როგორ გამოვიყურებოდეთ თავდაჯერებულად?

თარიღი March 27, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გამოვიყურებოდეთ თავდაჯერებულად?

     ხშირად წარმატების უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორს მარცხის შიში და საკუთარი თავისადმი რწმენის ნაკლებობა წარმოადგენს. გსურთ, თქვენი საუბარი ყველას ესმოდეს ან უფრო გამბედავი იყოთ?  ნუ განიცდით იმას, რომ სხვებთან შედარებით მორცხვი დაიბადეთ, რადგან ეს “პრობლემა” მუშაობის შედეგად ადვილად მოგვარებადია.

 

1. იზრუნეთ გარეგნობაზე – მოგწონთ ეს თუ არა, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ გამოიყურებით. როდესაც იფიქრებთ, რომ თავდაჯერებული, გამბედავი ადამიანის იმიჯი გაქვთ, მალე შინაგანადაც იგრძნობთ ამას, რისთვისაც სულაც არაა აუცილებელი მთელი გარდერობის განახლება. საჭიროა მხოლოდ სისუფთავე, კომფორტის შეგრძნება და შინაგანი კმაყოფილება. ითამაშეთ მანამ, სანამ თავად არ დაიჯერებთ.

2. აკონტროლეთ სხეულის ენა, რადგან მარტივი ჟესტებიც კი მნიშვნელოვან შეტყობინებას აწვდის მეორე მხარეს თქვენი თავდაჯერებულობის შესახებ. ნუ გადააჯვარედინებთ ხელებს და ფეხებს, რადგან ამით ქვეცნობიერად კომუნიკაციაზე უარს აცხადებთ. ასევე, არ ჩამოუშვათ მხრები, გაიმართეთ წელში და თავი ზევით ასწიეთ. შედეგად არა მხოლოდ საზოგადოებას, საკუთარ თავსაც კი დააჯერებთ. კვლევებით დადასტურდა, რომ სხეულის განსაზღვრული დგომა კონკრეტული მიმართულებით აზროვნებას უწყობს ხელს.  ამასთან, თავდაჯერებული სხეულის ენა სტრესის დაბალ დონესაც უკავშირდება. ნუ დაივიწყებთ ღიმილსაც. ვერც კი წარმოიდგენთ, ამ მცირე დეტალსაც კი როგორ შეუძლია ადამიანი კარგ განწყობაზე დააყენოს. როგორ წარმოგიდგენიათ მოღუშულ ადამიანთან ურთიერთობა? ალბათ არ ისურვებდით. თუ შიშობთ, რომ ყალბი შეიძლება გამოჩნდეთ, ოდნავ გაიღიმეთ, რადგან მისი ამოცნობა კილომეტრიდანაა შესაძლებელი.

დაამყარეთ თვალით კონტაქტი – ნუ შეგეშინდებათ მოსაუბრის აწეული წარბის, რადგან ეს იმის დასტურია, რომ თქვენ კომუნიკაციის ღირსი ხართ. თვალი სულის სარკეა, ამიტომ ის ხაზს უსვამს თქვენს თავდაჯერებულობას, რაც საბოლოო ჯამში თქვენდამი რწმენას აღვივებს და მოსაუბრეც უფრო დაფასებულად გრძნობს თავს. თუ ამას საკუთარი თავისთვის ვერ აკეთებთ, სხვებს მაინც ეცით პატივი. ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტი, რათა გაარკვიოთ ვინ უფრო მორცხვია თქვენს შორის. დაამყარეთ თვალით კონტაქტი მოსაუბრესთან და დააკვირდით, ვისი მზერა გასტანს უფრო დიდხანს.  ამის მთავარი მიზანი იმის გამორკვევაა, რომ საპირისპირო მხარე ისევე ნერვიულობს თქვენთან საუბრისას, როგორც თქვენ. თუ წააგეთ, უბრალოდ გაიღიმეთ.

