როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა
თარიღი September 16, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა
იმის მიუხედავად, ახალ ბიზნესს იწყებთ თუ არსებულის განვითარებას გეგმავთ, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ბიზნეს გეგმის, წარმატების მიღწევის გზის დასახვა. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არა ის, დაწეროთ თუ არა ბიზნეს გეგმა, არამედ როგორ შეადგინოთ ის ისე, რომ სასურველი მიმართულებით წაიყვანოთ საქმიანობა. ბიზნეს გეგმა წარმოადგენს პასუხს მთელ რიგ შეკითხვებზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია–რა არის ბიზნესის პროგრამა მაქსიმუმი, ანუ საით მიგყავთ საქმე? რას ელით სამი, ხუთი ან თუნდაც ათი წლის შემდეგ? რა შემოსავალი და მოგება გიფიქსირდებათ მოცემულ მომენტში? რამდენი ადამიანია დასაქმებული? გაქვთ თუ არა ფილიალები და ა.შ.
სწორედ ამ და სხვა არაერთ კითხვას უნდა პასუხობდეს ბიზნეს გეგმა, თუმცა შედარებით მოკლევადიან პერიოდში, ჩვეულებრივ ერთ წელზე გაანგარიშებით. ჩამოწერეთ ის მიზნებიც, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც ჩათვლით თავს წარმატებულად. გთავაზობთ საკითხებს, რომელთა განხილვაც გარდაუვალია ნებისმიერი ბიზნესის გეგმის შედგენისას:
- კომპანიის დეტალური ანალიზი – რა პროდუქტს და მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს ახლა და აპირებთ თუ არა მათ განვითარებას მომავალში?
- საქმიანობის ანალიზი – რამდენადაა გაჯერებული ბაზარი და ცვლილების როგორი ტენდენციით ხასიათდება? რა ფაქტორები ახდენს გავლენას და შეუძლიათ თუ არა მათ დაბრკოლებას წარმოადგენდნენ?
- კონკურენტთა ანალიზი – ვინ არიან ისინი და რა ნაკლოვანება–უპირატესობა გააჩნიათ? რა წარმოადგენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას?
- მომხმარებელთა ანალიზი–ვინაა სამიზნე სეგმენტი? რა ფსიქოლოგიური და დემოგრაფიული მახასიათებლები გააჩნიათ? რა მოთხოვნებით ხასიათდებიან?
- მარკეტინგული აქტივობების გეგმა–როგორ დაუკავშირდებით სამიზნე სეგმენტს? რა სარეკლამო საშუალებებს გამოიყენებთ? როგორ შეაფასებთ საკუთარ პროდუტს და მომსახურებას? რა ადგილის დამკვიდრებას ისურვებდით თქვენი ბრენდისთვის?
- მმართველი გუნდი – ვინ არიან გუნდის წევრები მოცემულ მომენტში და რა საკადრო ცვლილებას გეგმავთ მომავალში გეგმის მისაღწევად?
- ძირითადი სამოქმედო გეგმა – რის გაკეთებას აპირებთ? რა გამოწვევების გადალახვა მოგიწევთ ახლა არსებული წერტილიდან სასურველ ადგილამდე მისაღწევად მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?
- ფინანსური გეგმა – დამატებით რა რესურსების მოძიება დაგჭირდებათ წარმატების მისაღწევად? სად აპირებთ ინვესტირებას? რა არის პროექტების შემოსავალი და მოგება უახლოესი 5 წლის მანძილზე? საბოლოო ჯამში, რა მიზნის მიღწევა გსურთ?
ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ სპეციფიკური ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებაში, რომელიც საბოლოოდ მთავარი დასკვნის გაკეთებას გაგიადვილებთ: რა უნიკალური თვისება გააჩნია ბიზნესს უპირობო წარმატების მისაღწევად?შესაძლოა ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდეს: მმართველი გუნდი, ინოვაციური ტექნოლოგიები ან პარტნიორები. მთავარია არსებობდეს ასეთი უპირატესობა, რათა კონკურენტებმა მარტივად არ შეძლონ მომხმარებლების გადაბირება.
ასე რომ, თუ ფიქრობთ, როგორ დაწეროთ ბიზნეს გეგმა, პირველ რიგში ჩამოთვლილ კითხვებზე გაეცით პასუხი. ინვესტორების მოსახიბლად აუცილებელია პროექტის სტრუქტურაც გამართული იყოს, თუმცა მთავარი შინაარსია, მასში წარმოდგენილი სტრატეგია და ხედვა, რომელსაც საბოლოო ჯამში გამარჯვებამდე მიჰყავს კომპანია.