზღვარგარეთ მკურნალობა. ხშირად ფულს ხარჯავენ და ვერ იღებენ შედეგს. ჩვენ ვცდილობთ კავშირი დავამყაროთ მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან და ამაში სადაზღვეოებიც ჩავრთოთ, რათა ყველას მივცეთ ნორმალური სამედიცინო დახმარების მიღების შანსი ისე, რომ ადამიანმა არ გაყიდოს ყველაფერი და არ დარჩეს ქუჩაში… ჩვენი ძირითადი ამოცანა, როგორც საინფორმაიცო ცენტრის არის ის, რომ მაქიამლურად მოვერგოთ ჩვენს მომხმარებელს და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოდ მოთხოვნა. ბევრი იდეა ჩვენი თანამშრომლებისგან მოდის, ახალგაზრდა და აქტიური გოგონები გვყავს, ძალიან კმაყოფილი ვარ“.

”08” საინფორმაციო ბაზარზე არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ეს იყო 2008 წლის დეკემბერი. პერიოდი, როდესაც უკვე მომხდარი იყო რუსეთ საქართველოს ომი, ბანკებში საკრედიტო რესურსი ამოიწურა და კრიზისიც აქტიურ ფაზაში შედიოდია. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არც თუ ისე ბევრი ბიზნესი იწყებდა საქმიანობას, 08 მუშაობას შეუდგა და 2009 წლის დეკემბერში დაიწყო საინფორმაციო მომსახურების ბაზარზე ადგილის დამკვიდრება.

მიუხედავად რთული ვითარებისა, კომპანიამ შეძლო და 1 წლის განმავლობაში მოახერხა ბაზრის 40 %-ის დაკავება.

ტარიელ გიორგაძე, “08”-ს გენერალური დირექტორი: ”საინფორმაციო მომსახურეობა არსებობდა, მაგრამ ჩვენ ვიყავით გამონაკლისი თბილისში, ვინც მომხმარებელს ბაზარზე არსებული ფასების ნახევარი შესთავაზა.”

ბუნებრივი მონოპოლისტის არსებობის გამო ”08” ბაზარზე განახევრებული ფასებით შევიდა. აქ ორგანიზაციიდან დარეკილი ზარის ღირებულება 70 თეთრია, მობილური ტელეფონიდან – 60 თეთრი, ხოლო ნებისმიერი მოქალაქის ტელეფონიდან 50 თეთრი.

ტარიელ გიორგაძე: ”ჩვენ ვართ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია და ჩვენს მომსახურებაში შედის ყველაფერი, დაწყებული დილის 6 სააათზე აბონენტთან დარეკვითა და მისი გაღვიძებით და დამთავრებული უცნაურ კითხვაზე პასუხის გაცემით. მაგალითად, იყო ასეთი შეკითხვა: რამდენი ჭანჭიკი აქვს ამერიკაში ბრუკლინის ხიდს… მომხამრებლის ნება უზენაესია და ჩვენ ვცდილობთ პასუხი გვქონდეს იმ ყველა კითხვაზე, რაც კი შეიძლება მოაფიქრდეს ადამიანის გონებას”.

აღსანიშნავია, რომ ”08” არ ეწევა ანალიტიკურ საქმიანობას და კომპანიების შესახებ ფლობს სუფთა სტატისტიკურ მონაცემებს. ეს არის კლიენტების ინფორმაციული მომსახურება: ორგანიზაციების, მომსახურებების, მოქალაქეების ტელეფონის ნომრები, მისამართები, ინფორმაცია ხელმძღვანელ პირთა შესახებ, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, საქმიანობის სფერო, ფილიალები…

ტარიელ გიორგაძე: ”ჩვენ არ ვამბობთ რომ სრულყოფილებას მივაღწიეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვვითარდებით. ჩვენი დევიზია პასუხი ყველა კითხვაზე და სლოგანი – ნებისმიერი ინფორმაცია ნახევარ ფასად. გვაქვს ახალი პროდუქტები: ბილეთების დაჯავშნა, პირდაპირი კონტაქტი სააგენტოებთან, ტექნიკურ ფირმებთან… მაგალითდ, თუ ვინმეს კომპიუტერის გადაყენება სურს, ვამისამართებთ შესაბამის კომპანიასთან. ამ შემთხვევაში აბონენტი იგებს არა მხოლოდ ტელეფონის ნომერს, არამედ პირდაპირ იმასთან მიდის, ვინც სჭირდება. თუ აბონენტს არ სურს ჩვენს მიერ შეთავაზებული კომპანია, მაშინ სხვა ინფორმაციებს ვაწვდით”.

