Volkswagen-ს მსოფლიო ავტოწარმოების ლიდერობის ამბიცია გაუჩნდა

თარიღი September 19, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Volkswagen-ს მსოფლიო ავტოწარმოების ლიდერობის ამბიცია გაუჩნდა

თითქმის 62,5 მილიარდი ევრო – ასეთი გიგანტური თანხის ჩადებას აპირებს გერმანული Volkswagen-ი საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. ნომერ პირველმა ევროპულმა ავტომწარმოებელმა  ამბიციური მიზანი დაისახა: ახალი მოდელების წყალობით მსოფლიო ლიდერი გახდეს. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა VW-ს არასასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს. კონცერნის ხელმძღვანელის მარტინ ვინტერკორნის განცხადებით, კომპანია 2016 წლამდე 62,4 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს, რათა „ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით მსოფლიოში საუკეთესო ავტომწარმოებელი გახდეს.“

62,5 მილიარდიდან დაახლოებით 30 მილიარდი ევრო გერმანიის ტერიტორიაზე არსებულ ქარხნებში ჩაიდება, კიდევ 14 მილიარდს კი ჩინეთის საწარმოები მიიღებენ.

ახალი მოდელების შექმნაზე VW თითქმის 33 მილიარდ ევროს დახარჯავს და საკუთარ მონაწილეობას ყველა კლასის ავტომობილის სეგმენტში გაზრდის. ამასთან, ახალი ტექნოლოგიები საწარმოო ხარჯებს მესამედით შეამცირებს. ელექტრომობილების გამოშვებას კომპანია შედარებით შორეული მომავლის ამოცანად აცხადებს.

მასშტაბური ინვესტიციების მიზანია, გერმანული ავტოკონცერი მსოფლიო ლიდერი გახდეს. მანამდე მას იაპონურ ავტოგიგანტ Toyota-სთან კონკურენცია უწევდა, მაგრამ ბუნებრივი კატასტროფების გამო იაპონელებმა პირველობა ფერფლისგან ამდგარ General Motors-ს დაუთმეს.

VW-ს ამბიციური მიზნების მიღწევის იმედს 2010 წლის პირველი ნახევრის მონაცემები აძლევს – იანვარ-ივნისის პერიოდში მისი გაყიდვები 4,1 მილიონამდე ავიდა. წელს კი გერმანული ავტოკონცერნი სულ მცირე 8 მილიონი ავტომობილის რეალიზაციას გეგმავს.
ასეთ ამბიციურ გეგმებს საფუძვლად ის თანხები უდევს, რომელიც კომპანიას გააჩნია – მას გერმანულ კომპანიებთან შედარებით გიგანტური საინვესტიციო სახსრები აქვს. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომავალ წელს „სახალხო ავტომობილს“ სირთულეები ელის.„მსოფლიო ეკონომიკა არაპროგნოზირებად ფაზაშია, და თუ მომავალ წელს კონიუნქტურა შესუსტდება, შესაძლოა გაყიდვები შემცირდეს. ამიტომ ახლა საწარმოო ძალების გაზრდა საკმაოდ სარისკოა,“ – აცხადებენ სპეციალისტები.

წყარო: www.commersant.ge

 

კომენტარები

comments