სავიზიტო ბარათებში დაშვებული შეცდომები

თარიღი November 6, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on სავიზიტო ბარათებში დაშვებული შეცდომები

პროფესიონალებს შორის საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის ერთ–ერთ უმთავრეს გზად კვლავ სავიზიტო ბარათები რჩება. თუ თქვენც აქიურად მიმართავთ ამ მეთოდს, თუმცა გამოხმაურება არასდროს მოჰყოლია, შესაძლოა ეს არასწორად შედგენილი ბარათით იყოს გამოწვეული. გაგაცნობთ ყველაზე მნიშვნელოვან შეცდომებს:

– დაბალი ხარისხის ან პრიალა ფურცელი – სავიზიტო ბარათთან შეხებისას პირველ რიგში ყურადღებას ხარისხი და დიზაინი იპყრობს. თხელი და გამჭვირვალე ფურცელი ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად დაზოგვილი ფინანსების მანიშნებელია, თუმცა საუბარი არ ეხება ბარათებზე კოლოსალური ბიუჯეტის დახარჯვასაც. საჭიროა მხოლოდ იმის გათვლა, რა მიზნის მიღწევა გვსურს და როგორ უნდა წარმოაჩენდეს ბარათი ბიზნესს. კლიენტის მიერ ბარათისთვის უხარისხო იარლიყის მიწებების შემდეგ, იგივე განწყობა შეინიშნება მომსახურებებთან მიმართებაშიც. დაუშვებელია პრიალა ფურცლის გამოყენებაც, რადგან პროფესიონალებს ხშირად სურთ სავიზიტო ბარათზე დამატებითი მონაცემების ჩანიშვნა მომსახურებასთან დაკავშირებით. არასწორად შერჩეულმა ფურცელმა კი შესაძლოა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რითიც თავად შეუწყობთ ხელს მათი მხრიდან ინტერესის დაკარგვას.

– პატარა და ღია ფერის შრიფტი – ფურცლის ხარისხის შერჩევის შემდეგ წინა პლანზე ბარათზე დატანილი ინფორმაცია გადმოდის, რომლის უმთავრესი წესია ადვილად წაკითხვადობა მათთვისაც კი, ვინც თვალის მოკვრით ცდილობს ინფორმაციის მიღებას. გარდა იმისა, რომ წვრილი ასოებით და ღია ფერით დაწერილი მონაცემები უინტერესოა, შესაძლოა შეცდომით გაიგზავნოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამიტომ ღირს თავის შეწუხება დიზაინის ელემენტების დაგეგმვაზე.

– პოზიციის და სლოგანის გამოტოვება – მარტივად დასამახსოვრებლად ნუ დაივიწყებთ საკუთარი სტატუსის ან კომპანიის სლოგანის მითითებას. გამოყავით და გამოკვეთეთ პერსონალური მონაცემები. ეს ერთ–ერთი მიზეზია, რის გამოც მომხმარებელმა შესაძლოა უპირატესობა მოგანიჭოთ მრავალ ბიზნესს შორის. ბარათზე ერთი დახედვითაც კი უნდა შეიძლებოდეს საქმიანობის გამოცნობა.

– მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომერი – მას შემდეგ, რაც მომხმარებელი თქვენთან დაკავშირებას გადაწყვეტს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სრული საკონტაქტო ინფორმაციის ნათლად მითითებას. თუ არ გსურთ თქვენი კომპანია მხოლოდ უსარგებლო ფურცლად გადაიქცეს და ურნაში აღმოჩნდეს, მიუთითეთ თქვენთან დაკავშირების ყველა შესაძლოა საშუალება (მეილი, სოციალური გვერდების მისამართები და ა.შ.), რადგან ეს 24/7–ზე კავშირზე ყოფნის შესანიშნავი საშუალებაა. სწორედ ამიტომ კომპანიას არა მარტო უნდა გააჩნდეს ეს პროფილები, საჭიროა მათი სავიზიტო ბარათზე დატანაც. მხოლოდ ერთხელ დაკლიკვით კლიენტებს თქვენთან დაკავშირებას გაცილებით გაუადვილებთ. თუმცა ამავე დროს ეცადეთ არ გადატვირთოთ სოციალური ქსელი ზედმეტად პირადული ფოტოებით. უკიდურეს შემთხვევაში შექმენით ცალკე პროფილი ოფიციალური მიმოწერისთვის.

– კორპორატიული სტილის იგნორირება – ნებისმიერი წვრილმანი დეტალი, რომელსაც სავიზიტო ბარათზე დაიტანთ, ზუსტად უნდა ჯდებოდეს საერთო ფორმატში. მაგ. თუ კომპანიის წამყვანი ფერები თეთრი და მწვანეა, აუცილებლად გამოიყენეთ დიზაინის ელემენტებად. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი იმედგაცრუებული აღმოჩნდება საიტზე სტუმრობისას.

– ინფორმაციით დატვირთვა – ნუ დააბნევთ ხალხს. ეცადეთ გამოიყენოთ სავიზიტო ბარათი სატყუარად და მასზე მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია დაიტანოთ, რის გამოც გაჩნდება თქვენთან დაკავშირების სურვილი. ნუ დაივიწყებთ ლოგოს განთავსებას, თუმცა უარი თქვით საკუთარ ფოტოზე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარეგნობა სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

– ერთმხრივი სავიზიტო ბარათები – ზევით წარმოდგენილი პრობლემის თავიდან ასაცილებლად დაიტანეთ ინფორმაცია ბარათის ორივე მხარეს. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ავიწყდება ბარათის მეორე გვერდის არსებობა მაშინ, როდესაც არაერთი დაინტერესებული  ადამიანი ატრიალებს სავიზიტო ბარათს უკანა მხარეს არსებული ინფორმაციის გასაცნობად, თუმცა ხშირად იქ არაფერი ხვდებათ. გამოიყენეთ სივრცე თქვენს სასარგებლოდ.

წყარო

კომენტარები

comments