”08”-ს ყავს 30 ოპერატორი, კორექციის სამსახურში კი დაკავებულია 10-მდე ადამიანი. ეს არის კომპანიის ძირითადი ბირთვი, რომელიც ქმნის პროდუქტს, ამ პროდუქტს კი შემდეგ ოპერატორების ”ქოლ ცენტრი” ყიდის. დღის განმავლობაში მოწმდება 1000-მდე ინფორმაცია. შემოწმება ხდება ტელეფონით, ინტერნეტით, ტელევიზორით, ნებისმიერი საშუალებით. შემდეგ ხარისხდება სფეროების მიხედვით.

”08”-ს კავშირი აქვს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტაენტთან და ყველა ახალდარეგისტრირებული კომპანია მიეწოდება თავისი ტელეფონის ნომრებით. ინტერნეტი კი ინფორმაციის მოპოვების ამოუწურავი წყაროა. უბრალოდ მას მოპოვება, დამუშავება, და დახარისხება სჭირდება. სწორედ ამიტომ, თანამშრომლების აყვანისას ხდება მათი ერთთვიანი დატრენინგება.

ტარიელ გიორგაძე: ”ტრენინგის შემდეგ ვანაწილებთ ვინ იმუშავებს გაყიდვაზე, ვინ დაჯდება ოპერატორად და ვინ შექმნის პროდუქტს. ყველა ახალი კადრი ძალიან დიდი გამოცდის შედეგად ჯდება კომპიუტერთან. ჩვენი ოპერატორები თვეში დაახლოებით 25 000 ახალ ინფორმაციას იგებენ. ჩვენთან არ არსებობს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც 2 კვირის ან 10 დღის გამავლობაში არ ეხება განახლება. გარდა ამისა, ცვლილებებიდან გამომდინარე, შრომის პროცესშივე ხდება ინფორმაციების განახლება. ზოგჯერ საჭიროა დაუყოვნებლივ ვიცოდეთ ცვლილებების შესახებ. მაგალითად, იცვლება რომელიმე მინისტრი და 5 წუთის შემდეგ შემოდის ზარი, ჩვენ უკვე უნდა ვიცოდეთ ამ ცვლილების შესახებ და გავცეთ სწორი პასუხი. ზოგჯერ ირეკება, რატომ იგვიანებს ესა თუ ის რეისი, მაგალითად ბერლინი-კიევი, და ჩვენი ოპერატორი ცდილობს ამ ინფორმაციის გადამოწმებასა და გარკვევას. თუ იმავე წუთში არ გვაქვს ესა თუ ის ინფორმაცია, 2-3 წუთში ვურეკავთ და ვაწვდით პასუხს. შეიძლება მომხმარებელი იმითაც დაინტერესდეს, რა გააკეთა გუშინ აფრიკის რომელიმე ტომის ბელადმა, მაგრამ ჩვენ ესეც უნდა გავარკვიოთ, რადგან მომხმარებლის ნება უზენაესია”.

გადახდის სისტემა ”08”-ში მოსახერხებელია. აბონენტს აღარ უწევს რიგში დგომა და გადასახდელი თანხა ტელეფონის სააბონენტოსთან ერთად მისდის. აქ პერიოდულად ტარდება კვლევები მომხმარებლის კმაყოფილების გასაზომად და უკვე საქართველოს თითქმის ყველა მსხვილი დაწესებულება სარგებლობს ”08”-ს მომსახურებით.

