როგორ შეიძლება დავკარგოთ საუკეთესო თანამშრომელი

თარიღი January 27, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ შეიძლება დავკარგოთ საუკეთესო თანამშრომელი

    ყველას ჰყავს გამორჩეული კადრი, ვისთან ერთადაც შეუძლია გვიანობამდე შეყოვნდეს დარჩენილი სამუშაოს შესასრულებლად ან ბოლო წუთში მისცეს მნიშვნელოვანი დავალება პრეზენტაციის წარმატებით ჩასატარებლად. მსგავსი თანამშრომლის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდებოდა, ამიტომ ხელმძღვანელები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და კომფორტის შექმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გარეშე მოუწევთ მოქმედება.

            როგორც CAP კვლევამ აჩვენა, მხოლოდ საშუალო დონის კადრის შეცვლა მისი წლიური ანაზღაურების 20% ჯდება, საუკეთესო თანამშრომლის შემთხვევაში კი ხარჯები, შესაძლოა, 213%–ც კი გაიზარდოს. ამას ემატება ისიც, რომ ახალ თანამშრომელს სრული პროდუქტიულობის მისაღწევად 1 წელი მაინც სჭირდება (2012 Allied Workforce Mobility Survey).

           ამ მაჩვენებლებს თუ გავითვალისწინებთ, არავინ ისურვებდა საუკეთესო კადრის დაკარგვას. ამიტომ ეცადეთ თავი აარიდოთ შემდეგ შეცდომებს:

1.    დაუფასებლობა

ცნობილია, რომ თანამშრომლების დაფასება აუმჯობესებს მათ კეთილგანწყობას სამსახურის მიმართ და ამცირებს კადრების დენადობის პროცესს. დღევანდელი მონაცემებით, ორგანიზაციათა მხოლოდ 12% ზრუნავს აღნიშნულ საკითხზე. საუკეთესო კადრებს დაფასება არა წლის ბოლოს, არამედ ყოველდღიურად ან თუნდაც ყოველკვირეულად სჭირდებათ. გაუგზავნეთ მათ უბრალოდ მადლობის წერილი. განსაკუთრებული ეფექტი გუნდის თანდასწრებით შექებას აქვს, რადგან ამ დროს თავს უფრო ღირებულ ადამიანად მიიჩნევენ და აქტიურად განაგრძობენ შესაძლებლობების მაქსუმუმის გაკეთებას.

2.    არანაირი საჩუქარი

სიტყვიერი მადლიერება ეფექტურია, თუმცა მცირე საჩუქარსაც კი მეტი შედეგის მოტანა შეუძლია. შესაძლებელია, მთელი გუნდი დაპატიჟოთ სადილზე რესტორანში, თუმცა ნურც ინდივიდუალური დასაჩუქრება დაგავიწყდებათ. მაგ. კინოს ბილეთები, ფასდაკლების ბარათები ან ავტომობილის რეცხვის ტალონები.

 3.    სიყალბე 

სიყალბე საუკეთესო თანამშრომლების დაკარგვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება გახდეს. ჩვეულებრივ, ასეთი კადრები თვითდაჯერებული, გამოცდილი ინდივიდები არიან, რომელთაც საკმარისი თვითშეფასება აქვთ იმისათვის, რომ ურთიერთობა ურთიერთნდობაზე და პატივისცემაზე ააგონ. თუ ამას ვერ ხედავენ, დიდხანს არ ჩერდებიან ერთ პოზიციაზე, არამედ ცდილობენ ისეთი გარემო მოძებნონ, სადაც მათ ადეკვატურად შეაფასებენ.

 4.    ტრენინგების  ნაკლებობა

დელოიტის კვლევებმა აჩვენა, რომ დასაქმებულთა 75% სჯერა კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებისა და შედეგად მიღწეული გეგმების. თუ არ ზრუნავთ ახალი კადრების განსავითარებელ და საუკეთესოების კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებზე, ეს უფრო მეტ სტრესს გამოიწვევს იმ თანამშრომლებში, ვინც წამყვან როლს ასრულებენ კომპანიაში. გამონახეთ დრო ასეთი კადრების კარიერული ზრდის ხელის შესაწყობად. ეცადეთ იპოვოთ უფასო ან დაბალფასიანი კურსები, რომელიც დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს ისეთი უნარების განვითარებაში, რომელსაც შემდეგ კომპანიაში გამოიყენებთ.

 5.    უპერსპექტივობა

თუ თანამშრომლები გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ დაინახავენ, ეს მათ შეფერხებას იწვევს. ერთ–ერთი კვლევის თანახმად, სწორედ ეს ხდება კომპანიის დატოვების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. ჩვეულებრივ, საუკეთესო თანამშრომლებს შორს მიმავალი გეგმები აქვთ კარიერასთან დაკავშირებით, რომლის მიღწევასაც კომპანიის დახმარებით ცდილობენ. ჰკითხეთ მათ, რა მიზნები აქვთ და როგორ შეიძლება ხელი შეუწყოთ. შესაძლოა, დირექტორობაც კი სურთ და მათგან ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული რჩევებიც აიღოთ. ასწავლეთ რაც შეიძლება ბევრი, თუმცა საპასუხო შედეგის მიღებასაც ნუ დაივიწყებთ.

 6.    უკუკავშირის უგულებელყოფა

როდესაც საუკეთესო კადრები შენიშვნას გეუბნებიან, დაცინვის ნაცვლად მოუსმინეთ, რადგან არსებობს მიზეზები, რის გამოც აქვთ მათ საუკეთესოს სტატუსი. შესაძლოა, მათი შეფასებები თქვენსაზე ადეკვატურიც იყოს, რადგან უფრო ახლოს მუშაობენ სხვა თანამშრომლებთან. იმსჯელეთ მათ მიერ შემოთავაზებულ იდეებზე და თუ მათი განხორციელება არ შეგიძლიათ, დაასაბუთეთ უარყოფის მიზეზი.

7.    მიკრომენეჯმენტი

პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები გაცილებით უკეთესად მუშაობენ დავალებებზე ვადების შეზღუდვის გარეშე, თავისუფლების მინიჭების შემთხვევაში. უკვე შეამჩნევდით, რომ ისინი მინიმალური კონტროლის შემთხვევაშიც შესანიშნავად ართმევენ თავს, ამიტომ მკაცრი ზედამხედველობის აუცილებლობა არ დგას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თვითონ ხართ დროში შეზღუდული, ჩვეულებრივზე ხშირი მონიტორინგი დაგჭირდებათ.

ეჭვგარეშეა, რომ ცდას არ დააკლებთ საუკეთესო თანამშრომლის შენარჩუნებას, რადგან დღევანდელ დღეს საკმაოდ რთულია მათი მოძიება. ყოველ დღე შეამოწმეთ, რამდენად ბედნიერები არიან და როგორ შეიძლება მათი როლის გაზრდა. თუ მათ მიმართ მზრუნველობას გამოიჩენთ, კიდევ უფრო მეტ კეთილგანწყობას დაიმსახურებთ.

წყარო

კომენტარები

comments