რა არის საჭირო თანამშრომელთა ბედნიერებისთვის?!

თარიღი November 8, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა არის საჭირო თანამშრომელთა ბედნიერებისთვის?!

კომპანიებისთვის ბედნიერი და პროდუქტიული კადრების ყოლას დღეს ისეთი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც არასდროს, რადგან იგი პირდაპირ აისახება მოგებაზე, თუმცა კმაყოფილების მიღწევა არც ისე მარტივი საქმეა. რატომ?! იმიტომ, რომ ეს გრძნობა შინაგანად მიიღწევა, სამსახურს კი ძალიან მარტივად შეუძლია ადამიანის ბედნიერების ხარისხის შემცირება ისეთი მარტივი ქმედებებითაც კი, როგორიც თუნდაც ჭორაობაა. გთავაზობთ თანამშრომელთა ბედნიერების უმთავრეს კომპონენტებს:

– აზრის გამოხატვის თავისუფლება – სასურველია, არა მხოლოდ მოუსმინოთ თანამშრომლებს, არამედ მეტნაკლებად გაითვალისწინოთ კიდეც მათი მოსაზრებები და დაასაჩუქროთ ინიციატივისთვის. მართალია, ხშირად ხელმძღვანელებმა იციან ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი, თუმცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მოტივაციას ზრდის.

– სამართლიანი ანაზღაურება და განვითარების შესაძლებლობა – უმჯობესია დანიშნოთ ფიქსირებული ანაზღაურება ბონუსებთან და პრემიებთან ერთად, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დასაქმებულის მონდომებასა და მუშაობის ხარისხთან. გარდა ამისა, აუცილებელია მისცეთ მათ დაწინაურების საშუალება მიუხედავად იმისა, გუნდში 10 კაცია თუ 200. წარმატებული საქმიანობა სულაც არ მოითხოვს მთელი ბიუჯეტის დათმობას. ეცადეთ უბრალოდ ღირებულად აგრძნობინოთ მათ თავი და მისცეთ განვითარების საშუალება. მაგ. შექმენით სახალისო წოდებები: მდივანი, როგორც პირველი შთაბეჭდილებების დედოფალი და ა.შ.

– გუნდური აქტივობები – გაესაუბრეთ თანამშრომლებს, გაუგზავნეთ პერსონალური ბარათები მუშაობის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად ან პირადი მიღწევების მისალოცად. ნუ აგრძნობინებთ მნიშვნელოვან სხვაობას აღმასრულებელ მენეჯმენტთან შედარებით. დააწესეთ ტრადიციული აქტივობები, რომელსაც დიდი სურვილით დაელოდებიან თანამშრომლები მთელი წლის მანძილზე.

– სწორად განსაზღვრული მოლოდინები და მიზნები – რის მიღწევა გსურთ? როდის? რა იქნება შემდეგ? შეეხება თუ არა ის თითოეულ თანამშრომელს? სასურველია, ზუსტად იყოს განსაზღვრული ისეთი წვრილმანი დეტალებიც კი, როგორიც შესვენებები და სამუშაო გრაფიკია. ასევე, დასაშვებია თუ არა სამსახურიდან ადრე გასვლა ან გაცდენები?! ჰკითხეთ თანამშრომლებს აზრი პროცედურების გაწერისას, რომელიც მათ თავს კომპანიის თანამფლობელად აგრძნობინებს და დამატებითი ღირებულების შექმნაშიც აქტიურად ჩაერთვებიან. მიეცით მნიშვნელოვან შეხვედრებზე დასწრების და პოზიციის დაფიქსირების საშუალება. ეცადეთ ხშირად მოაწყოთ კორპორაციული ღონისძიებებიც (პიკნიკები, საქველმოქმედო აქციები, ა.შ.). რაც უფრო გაუღვივებთ თანამშრომლებს ერთიანობის განცდას, მით გაიზრდება პროდუქტიულობის დონე. საუკეთესო დახმარება, რომელიც შეიძლება საკუთარ კადრებს გაუწიოთ, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით, შემდეგ კი მიეცით თავისუფლება მიზნის მისაღწევად.

– პროდუქტიული ატმოსფერო – მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია კომფორტული სამუშაო გარემოც: მოწესრიგებული ოთახი, ნივთები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი მცენარეებიც, რადგან ადამიანები მათთან ან ფანჯარასთან ახლოს, უკეთეს შედეგს აჩვენებენ. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია ნახატების გამოყენებაც ბუნების პეიზაჟებით. მიეცით ადამიანებს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის და მზის სხივების დანახვის საშუალება, რადგან შენობის ვენტილაცია ხშირად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და დემოტივატორი ხდება. თუ ოფისს საკუთარი სამზარეულო გააჩნია, გამოიყენეთ მხოლოდ ჯანსაღი საკვები. ეს ეხმარება ადამიანებს უკეთესად ფიქრში, განწყობის ამაღლებასა და ენერგიის მატებაში.  ყველას სურს ჰქონდეს საკუთარი კუთხე, ამიტომ ნუ შეუზღუდავთ მათ ამ უფლებას. ასევე, მიეცით თავისუფლება კუთვნილი შვებულების დღეების გამოსაყენებლად, თუ ეს მათ ოჯახს სჭირდება, რადგან წონასწორობა ოჯახსა და სამსახურს შორის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა.

– თანამშრომელთა დაფასება – დამსაქმებლებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ ადამიანთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინოთ და ამისთვის მხოლოდ გაღიმება, მოკითხვა ან მსგავსი მარტივი ქმედებებიც კი საკმარისია. დასჯა ძირითადად უარესი შედეგის მომტანია, რადგან გაბრაზებულ თანამშრომელს შურისძიების სურვილი უჩნდება. თუ შეამჩნევთ, რომ ადამიანს პრობლემები აწუხებს, დაეხმარეთ მათ მოგვარებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდეც მივიდეს საქმე.

 წარმატებული და გონიერი მენეჯერები კოლეგების წინააღმდეგ წასვლის და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მითითებების გაცემის ნაცვლად, მათ განვითარებაზე ზრუნავენ, უზიარებენ რესურსებს, ცოდნას, ინფორმაციას და გასცემენ რჩევებს. თუმცა თუ მთელი დრო დაქვემდებარებულთა საკითხების მოგვარებაზე დაიხარჯა, ყურადღების მიღმა დარჩება გაცილებით მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და ღირებული გადაწყვეტილებები.

წყარო 1 წყარო 2 წყარო 3

კომენტარები

comments