ტარიელ გიორგაძე: ”საკრებულო, გამგეობები, ”რესპუბლიკა ბანკი”, ”თიბისი ბანკი” სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით. თანამშრომლობას ვიწყებთ ”საქართველოს ბანკთან”, ის ”ვიპ” კლიენტებისთვის ცალკე მომსახურების ქსელის გახსნას აპირებს 08-სთან ერთად. არ დავასახელებ, მაგრამ ერთერთი მობილური კავშირის კომპნია იწყებს ჩვენთან ერთად თავისი აბონენტების საინფორმაციო მომსახურებას. მოლაპარაკებები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც. ჩვენ გვირჩევნია გვყავდეს მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ცოტა მოგებით, ვიდრე გვყავდეს ცოტა მომხმარებელი და მათგან მივიღოთ დიდი მოგება. კომპანიის ბრუნვა ესაა 3000 ინფორმაცია დღეში. კრიზისამდე მთლიანად ბაზარზე 15-16 ათასამდე ინფორმაციაზე იყო მოთხოვნა. დღეს ეს მაჩვენებელი 7 ათასამდე ჩამოვიდა. თავიდან, სანამ მარკეტინგულ ნაბიჯებს გადავდგამდით, დავიწყეთ 100 ინფორმაციიდან დღეში და ავედით 3000-მდე”.

მსოფლიოში ცნობილი ბრენდის “Yellow Pages” საქართველოს გამომცემლობა დაარსდა 1999 წელს და ამ ეტაპზე მოიცავს ინფორმაციას ქ. თბილისის 45 000 ორგანიზაციის შესახებ.

ყვითელი ფურცლები თბილისი მოიცავს 5 მედია-საშუალებას:

1. სატელეფონო ცნობარი “ყვითელი ფურცლები თბილისი” (ბეჭდვითი ვერსი),
2. საოჯახო სატელეფონო ცნობარი
3. სატელეფონო ცნობარი “ყვითელი ფურცლები თბილისი” (CD-ვერსია)
4. ვებ-გვერდი: www.yellowpages.ge.
5. უფასო საინფორმაციო სამსახური 913 913,

შესაბამისად ინფორმაციის განახლების სიხშირე განსხვავებულია: ბეჭდვითი ვერსიები და CD-ვერსია გამოდის წელიწადში ერთხელ და განახლებაც ხდება ყოველ მომდევნო წელს. ვებ-გვერდზე და საინფორმაციო სამსახურისთვის კი მიმდინარეობს ბაზის ყოველდღიური განახლება.

მიხეილ კირეულიშვილი, დირექტორი: “თითოეულ ჩვენს პროდუქტს თავისი უპირატესობა აქვს. საინფორმაციო სამსახურის 913 913-ის უპირატესობაა, რომ ინფორმაციის გაცემა უფასოა; ვებ-გვერდის უპირატესობა ორგანიზაციების რაოდენობაა, აგრეთვე, მოხერხებული ინტერფეისი, ინფორმაციის ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე მოძიების საშუალება… რაც შეეხება ბეჭდვით გამოცემას, ის ორენოვანია – ქართულ-ინგლისური; მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, ორგანიზაციების რაოდენობას, ინფორმაციის მოძიების სიმარტივეს და ეფექტურ სარეკლამო ინსტრუმენტს. ხოლო ჩვენს ძირითად უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ბაზაში არა უბრალოდ რეგისტრირებული, არამედ რეალურად მოქმედი ორგანიზაციების არსებობა”.

ცნობარის ბეჭდვითი ვერსიისა და CD-ვერსიის ღირებულება 25 ლარია, საოჯახო-სატელეფონო ცნობარი 3 ლარი ღირს, ხოლო ვებ-გვერდით და სატელეფონო სამსახურით “913 913” მომსახურება უფასოა. ინფორმაცია გროვდება ორგანიზაციებში პირადი ვიზიტებისა და სატელეფონო ანკეტირების საშუალებით და სარგებლობენ როგორც ორგანიზაციები, ისე მოსახლეობა, თუმცა უფასო ცხელი ხაზის არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის.

