Hugo Boss–მა ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბოდიში მოიხადა

თარიღი September 23, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Hugo Boss–მა ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბოდიში მოიხადა

მოდის გერმანულმა სახლმა Hugo Boss–მა ბოდიში მოიხადა იმ ადამიანების მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიის ფაბრიკაში მუშაობას აიძულებდნენ. საუბარია საწარმოზე, რომელიც ნაცისტების ფორმებს კერავდა.

ეს განცხადება Hugo Boss–მა ზუსტად იმ პერიოდში გააკეთა, როცა გაყიდვაში გამოვიდა წიგნი კომპანიის ისტორიის შესახებ ჰიტლერის მართველობის პერიოდში. ნაშრომში, რომელიც თავად მოდის სახლის დაკვეთით გამოიცა, ნათქვამია, რომ ჰუგო ბოსი ნაცისტური პარტიის ერთგული მომხრე იყო.

წიგნი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელმაც 1924 წელს ტექსტილის ფაბრიკა აამუშავა. მისი ერთ–ერთი შეკვეთა კი იყო ყავისფერი პერანგების შეკერვა ახლადშექმნილი ნაცისტური პარტიის წევრებისთვის. ომის შემდეგ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, ჰუგო ბოსი ამტკიცებდა, რომ ნაცისტურ პარტიაში მხოლოდ საკუთარი კომპანიის გადასარჩენად შევიდა. „შესაძლოა, ეს სიმართლეცაა, მაგრამ  ჰუგო ბოსის განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მისი პირადი შეხედულებები განსხვავდებოდა ნაციონალ–სოციალისტების პოზიციისგან,“ – აცხადებს წიგნის ავტორი.

1940 წლიდან ჰოგო ბოსი საკუთარ ფაბრიკებში იძულებითი მუშახელის, განსაკუთრებით ქალების შრომას იყენებდა. მათთვის ცალკე ბანაკიც კი ააშენეს, სადაც ჰიგიენური მდგომარეობა და პროდუქტებით მომარაგება სტანდარტებისგან შორს იყო.
კომპანიამ საკუთარ საიტზე განათავსა განცხადება, რომელშიც გამოთქვა ღრმა მწუხარება იმ ტანჯვის გამო, რომელიც ნაცისტების დროს ბოსის ქარხანაში მომუშავე ადამიანებმა განიცადეს.

წყარო: www.commersant.ge

კომენტარები

comments