მანამ, სანამ ანაზღაურების მომატებას მოითხოვთ

თარიღი September 11, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მანამ, სანამ ანაზღაურების მომატებას მოითხოვთ

მიუხედავად იმისა, საქმე რამდენიმე თვის კადრს ეხება თუ დიდი ხნის თანამშრომელს, ანაზღაურებაზე საუბრისას მთავარი კომუნიკაციის სწორი მეთოდის შერჩევაა.  Salary.com–ის გამოკითხვამ გამოავლინა, რომ დასაქმებულთა მხოლოდ 37% საუბრობს მენეჯმენტთან ამ თემასთან დაკავშირებით, 18% კი ყოველთვის თავს არიდებს მას. მართალია, კომუნიკაცია გარკვეულ უხერხულობას ბადებს, თუმცა მისგან თავის შორს დაჭერა გაცილებით ნეგატიური შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ლინდა ბაბქოკის კვლევის თანახმად, ქალბატონების მხოლოდ 7%, მამაკაცების შემთხვევაში კი 57% საუბრობს დამსაქმებელთან ანაზღაურების დეტალებზე, რასაც შედეგად 7%–იანი ზრდა მოსდევს. მართალია, ეს არც ისე ბევრია, თუმცა იმდენივეთი ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანს რამდენიმე წლით მეტით მუშაობა მოუწევს პენსიაზე გასვლისას იდენტური დანაზოგი მოსაგროვებლად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, საქმე პირველ სამსახურს ეხება თუ მეხუთეს, გაბედეთ მენეჯმენტთან გასაუბრება. გთავაზობთ რჩევებს, რომელიც ამ დროს დაგეხმარებათ:

 1.    შეისწავლეთ ბაზარი და საკუთარი თავის ღირებულება

ადეკვატური ანაზღაურების მისაღებად არსებითი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ დარგში ხელფასების შესწავლას როგორც ადგილობრივად, ასევე რეგიონის მასშტაბით, რადგან განსაზღვრული რიცხვის არცოდნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ძალიან მარტივად შეძლებს სიტუაციის თავის სასარგებლოდ წარმართვას. მოიძიეთ საშუალო მაჩვენებლები, რომელშიც ვებ გვერდები Payscale და Glassdoor დაგეხმარებათ ან ჰკითხეთ რეკომენდაცია მსგავს პოზიციაზე დასაქმებულ როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს, რათა გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი არ გახდეთ.

 2.    გაესაუბრეთ სხვა კომპანიის რეკრუიტერებს

მათ კარგად იციან თქვენი შესაბამისი გამოცდილებისა და განათლების ღირებულება, ამიტომ გამოიყენეთ შანსი. გაესაუბრეთ მათ ამა თუ იმ პოზიციის ვალდებულებებისა და ანაზღაურების შესახებ. შესაძლოა, ზუსტი რიცხვი ვერ მიიღოთ, თუმცა შუალედსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

 3.    საორიენტაციოდ აიღეთ ანაზღაურების შუალედის ზედა ზღვარი

კვლევის შემდეგ საკუთარი თავის ღირებულების გარკვეულ შუალედს იპოვით, თუმცა ნუ აიღებთ საშუალო მაჩვენებელს. დამსაქმებელთან მოლაპარაკება ზედა ზღვრიდან დაიწყეთ, რადგან ჩვეულებრივ ისინი შემცირებულზე დაყოლიებას შეეცდებიან, თქვენ კი უკან დასახევი გზა უნდა გქონდეთ.

 4.    წინასწარ მოამზადეთ სასურველი ანაზღაურების ზუსტი რიცხვი

კოლუმბიის ბიზნეს სკოლის კვლევის თანახმად, დამსაქმებელზე უფრო დიდ გავლენას შუალედზე მეტად, ზუსტი მაჩვენებელი ახდენს (მაგ. 1350, ვიდრე 1500). შედეგად, მასთან მაქსიმალურად მიახლოებული ანაზღაურების მიღების შანსი გაცილებით მეტია, რადგან ეს აპლიკანტის მიერ სათანადოდ მომზადებასა და ბაზრის ანალიზს უსვამს ხაზს.

 5.    ნუ შეუშინდებით შეთავაზებაზე უარის თქმას

მოთხოვნების განსაზღვრის პარალელურად, აუცილებელია უარისთვის მზადყოფნაც. საჭიროა დაადგინოთ ანაზღაურების ის ნიშნული, რომლის ქვევით ჩამოსვლის შემთხვევაში არ მიიღებთ წინადადებას. ეს შეგიძლიათ გამოთვალოთ ფინანსური საჭიროებების, საბაზრო ღირებულების, ან უბრალოდ, საკუთარი სურვილის გათვალისწინებით. შეთავაზების უარყოფა არც ისე მარტივია, თუმცა უნდა იცოდეთ, როდის თქვათ „არა“.

 6.    მოემზადეთ ამ თემაზე სასაუბროდ

სანამ ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდეთ, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები. მაგ. რამდენად დიდი ხანია, რაც კონკრეტულ სამსახურში ხართ? მოგემატათ თუ არა პასუხისმგებლობა მას შემდეგ, რაც დასაქმდით? აკმაყოფილებთ თუ არა მოთხოვნებს და უფრო მეტიც, აჭარბებთ თუ არა მას? ყველა ამ კითხვაზე პასუხი დადებითი უნდა იყოს.

7.    შეარჩიეთ სწორი დრო

მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ადამიანთა უმრავლესობა ელოდება მომენტს, როდესაც მენეჯმენტი მიმოიხილავს სეზონს და შემდეგი წლის სამოქმედო გეგმას გაწერს. სინამდვილეში ამ დროს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. დაიწყეთ ანაზღაურების ზრდაზე საუბარი 3–4 თვით ადრე. სწორედ ამ დროს იწყება ბიუჯეტის დაგეგმვა.

 8.    შეაფასეთ საკუთარი მიღწევები

საქმე ეხება ერთგვერდიან ანალიზს, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენი, როგორც თანამშრომლის მნიშვნელობას. ხაზი გაუსვით ყველა მიღწევას და ჯილდოს. საჭიროების შემთხვევაში, მოიშველიეთ თანამშრომლებისთვის გაწეული დახმარების მაგალითებიც. ყველაფერი ეს დაარწმუნებს დირექტორატს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობაში.

 9.    ივარჯიშეთ

ჩამოწერეთ სათქმელი და გაითამაშეთ სიტუაცია სარკის წინ, ჩაწერეთ ვიდეო ან სთხოვეთ მეგობარს შეასრულოს რეკრუიტერის როლი. გააკეთეთ ეს მანამ, სანამ თემაზე სასაუბროდ თავს მაქსიმალურად კომფორტულად არ იგრძნობთ.

 10. დანიშნეთ შეხვედრა ხუთშაბათს

კვლევებით დადასტურდა, რომ ხუთშაბათს გაკეთებულ მოთხოვნას დაკმაყოფილების უფრო დიდი შანსი აქვს. როგორც კი კვირის დასაწყისის დაძაბულობა გაივლის, გაცილებით ღია ვხდებით ურთიერთობებისთვის. ხუთშაბათი და პარასკევი ამისთვის საუკეთესო პერიოდია, რადგან საქმეების უმრავლესობა მოგვარებულია და არც ამ საკითხის შემდეგი კვირისთვის გადადებას ისურვებდნენ, ამიტომ მაქსიმალურად სწრაფად ეცდებიან მის მოგვარებას.

წყარო

კომენტარები

comments