მიხეილ კირეულიშვილი: ”არსებობს ანალოგიური საინფორმაციო გამოცემები და ვებ-გვერდები, რომელთაც ინფორმაციის სიმცირისა და არაზუსტობის გამო კონკურენტებად არ ვთვლით, რაც შეეხება “08”-სა და “09”-ს, არც ისინი არიან ჩვენი კონკურენტები, რადგან ჩვენი სატელეფონო სამსახური 913 913 გათვლილია მხოლოდ ჩვენი ცნობარის და ვებ-გვერდის მომხმარებლებზე. ზარებიც დღეში საშუალოდ 60-70-ია”.

თუ ადრე ინფორმაციის გამუდმებით საქაღალდეებსა და არქივებში ძებნა იყო საჭირო, ერთმანეთს ვეკითხებოდით და ბოლომდე მაინც ვერ ვარკვევდით ჩვენთვის სასურველი დაწესებულების ადგილსამყოფელს, დღეს ინტერნეტმა ამის თავიდან აცილების შესაძლებლობა მოგვცა. შეიქმნა საძიებო სისტემები და ვებ-გვერდები, თუმცა ადამიანებს ყველაფერი გამარტივებული და ხონჩით მორთმეული გვიყვარს, სწორედ ამიტომ, 2003 წელს ქართულ ბაზარზე ინფორმაციაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ”ინფო-თბილისი” ჯგუფმა ვებ-გვერდი შექმნა. ეს არის კარგად ორგანიზებული ინტერნეტ გვერდი, სადაც მომხმარებლისთვის საჭირო და საინტერესო მრავალი სახის ინფორმაცია იყრის თავს. საიტზე დღეს 6-7 ადამიანი მუშაობს და ის ღირსეულად იკავებს ადგილს კარგი ქართული საიტების მცირერიცხოვან სიაში. თუმცა იყო დრო, როცა ”ინფო-თბილისთან” თანამშრომლობაზე 10-დან ერთი თუ თანხმდებოდა, მაგრამ ახლა გამოცდილებაც საკმარისი აქვთ და ფსიქოლოგიურადაც იციან, როგორ იმოქმედონ უკეთ.

დავით მგალობლიშვილი, დირექტორი: ”შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ”ინფო-თბილისს” დღეში საშუალოდ სტუმრობს 2 000 უნიკალური ადამიანი. და ეს არ არის შემთხვევითი ან სათამაშოდ შემოსული ადამიანთა კატეგორია. ეს არის სამიზნე სეგმენტი, უშუალოდ დასვენების ან კონკრეტული ინფორმაციის მსურველი მომხმარებელი. საძიებო სისტემებშიც ძალიან კარგ პოზიციებზე ვართ და გარწმუნებთ, რომ არ გავჩერდებით”.

“ინფო-თბილისი”-ს ვებ-გვერდზე www.info-tbilisi.com განთავსებულია ინფორმაცია ბარების, რესტორნების, მაღაზიების, სასტუმროების და მრავალი კომპანიის შესახებ. აქ განთავსებული ინფორმაცია დატვირთულია ფოტომასალით და არის ამომწურავი. მომხმარებელს შეუძლია გაიგოს სასურველი ობიექტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, გაეცნოს რესტორნის მენიუსაც კი. აქ არის თბილისის რუკა, აფიშა, ინფორმაცია ყველა ღონსძიების შესახებ. ვებ-გვერდის მეშვეობით უცხოელი ტურისტები მეტს იგებენ საქართველოზე, მის ღირშესანიშნაობებზე, კულტურულ ცხოვრებაზე და მეტი სურვილი უჩნდებათ ჩვენთან სტუმრობის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კომპანიას აქვს კარგი შესაძლებლობა, მის შესახებ გაკეთდეს პატარა მინი გვერდი და განთავსდეს რეიტინგულ საიტზე.

