„კავკასუს ონლაინი“ „სილქნეტის“ კონკურენციას „რბილ“ სარეკლამო კამპანიას დაუპირისპირებს

თარიღი September 23, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on „კავკასუს ონლაინი“ „სილქნეტის“ კონკურენციას „რბილ“ სარეკლამო კამპანიას დაუპირისპირებს

“კავკასუსი” რეგიონებში პოზიციების გამყარებას იწყებს

ინტერნეტ-ბაზარზე კონკურენცია იზრდება. ოქტომბრიდან „კავკასუს ონლაინი“ სარეკლამო კამპანიას გაააქტიურებს, რომელიც კონკურენტ „სილქნეტის“ სარეკლამო კამპანიასთან შედარებით „მსუბუქი“ იქნება. ამის შესახებ „კავკასუს ონლაინის“ გენერალურმა დირექტორმა გია ადეიშვილმა commersant.ge-ს განუცხადა, თუმცა სარეკლამო პოლიტიკის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მაღალი ტექნოლოგიების ბაზრის ერთ-ერთი მზარდი სეგმენტი ინტერნეტ-ტელევიზიაა. ინტერნეტ პროტოკოლზე დაფუძნებული ინტერაქტიული ტელევიზია ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტია, ამიტომ  წილების ზუსტი განსაზღვრა რთულია. თუმცა, როგორც „სილქნეტის“ პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი გიორგი ჯიბლაძე აცხადებს, ამ სეგმენტში ლიდერები ისინი არიან.

„კავკასუსის ტელევიზია იგივე ტექნოლოგიას ეფუძნება, რაც სილქტივი. ამ სეგმენტში ვართ ლიდერები, ისევე როგორც ინტერნეტის ბაზარზე. ჩვენი პროდუქტი, კონკურენტისგან განსხვავებით, თბილისის გარდა, რეგიონებშიც არის წარმოდგენილი. მიმდინარეობს უახლესი ტექნოლოგიის – ოპტიკურ–ბოჭკოვანი ქსელის განვითარება დიდ ქალაქებში, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას მაღალტექნოლოგიური სერვისები – ტელეფონი, ინტერნეტი და ტელევიზია ერთდროულად შესთავაზოს აბონენტს. ამ ბაზარზე დაახლოებით  90% გვიკავია,“ – აცხადებს ჯიბლაძე. მისივე ინფორმაციით, დღეისათვის აღნიშნულ სერვისს „სილქნეტის“ 25 ათასი აბონენტი იღებს.

„კავკასუს ონლაინის“ დირექტორი კი „სილქნეტის“ 90%-იან წილს ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ ტელევიზიაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. „ამჟამად დაახლოებით 7 ათასამდე აბონენტი გვყავს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტ ტელევიზია ივლისში ავამუშავეთ. „სილქნეტი“ კი ამ სეგმენტში წელიწადზე მეტია  რაც წარმოდგენილია,“ – აცხადებს ადეიშვილი.

მისივე თქმით, „კავკასუსი“ კონკურენტს კონკურენციას რეგიონებშიც გაუწევს: წლის ბოლომდე რუსთავის ბაზარს სრულად აითვისებს და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ქუთაისსა და გორშიც დაიწყებს.

„სილქნეტში“ კი აცხადებენ, რომ ისინი პროდუქტების მრავალფეროვნების მხრივ უკონკურენტონი არიან. „მომხმარებლები იღებენ სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას – ტელეფონი, ინტერნეტი და ტელევიზია. მსგავსი შეთავაზებით ბაზარზე მხოლოდ ჩვენ გამოვირჩევით,“ – ამბობს ჯიბლაძე.

წყარო: www.commersant.ge


კომენტარები

comments