წარუმატებლობის 5 გაუმართლებელი მიზეზი

თარიღი April 2, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on წარუმატებლობის 5 გაუმართლებელი მიზეზი

რთულია ბეზოსის, ბაფეტისა და ბრენსონის მსგავსად, განსხვავებული აზროვნებით გამოირჩეოდე, იოცნებო რაღაც ახალზე და მიაღწიო წარმატებას, თუმცა ბევრი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასაც კი ვერ ახერხებს. გთავაზობთ 5 მაგალითს, რას მიიჩნევენ ყველაზე ხშირად ადამიანები წარუმატებლობის მიზეზად და რაც მთავარია, როგორ დააღწიოთ თავი მსგავს აზროვნებას.

1.    „ბედი არ მაქვს“

შემოუერთდით უზარმაზარ ჯგუფს! არავის ეძლევა შანსი დაუმსახურებლად, მიუხედავად იმისა, როგორ ჩანს ეს გარედან. შესაძლებლობა გამომუშავებადია, თუმცა თუ მაინც ფიქრობთ, რომ სხვამ მიიღო ის, რასაც თქვენ იმსახურებდით, ნუ იდარდებთ, რადგან ვერაფერს შეცვლით.

შესაძლოა წლების წინ საჭირო იყო სანაცნობო წრის გამოყენება, ხელის შეშველება… მოკლედ რომ ვთქვათ, მოცდა „აღმოჩენამდე“, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, დღეს აღარ ამართლებს. შესაძლებლობებს საზღვარი აღარ აქვს, რადგან სოციალური მედია ყველასთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. თანამედროვეობის წყალობით შეგიძლიათ შექმნათ, გაყიდოთ, დახვეწოთ და მეტად განავითაროთ საკუთარი პროდუქტი, მოიძიოთ სპონსორები… ვიღაცის დახმარებას კი არ უნდა ელოდოთ, ყველაფერი თავად გააკეთეთ – სწორედ ასე იქცევიან წარმატებული ადამიანები.

ერთადერთი რამ, რაც გაფერხებთ მხოლოდ საკუთარი თავი და სურვილია. ნუ იფიქრებთ, რა შესაძლებლობა შეიძლება მოგცენ, თავად შექმენით ის.

2.    „ხელს მიშლიან“

შესაძლოა, მართლაც არსებობდეს დამაბრკოლებელი გარემოებები. მომწოდებლები პირდაპირ არ დაგიკავშირდნენ, პარტნიორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიოთ, არც ისაა გამორიცხული, პოტენციურ მომხმარებლებს არ ეყოთ ცოდნა თქვენ მიერ შეთავაზებული რეალური ღირებულების აღსაქმელად. თუმცა ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მართალია, სხვა ადამიანების გაკონტროლება ნაკლებად შეგვიძლია, თუმცა საკუთარი ქმედებები ჩვენს ხელთაა.

წარუმატებლობის მიზეზი ყოველთვის საკუთარ თავში ეძებეთ. ეს არა მარტო გონივრული მსჯელობაა, ხშირად სიმართლესაც შეესაბამება. ყველა წარმატებულ ადამიანს არაერთხელ განუცდია მარცხი. უმეტეს მათგანს იმაზე მეტჯერაც, ვიდრე თქვენ. სწორედ ესაა ახლა მათი დიდი წარმატების მიზეზი.

ისწავლეთ თითოეულ შეცდომაზე და აიღეთ პასუხისმგებლობა, რომ შემდეგ ჯერზე მაქსიმუმს გააკეთებთ განსხვავებული შედეგის მისაღებად. ნურასდროს დააბრალებთ სხვას საკუთარ სიძნელეებს.

 3.    „საკმარისი დრო არ მაქვს“

რა თქმა უნდა გაქვთ, თანაც ზუსტად იმდენი, რამდენიც დანარჩენებს, მთავარია რამდენად სწორად დაგეგმავთ მას. მაგ, ყველას შეუძლია მოქმედების გეგმის ჩამოყალიბება, თუმცა ბევრი არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ თითოეულ დავალებას ზუსტად იმდენი დრო დაუთმოს, რამდენიც რელურადაა საჭიროა. პრობლემაც ზუსტად იმაშია, რომ ხშირად გაცილებით მეტ დროს ვხარჯავთ. ცდას ნუ დააკლებთ დავალებების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად შესრულებას. თავისუფალი დრო კი სხვა საქმეების მოსაგვარებლად გამოიყენეთ. ნუ იფიქრებთ, როგორ გმართავთ დრო, თავად აკონტროლეთ ის. თუ ამას გააკეთებთ, მიხვდებით რეალურად რამდენი დრო გაქვთ.

 4.    „გავაკეთებდი, რეალური შედეგი რომ ჰქონდეს“

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზები: „დაწინაურების იმედი რომ მქონდეს, უფრო მეტს ვიმუშავებდი“, „უფრო მეტი წარმატება რომ მოჰქონდეს, მეტ დროს დავხარჯავდი“ ან „უფრო მეტი ანაზღაურება რომ მქონდეს, მეტ მსხვერპლს გავიღებდი“…

ნუ დაივიწყებთ, რომ თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომის შედეგად აწინაურებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი გამოიმუშავებენ წარმატებას თანაც ისე, რომ მოსალოდნელი უკუგება ნაკლებია მათ ძალისხმევაზე. სასურველი შედეგი სწორედ მსხვერპლის გაღებისა და დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწევა. ნუ დაელოდებით მეტის მიღებას მანამ, სანამ სათანადოდ არ იმუშავებთ. იფიქრეთ წარმატებაზე როგორც დამსახურებულ საჩუქარზე.

 5.    „არაფრით გამოვირჩევი“

ადვილია იმის დაჯერება, რომ წარმატებულ ადამიანებს რაღაც განსაკუთრებული გააჩნიათ: იდეები, ტალანტი, მოტივაცია, შესაძლებობები, კრეატიულობა და ა.შ. თუმცა ეს იშვიათად შეესაბამება სიმართლეს. წარმატება არასდროსაა თანდაყოლილი, ასე მხოლოდ მისი მოპოვების შემდეგ ჩანს.

რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ თქვენგან განსხვავებული უნარები (ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც), თუმცა თქვენც გაქვთ ისეთი ღირებული თვისებები, რითიც ისინი ვერ გამოირჩევიან. საჭიროა მხოლოდ თავდაუზოგავი მუშაობის სურვილი და მცდელობა, რადგან სწორად აქ იბადება ტალანტი.

ნურასდროს იფიქრებთ იმაზე, რაც არ გაქვთ. აქცენტი გააკეთეთ თქვენს შესაძლებლობებზე და უფრო მეტად იმაზე, რისი გაკეთება გსურთ ისეთის, რაც სხვას არ შეუძლია. ეს არის სწორედ ნამდვილი საჩუქარი, რომელიც ყველას გაგვაჩნია. უბრალოდ გამოიყენეთ.

კომენტარები

comments