დავით მგალობლიშვილი: ”ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ საიტი იყოს ყოველწუთიერად განახლებადი. ინფორმაციის წყარო ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ, უშუალოდ ჩვენი კლიენტები; ისინი თავად გვაწვიან ცვლილებების შესახებ ინფორმაციას. ვფიქრობ, მათთვის მისაღები უნდა იყოს ჩვენი პირობები, იმიტომ რომ რეიტინგულები ვართ. თან ინდივიდუალური საიტის შექმნას თანხები უნდა, ჩვენ კი მათ ვეხმარებით ყოველგვარი ინფორმაციის შეგროვებაში და ამას უფასოდ ვაკეთებთ. რაც შეეხება ჩვენს საიტზე განთავსებას, განვასხვავებთ მომსახურების 2 პაკეტს: ერთი არის, მარტო ლინკის დადება და ღირს 35 ლარი თვეში, ვისაც სურს რომ ბანერიც იყოს, ორივე ერთად ჯდება 100 ლარი თვეში“.

კომპანიების ”ლინკების” განთავსება ”ინფო-თბილისის” ვებ-გვერდზე ანბანის მიხედვით ხდება, რადგან ძალიან ბევრი კომპანიაა და არც ერთი არ დარჩეს ნაწყენი. ვებ-გვერდს ჰყავს პარტნიორი კომპანიებიც, მათ შორის პრესის წარმომადგენლები.

დავით მგალობლიშვილი: ”ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი და მძლავრი კონკურენტი არ გვყავს. ამის გამო ცოტა ვწუხვართ, რადგან ფხიზლად ყოფნა გვირჩევნია. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ უკონკურენტოები ვართ, ბევრი ცდილობს, მაგრამ ამ ეტაპზე გამიჭირდება ვინმეს დასახელება”.

ონლაინ ბიზნეს კატალოგი biz.aris.ge კი წარმოადგენს კომპანია ARIS.GE – ს, ერთ-ერთ პროდუქტს.

საიტის შექმნის იდეა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართულ ინტერნეტში არ არსებობდა ქართული ვებ რესურსი, რომელიც ქართველ ინტერნეტ მომხმარებელს მიაწვდიდა მუდმივად განახლებად და უტყუარ ინფორმაციას ორგანიზაციების შესახებ. პროექტი biz.aris.ge მზადდებოდა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო ინტერნეტში გაეშვა 2009 წლის გაზაფხულზე.

თამთა მეძმარიაშვილი, წარმომადგენელი: ”ჩვენს საიტზე მომხმარებელი იღებს, მისთვის საინტერესო ნებისმიერ ინფორმაციას კომპანიის შესახებ: მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ფილიალების სრული სია (არსებობის შემთხვევაში), ვებ-გვერდი, ელექტრონული ფოსტა, სამუშაო საათები, ”პრაის ლისტი” ან პრეზენტაცია. ასევე, საიტზე არსებულ ”საინტერესო ამბების” განყოფილებაში, ვიზიტორი ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას საქართველოში არსებულ კომპანიებში მიმდინარე საინტერესო სიახლეებიზე, აქციებსა და ფასდაკლებებზე. მომხმარებელს, ასევე შეუძლია მოიძიოს შემდეგი სახის ინფორმაცია: საწვავის ფასები, ვალუტის კურსი, ტრანსპორტის განრიგი და ა.შ.”

აღსანიშნავია, რომ biz.aris.ge – ზე ინფორმაციის მოძიება ხდება სრულიად უფასოდ, ხოლო მოძიებული ინფორმაცია არის გადამოწმებული არა ერთხელ. საიტზე მუშაობს 10-15 ადამიანი, ინფორმაციის წყაროს კი წარმოადგენენ კომპანიების წარმომადგენლები.

თამთა მეძმარიაშვილი: ”ჩვენ მათ პერიოდულად ვუკავშირდებით და ვამოწმებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას. ასევე, თავად ორგანიზაციის წარმომადგენელს, ჩვენი დახმარებით, შეუძლია შეიტანოს კორექტივები კომპანიის შესახებ ინფორმაციაში. ეს კი განაპირობებს იმას, რომ biz.aris.ge – ზე შემოსული „ვიზიტორი“ იღებს მუდმივად განახლებად და უტყუარ ინფორმაციას”.

biz.aris.ge – ს მომხმარებლები არიან ისინი, ვინც დაინტერესებულნი არიან სხვადასხვა კომპანიების საკონტაქტო ინფორმაციით, რომლსაც იღებენ სრულიად უფასოდ და ასევე სურთ შეიტყონ მიმდინარე საინტერესო სიახლეების შესახებ.

