Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

თარიღი October 6, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

დაივიწყეთ მისი სამსახურში დაბრუნების შესახებ! დაივიწყეთ Macintosh, iPod და iPad… დაივიწყეთ ყველაფერი, რის შესახებაც Apple-ი მომავალში განაცხადებს! Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივენ პოლ ჯობსის ცხოვრება პრაქტიკულად მთელი ისტორია იყო, ბრწყინვალე ისტორია – შეიძლება ასეც ითქვას. ეს ისტორია დასრულდა ოთხშაბათს… ჯობსი 56 წლის იყო.

„სტივი ოჯახის გარემოცვაში მშვიდად გარდაიცვალა“, – განაცხადა ჯობსის ოჯახმა კომპანია Apple-ის მეშვეობით, – „მისი საზოგადოებრივი ცხოვრება ცნობილი იყო, როგორც სამაგალითოდ აქტიური, ხოლო პირად ცხოვრებას რაც შეეხება, სტივ ჯობსი სათუთად უვლიდა და უფრთხილდებოდა საკუთარ ოჯახს.“

ჯობსი სან ფრანცისკოში დაიბადა 1955 წლის 24 თებერვალს. მისი ბიოლოგიური მშობლები იყვნენ იოანა შიბლი და აბდულფატა ჯანდალი. შემდეგ კი პატარა სტივენი პოლ და კლარა ჯობსებმა იშვილეს. მოგვიანებით ისინი სტივთან ერთად საცხოვრებლად სან მატეოში (კალიფორნია) გადავიდნენ.

ჯობსს სიმდიდრის მისაღწევად ტრადიციული გზებისთვის არ მიუმართავს. Oregon’s Reed College-ში ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ, სტივმა მიატოვა კოლეჯი და კალიფორნიაში დაბრუნა. 1976 წელს მან ავტოფარეხში Apple-ის პირველი კომპიუტერი ააწყო თავის მეგობარ სტივ ვოზნიაკთან ერთად, რომელიც ასევე კოლეჯიდან იყო გამოქცეული.

1980 წელს ჯობსმა აქციები საზოგადოებას მიჰყიდა. ბიჭების შემდეგი შექმნილი კომპიუტერი Macintosh კი უკვე კომპანიის პირველი ჰიტი გახდა. Macintosh პირველი კომპიუტერია, რომელიც ფართო ბაზარზე გრაფიკული ინტერფეისით და ე.წ. „მაუსით“ მოევლინა მომხმარებელს.

1985 წელს Apple-ში შიდა დაპირისპირებების ფონზე სტივ ჯობსმა კომპანია დატოვა. Apple სავალალო სიტუაციაში აღმოჩნდა. კომპანიას არ ჰქონდა ნაღდი ფული, უამრავი თანხა უსარგებლოდ დახარჯეს ისეთ პროდუქტზე, როგორიცაა Newton, შეიცვალეს რამდენიმე ხელმძღვანელი. კომპანია ქაოსის ზღვარზე იყო. სტივ ჯობსი 1996 წელს დაბრუნდა კომპანიაში და რევოლუციური ცვლილებები განახორციელა. წლების განმავლოში მან საზოგადოებას გააცნო, iPhone, iPad, ამავდროულად ჯობსი ხელმძღვანელობდა Pixar Animation Studios, რომელიც მან 1986 წელს შეიძინა. Pixar Animation Studios-ს ეკუთვნის თანამედროვე კლასიკად ქცეული ანიმაციები, როგორიცაა: Finding Nemo, Ratatouille, WALL-E, Toy Story ტრილოგია. 2007 წელს Pixar Disney-მ შეიძინა 7.4 მილიარდ დოლარად.

2004 წელს ჯობსს კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. შემდეგ იყო მკურნალობების სერია, რომელსაც მედია და საზოგადოება აქტიურად ადევნებდა თვალყურს.

“თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით, ნუ გაებმებით დოგმის ხაფანგში, რომელიც სხვა ადამიანებმა შექმნეს. გაბედეთ და ენდეთ თქვენს შინაგან ხმას და ინტუიციას… მათ უკეთ იციან რა გინდათ სინამდვილეში. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.” – თქვა ჯობსმა თავის სიტყვაში, როცა ის 2005 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში საჯაროდ გამოვიდა.

მართლაც, მომდევნო წლებში ჯობსს დრო არ დაუკარგავს. მომხმარებელს მან 2007 წელს ჯერ iPhone და 2010 წელს iPad გააცნო. ამ ორმა პროდუქტმა მთლიანად გადაასხვაფერა კომპანია. Apple დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ღირებული ტექნოლოგიური კომპანიაა.

„დავბრუნდები, როგორც კი შევძლებ“ – თქვა ჯობსმა კომპანიიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო წასვლის დროს. ეს იყო ჯობსის მესამე წასვლა Apple-დან ავადმყოფობის გამო 2004 წლის შემდეგ.

ჯობსი კომპანიაში აღარ დაბრუნებულა.

2011 წლის 24 აგვისტოს ჯობსი Apple-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგა და მისი მოვალეობები ტიმ კუკმა შეითავსა. სტივ ჯობსს მეუღლე ლაურა ჯობსი და 4 შვილი დარჩა.

წყარო: www.forbes.com

კომენტარები

comments