3. გააანალიზეთ საკუთარი ნაკლოვანებები და უპირატესობები – მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ცუდ განწყობაზე ხართ. მოიკრიბეთ ძალა და გაიხსენეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ეს დათრგუნავს უარყოფით ემოციებს და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. იფიქრეთ მეგობრებზე, ნიჭზე და რაც მთავარია, ხასიათზე (პიროვნებაზე). გაიხსენეთ კომპლიმენტები და დაფიქრდით იმ საკითხებზე, რომლებზეც სხვისი მითითების გარეშე არ გაამახვილებდით ყურადღებას.

     მეორე მხრივ, ჩამოწერეთ ის ფაქტორები, რომელიც საკუთარი თავისადმი რწმენას გინელებთ. მაგ. დაბალი შედეგები, მცირე რაოდენობის მეგობრები. შემდეგ კი შეეკითხეთ საკუთარ თავს, ლოგიკურია ეს ფაქტორები თუ ისინი მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაწილია? რა თქმა უნდა, არ შეიძლება ერთმა მცირე დეტალმა იქონიოს გავლენა თქვენს თვითშეფასებაზე.  მაგ. ერთ–ერთ დავალებაში მიიღეთ დაბალი შედეგი, რის გამოც დაკარგეთ საკუთარი თავის რწმენა მორიგი საქმის კეთებისას. თუმცა დაფიქრდით, უკეთეს შედეგს მიიღებდით თუ არა თავდაუზოგავად მუშაობის და დავალების სათანადოდ შესრულების შემთხვევაში? რა თქმა უნდა კი. ამიტომ ნუ მისცემთ ერთ წარუმატებელ ნაბიჯს თქვენი თავისადმი რწმენის შემცირების საშუალებას.

4. ესაუბრეთ უცნობებს – თავდაჯერებულობა ჩვევაა, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია. იმისათვის რომ გამოავლინოთ ის, საჭიროა შესაბამისი ქმედებები. მაგ. უცხო ადამიანებთან საუბარი, რომელიც სულ უფრო გაგიღვივებთ საკუთარი თავისადმი რწმენას.

5. თავი შეიკავეთ ზედმეტი ბოდიშებისგან – მართალია, ეს ზრდილობიანი ჟესტია, რომელიც ბევრს არ ახასიათებს, თუმცა ფრთხილად იყავით და გამოიყენეთ ის მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. თუ მიუღებელი ქმედება ჩაიდინეთ, ბოდიში თქვენს ზრდილობას გაუსვამს ხაზს, თუმცა უდანაშაულობის შემთხვევაში ეს ჟესტი სუბორდინაციას აჩენს და ისე წარმოჩინდებით, თითქოს ასეც უნდა მოქცეულიყავით.  გარდა იმისა, რომ მუდმივი ბოდიში საკუთარი თავის რწმენას შეგიმცირებთ, დროთა განმავლობაში ღირებულებასაც დაკარგავს. „ბოდიში“, ისევე როგორც „მიყვარხარ“, გრძნობით უნდა იყოს ნათქვამი.

6. სიამოვნებით მიიღეთ კომპლიმენტები – თქვენ დაიმსახურეთ ეს. გაიღიმეთ, გადაიხადეთ მადლობა და თვალებით კონტაქტსაც ნუ დაივიწყებთ. ეს არაფერს ავნებს თქვენს თავმდაბლობას, პირიქით, ზრდილობასა და თავდაჯერებულობას გაუსვამს ხაზს. თქვენც ნუ დაიშურებთ საპასუხო კომპლიმენტებს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მოქმედებს ეს ადამიანის დადებით განწყობაზე.

გახსოვდეთ, სრულყოფილი არავინაა. ნუ შეგეშინდებათ იმის, თუ რას იფიქრებენ სხვები. ჩაიხედეთ სარკეში. შესაძლოა, სულაც არ იყოთ კმაყოფილი საკუთარი გარეგნობით, თუმცა ნუ განსჯით სხვებს ამ ნიშნის მიხედვით და ნურც მათ მისცემთ ამის უფლებას.

წყარო

კომენტარები

comments