თამთა მეძმარიაშვილი: ”რაც შეეხება კონკურენტებს, ჩვენი კონკურენტები არიან საქართველოში არსებული სხვა ონლაინ ბიზნეს კატალოგები, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ინფორმაციის გადამოწმების სიხშირეს, ინფორმაციის მოცულობასა და მრავალფეროვნებას, შეგვიძლია თამამად ვაღიაროთ, რომ უპირობო ლიდერები ვართ და მუდმივად ვზრუნავთ ამ უპირატესობის შენარჩუნებისთვის”.

კონსტიტუციაში წერია, რომ ნებისმიერი მეწარმე ვალდებულია თავის მომხმარებელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაიცა თავისი საქმიანობისა და ადგილმდებარეობის შესახებ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა directory.ge-ს შექმნის იდეა. Directory ინგლისურად ცნობარს ნიშნავს და 2003 წელს დაარსდა „შპს ინტერ-ცნობარი“. ეს არის თბილისის მომხმარებლისა და მეწარმის დამაკავშირებელი ორგანიზაცია. რომელიც მომხმარებელს მეწარმის არსებობის შესახებ აწვდის ინფორმაციას, მეწარმეს კი სამომხმარებლო მოთხოვნის შესახებ. ვებ-გვერდი მოიცავს 20 000-მდე ორგანიზაციას თავისი საქმიანობის სფეროთი, მისამართით, ტელეფონის ნომრებით… აქვს ძალიან მარტივი საძიებო სისტემა, და ნებისმიერ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია ნებისმიერი ორგანიზაციის შესახებ საქმიანობის სფეროების მიხედვით.

კახა ადამაშვილი, დირექტორი: „ეს საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ გაგვეადვილებინა მომხმარებლისთვის ინფორმაიცის მიწოდება. ინფორმაციული ბაზის განახლებაზე დაახლოებით 35 ადამიანი მუშაობს, აქედან 25 ექსპერტ-კონსულტანტია, რომელიც უშუალოდ ამყარებს კონტაქტს ამ ორგანიზაციებთან. გარდა ტელეფონით კონტაქტისა, გვაქვს პირდაპირი ურთიერთობა მათთან. ჩვენ ეს ბაზა სტატისტიკის დეპარტამენტისგან გვაქვს, ზოგი ორგანიზაცია ახალია“.

Directory.ge-ს ინფორმაცია 3 თვეში ერთხელ ახლდება. ოპერატორები რეკავენ და კითხულობენ ცვლილებების შესახებ. თუმცა გადამოწმებამდეც შესაძლებელია ცვლილებების შეტანა. თუ უკვე დარეგისტრირებული ორგანიზაცია რამე საკონტაქტო ინფორმაციას შეიცლის, მას აქვს სრული საშუალება, რომ შეატყობინოს საიტის ადმინისტრაციას და ინფორმაცია დაუყოვნებლივ შეიცვლება.

ინფორმაციის მოძიება საიტზე უფასოა, ორგანიზაციის განთავსება კი ფასიანიც და უფასოც, მომსახურების პაკეტს გააჩნია. isi.ge, თბილისის მომხმარებელთა კავშირი და ინტელექტუალური ოქროს ფონდი directory.ge-ს პარტნიორი კომპანიებია.

კახა ადამაშვილი: „ეს არ არის გასართობი საიტი, ეს ბიზნეს-კლასის საიტია და გვყავს საჭირო სეგმენტი. შემთვევითი მომხარებელი აქ არ შემოდის. დაახლოებით ასეთი ტიპის საიტები არსებობს და უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩვენი უპირატესობა არის მარტივი და თვალსაჩინო საძიებო სისტემა, თბილისის ელექტრონული რუკა, რუკის მარტივი მართვის სისტემა, ამ რუკაზე განთავსებული ორგანიზაციები თავის ლოგოებით და ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ. ასევე სრულყოფილი ბაზა, ოპერტიულობა, მუდმივი განახლება. ამიტომ ჩვენს სერიოზულ კონკურენტად ვერავის ჩავთვლი“.

კომენტარები

comments