სამსახურში ყველაზე მეტად გავრცელებული ადამიანთა ტიპები

თარიღი March 29, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on სამსახურში ყველაზე მეტად გავრცელებული ადამიანთა ტიპები

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ეს არ გამორიცხავს მათ დაჯგუფებას საერთო ნიშნების მიხედვითაც. ყველას შეუნიშნავს სამსახურში მსგავსი აზროვნების და ხასიათის მქონე კოლეგები, რომლებიც, პირობითად, შემდეგ კატეგორიებში შეიძლება გაერთიანდნენ:

– ოპტიმისტი – ყველა დამსაქმებლისთვის სასურველი კადრი, რომელსაც სჯერა საკუთარი საქმის და სიამოვნებას ანიჭებთ მისი კეთება. გამოირჩევიან მოტივაციის განსაკუთრებული დონით, ლოიალურობა და დავალებების შესრულების ხარისხი კი ყველასთვის მაგალითის მიმცემია. მართალია, ასეთი კადრები უმცირესობაში არიან, თუმცა მენეჯმენტის მიერ მათი აღმოჩენისას კეთილგანწყობას და სათანადო აღიარებას იმსახურებენ.

– მცველი – წარმოადგენს კომპანიის საყრდენს, რომელსაც თვალდახუჭული ენდობიან დავალებების მიცემისას და დარწმუნებული არიან, რომ ის აუცილებლად სათანადო დონეზე შესრულდება.  „მცველები“ ლოიალობის შესანიშნავ დონეს ამჟღავნებენ, რაც დამატებით უპირატესობას სძენს მათ. არიან შესანიშნავი კოლეგები, თუმცა მოიკოჭლებენ ლიდერული უნარების დემონსტრირებისას. მიუხედავად ამისა, დამსაქმებლებს მოსწონთ ასეთი კადრები სტაბილური ხასიათიდან გამომდინარე, თუმცა გარკვეულ უხერხულობას აწყდებიან მათი ჩანაცვლების მცდელობისას. „მცველებს“ სჭირდებათ ხელმძღვანელის ბიძგი ინიციატივის გამოჩენისა და პასუხისმგებლობის თავზე ასაღებად.

იდეების გენერატორი – ინიციატორები, რომლებიც ისახავენ მასშტაბურ მიზნებს და შესწევთ კიდეც პროექტების განხორციელების ძალა, თუმცა მიზნის მიღწევის შემდეგ, უჭირთ კვლავ არსებულ საკითხზე მუშაობა და სიახლეების ძიებას იწყებენ. რამდენადაც შესანიშნავად გამოსდით პროექტების ფართო ჭრილში წარმოდგენა, მით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ წვრილმან დეტალებს.

– კარიერისტი – მათი შემჩნევა ადვილია, რადგან ყურადღების მიქცევის განსაკუთრებული სურვილით გამოირჩევიან. ხშირად აღმოაჩენთ ისეთ ადამიანებთან საუბრის პროცესში, ვის მიმართაც გარკვეული პირადი მიზნები ამოძრავებთ. ასევე, ხშირად იცვლიან პოზიციას კარიერულ კიბეზე რაც შეიძლება სწრაფად ასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქცევა ხშირად ნეგატიურ რეაქციას იწვევს კოლეგებში, მენეჯერებისთვის მისაღებ კადრებად ითვლებიან, რადგან მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევის საშუალებას იძლევიან.

– “ჩვარი” – ადვილად მართვადი კადრები, რომლებიც გამუდმებით თანაგრძნობას ითხოვენ. ხშირად ეს ახალ თანამშრომლებს ახასიათებთ, რომლებიც გაურკვევლები არიან სიტუაციაში. მათ სჭირდებათ დაძაბულ სიტუაციებთან გამკლავების და უსამართლობებზე ხმის ამოღების სწავლა.

– მეამბოხე – გარდა იმისა, რომ თავად ეზიზღებათ საკუთარი საქმე, ნეგატიურად მოქმედებენ კოლეგების განწყობაზეც. მათი მართვა საკმაოდ რთულია, რადგან უარყოფით განწყობას ავლენენ ყველაფერში სამსახურში მუდმივი დაგვიანებით, ინიციატივის გამოჩენის ნაკლებობით და მუდმივად ნეგატიურად საუბრით. ასეთი დამოკიდებულება მომწამვლელია მთელი გუნდისთვის, ამიტომ ხშირად ანაცვლებენ მათ ახალი კადრით.

– მატერიალისტი – ადამიანი, რომელიც მხოლოდ ანაზღაურებისთვის მუშაობს. მათ დაკარგული აქვთ ინტერესი და მოტივაცია, ხშირად კომფორტის ზონაში იმყოფებიან და მინიმალურს აკეთებენ ხელფასის მისაღებად. სამსახურს კი სამუშაო დროის დასრულებისთანავე ტოვებენ. კადრების ხელმძღვანელებისთვის უმთავრესია მათი მოტივაციის გაზრდა, რომლის ერთ–ერთი საშუალებაა გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი.

– მეწვრილმანე – ყურადღებას ამახვილებენ ყველაზე წვრილმან დეტალებზეც კი. მაგ. ზედმეტი მძიმეები, მონაცემების დაუსრულებელი შედარება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ გადაჭარბებული კრიტიკა ახასიათებთ და არც ზურგს უკან ნეგატიურ საუბარს ერიდებიან, პატივისცემას მაინც იმსახურებენ კოლეგებისგან დეტალებისადმი დაკვირვებულობის გამო. დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია დაარეგულირონ სიტუაცია კოლეგებისადმი განწყობის გადადების გარეშე.

წყარო

კომენტარები

comments