რა უნდა იცოდეთ ფასდაკლებების საიტებით სარგებლობისას

თარიღი February 20, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა იცოდეთ ფასდაკლებების საიტებით სარგებლობისას

ბიზნესის წარმატების საზომად 2 მაჩვენებელი გამოიყენება: მომხმარებელთა რაოდენობა და წლიური ბრუნვა. შესაძლებელია მათი ერთდროულად გაზრდა? ამის დიდი იმედით, მეწარმეები სულ უფრო აქტიურად მიმართავენ ყოველდღიური ფასდაკლებების საიტებს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი შეთავაზებები თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის გამოიყენოთ:

  1. შეაფასეთ სამიზნე სეგმენტი
  2. მოემზადეთ მომხმარებელთა ახალი ნაკადისათვის
  3. გონივრულად შეარჩიეთ შეთავაზება
  4. გადააჭარბეთ მომხმარებელთა მოლოდინს
  5. შეაფასეთ ხარჯები შეთავაზებების დადებამდე და მას შემდეგ
  6. მიეცით მომხმარებელს უკან დაბრუნების სტიმული
  7. ნუ გაწყვეტთ მათთან ურთიერთობას მომსახურების გაწევისთანავე

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბევრი კომპანია სერიოზული პრობლემების წინაშე დგება ახალი მოთხოვნის გაჩენასთან დაკავშირებით. ყველაზე ცუდი ამ დროს ისაა, რომ მათი მოგვარება ძველი მომხმარებლების შევიწროებას ან საერთოდ უგულებელყოფას იწვევს.

ყოველდღიური შეთავაზებების მომხმარებელებისაგან ხშირად ისმის უკმაყოფილება შეძენილ და რეალურ პროდუქტს/მომსახურებას შორის არსებულ სხვაობასთან დაკავშირებით, რომელთაგან უმთავრესია არამეგობრული პერსონალი და მომსახურების დაბალი ხარისხი. ამის შედეგად იღებთ არა ახალ კლიენტს, არამედ უკმაყოფილო ინდივიდს, რომელიც თქვენი კომპანიის შესახებ უარყოფითი ინფორმაციის გავრცელების უმთავრესი წყაროა. ამის თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ მოლოდინს გადააჭარბოთ.

იძენთ თუ არა მსგავსი შეთავაზებებით ახალ მომხმარებლებს? ფორესტერის კვლევის თანახმად, მათი 51% ფასდაკლების მიუხედავად, მაინც შეიძენდა მოცემულ პროდუქტს. გამოწერილი მეილების ადრესატთა 36%–ს კი არასდროს უსარგებლია ყოველდღიური შეთავაზებით. ეს გავლენას ახდენს ელ. ფოსტის მნიშვნელობაზეც, რადგან სულ უფრო რთული ხდება მათი გამოყენება მომხმარებლებისათვის სხვა შეთავაზებების გასაკეთებლად.

მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო პერიოდში სულ უფრო იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც  ხშირად მიმართავენ ყოველდღიური შეთავაზებების საიტებს ან მომავალში აპირებენ ამის გაკეთებას. აღნიშნულის უმთავრესი მიზეზი ფინანსური რესურსების დაზოგვის სურვილია, თუმცა სანამ შეკვეთას გააკეთებთ, შემდეგ რჩევებს გაეცანით:

1.  საწყისი ფასი – როგორც წესი, ყოველდღიური შეთავაზებების საიტები პროდუქციაში გადახდილი თანხიდან საკმაოდ დიდ პროცენტს თვითონ იტოვებენ. მსგავსი ხრიკების წყალობით დაწესებული ფასები ხშირად 50-90%–იან ფასდაკლებას გპირდებათ, თუმცა  სინამდვილეში ასე არაა.  შეთავაზების შეძენამდე კარგად დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად სარფიანი იქნება თქვენთვის.

2. სანდოობა – არაერთი ნეგატიური სიახლე არსებობს ყოველდღიური შეთავაზებებით მაქინაციებთან დაკავშირებით, რაც მათ გამოყენებას გადაგაფიქრებინებთ. ზოგჯერ ფასდაკლებით მიღებული სარგებელი წარმოუდგენლადაც კი შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ეს არ გამორიცხავს რეალურად მათ არსებობას. მოიძიეთ ინფორმაცია შეთავაზებების წარმომდგენ კომპანიებზე. დარწმუნდით ვებ–გვერდის სანდოობაზეც და ნურასდროს გაანდობთ ვინმეს საკრედიტო ბარათის დეტალებს.

3. საათი – წამზომი, რომელსაც აქტიურად იყენებენ ფასდაკლებების საიტზე, სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს მომხმარებელზე და მათ იმპულსური შესყიდვებისკენ უბიძგებს. დიდი ალბათობაა იმისა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი შეთავაზება გამეორდება და კვლავ მიიღებთ მათ შესახებ ინფორმაციას მეილის საშუალებით.

4. შეთავაზებების „გადაყიდვა“ – ბიზნესი, რომელიც ყოველდღიურ შეთავაზებებს აკეთებს, მოგების დიდ ნაწილს იმ ადამიანებისაგან იღებს, ვინც ფასდაკლების გარეშე არასდროს შეიძენდა მოცემულ პროდუქტს. ნუ გააკეთებთ მსგავსი ტიპის შეკვეთას. თუ იხდით თქვენთვის მნიშვნელოვან თანხას, შენაძენიც  გამოიყენეთ და მიიღეთ მისი საშუალებით სარგებელი. საჩუქრად გაცემის შემთხვევაში კი დაარწმუნეთ მომავალი მესაკუთრე მისი საჭიროების აუცილებლობაში.

5. გამოყენების ბოლო ვადა და სანქციები – ეს ორი დეტალი ბევრი პრობლემის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ნებისმიერი დღის შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას კუპონის გამოყენების მკაფიოდ განსაზღვრული ვადებისა და მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ. თუ თქვენს კუპონს გამოყენების ვადა ამოეწურა, ყველაფერი დაკარგული არაა. შესაძლებელია ის ჩვეულებრივი შეკვეთის ნაწილად ჩათვალოს კომპანიამ და მხოლოდ სხვაობის დამატება მოგიწიოთ. მაგ. თუ 50 ლარის ნაცვლად ფასდაკლებით 30 ლარი გადაიხადეთ და თქვენს კუპონს ვადა გაუვიდა, კვლავ შეგიძლიათ მისი განაღდება  დარჩენილი 20 ლარის დამატებით.

6. სიახლეების გამოწერის გაუქმება – თუ დრო თქვენთვის მნიშვნელოვანია და არ გსურთ მისი დახარჯვა ნაკლებად საინტერესო შეთავაზებების გაცნობაზე, ყოველთვის შეიძლება მეილის ბოლოს იპოვოთ გამოწერის გაუქმების ფუნქცია. ბევრისათვის უცნობია ის ფაქტი, რომ მსგავსი ლინკის არარსებობა არალეგალური საქციელია.

7. გადაამოწმეთ ყველა შეთავაზება – დღეს უკვე ფასდაკლებების არაერთი საიტი არსებობს, სადაც ხშირად მსგავსი ტიპის შეთავაზებებია წარმოდგენილი. თუ კონკრეტულ ნივთს ეძებთ, ნუ მოერიდებით მის ყველგან მოძებნას საუკეთესო ვარიანტის ასარჩევად.

წყარო:

www.forbes.com/sites/deborahljacobs/2012/12/05/six-things-you-might-not-know-about-daily-deals

www.forbes.com/sites/theyec/2012/10/22/daily-deal-sites-boon-or-bust-for-your-business-sales

კომენტარები

comments