როდესაც ბოსი კონტროლს კარგავს
თარიღი December 10, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როდესაც ბოსი კონტროლს კარგავს
იდეალურ შემთხვევაში, მენეჯერებსა და დაქვემდებარებულებს შორის ურთიერთობა უკონფლიქტოა, საერთო ინტერესები და მოსაზრებები გააჩნიათ, რაც ნაკლებად ქმნის დაძაბულ სიტუაციებს, თუმცა რეალობა ხშირად განსხვავებულია. შესაძლოა, ბოსი მახესაც კი უგებდეს თანამშრომელს სამსახურიდან გასაშვებად.
მაგ:
– შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანებების მუდმივი ხაზგასმა
– მოვალეობების შემცირება
– ახალი კადრის დაქირავება ჩანაცვლების მიზნით
– გადაყვანა სხვა სამუშაო გარემოში
– ჩამოშორება მნიშვნელოვანი მოვლენებიდან, გამოტოვება ღონისძიებებზე ან კოლეგების შეკრებაზე
– პირდაპირი კომუნიკაციის ნაცვლად ურთიერთობა მხოლოდ მეილით
რთულია ამ დროს სწორი მოქმედების განსაზღვრა, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, საქმე ბოსს ეხება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფროსი შეურაცხყოფაზე გადადის და შესაძლებელი ხდება საჩივრით პირდაპირ კადრების ხელმძღვანელს ან ადვოკატსაც მივმართოთ, იძულებული ვხდებით, სიტუაცია თავად დავარეგულიროთ. ხელმძღვანელის კმაყოფილების დონიდან გამომდინარე რეაქციამ შესაძლოა სამსახურიც დაგაკარგვინოთ ან გაიძულოთ გაცილებით მეტი საქმე გააკეთოთ. ხშირად დაქვემდებარებულები მთლიანად არიან ბოსებზე დამოკიდებული, რომელთა გარეშეც ნაბიჯს ვერ გადადგამენ, ამიტომ მათ ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი სურვილისამებრ მოქცევა. თუმცა ეს არ ნიშნავს სრულ მორჩილებას მაშინ, როდესაც უსამართლოდ გეპყრობიან. თქვენი რეაქცია ბოსის ყვირილის მიზეზის ადეკვატური უნდა იყოს. გთავაზობთ მოქმედების რამდენიმე გზას:
1. მოითხოვეთ ინდივიდუალური გასაუბრება
თუ ადამიანი ყვირის, ეს მათი ნერვული აშლილობის პიკზე მიუთითებს, ამიტომ გასაკვირი არაა, საქციელზე კონტროლის დაკარგვა. მიუხედავად იმისა, სამართლიანია შენიშვნა თუ საფუძველს მოკლებული, მშვიდად ითხოვეთ ცალკე ოთახში გასაუბრება. მიეცით შეხვედრას ოფიციალური სახე: დაჯავშნეთ ოთახი, სადაც მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ საუბარი.
2. თუ საჭიროა, მოიტანეთ გასამართლებელი არგუმენტები
ისევდაისევ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თუმცა საერთოდ ნუ გაჩუმდებით. თუ თქვენი უფროსი ცდება გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად აღნიშნეთ, თუმცა არა შეურაცხყოფის, შურისძიებისა და აგრესიის გზით. დაიხმარეთ ფაქტები და განმარტეთ საკუთარი საქციელი. მკაფიოდ გამოთქვით ნააზრევი, ბევრის და ფუჭად საუბრის გარეშე. თუ ასე მოიქცევით, შანსი იმის, რომ ბოსი ყვირილის რეჟიმიდან თქვენს ტემბრზე გადმოვიდეს, გაცილებით მეტია.
3. პასუხი აგეთ საკუთარ შეცდომებზე
აუცილებლად აიღეთ პასუხისმგებლობა დამსახურებულ შენიშვნებზე. მისი უარყოფა მხოლოდ და მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას. განუმარტეთ ბოსს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობთ და იმუშავებთ შეცდომის მაქსიმალურად მოკლე დროში გამოსწორებაზე. ამის მოსმენის შემდეგ კონფლიქტი არა მარტო დასრულდება, შესაძლოა, უფროსს თავი დამნაშავედაც კი აგრძნობინოთ გადაჭარბებული რეაქციის გამოხატვის გამო.
4. შესთავაზეთ საქმის მოგვარების გზა
მიუხედავად იმისა, საქმე მარტივ შეცდომას ეხება თუ სერიოზულს, დასახეთ პრობლემის მოგვარების გზა. ყვირილი ჩვეულებრივ იმედგაცრუების შედეგია, რომელიც შესაძლოა თავად უფროსის მიმართ განხორციელებული იდენტური მოქმედების გამოვლინება იყოს, რომელიც ცდილობს თქვენზე იყაროს ჯავრი. თუ საკმარისად კრეატიული ხართ, შესთავაზეთ პრობლემის მოგვარების ახალი ხედვა.
5. ნურასდროს უპასუხებთ ყვირილითვე
ნებისმიერ, ყველაზე დაძაბულ შემთხვევაშიც კი, ნუ უპასუხებთ ბოსს ყვირილითვე. მოუსმინეთ შენიშვნებს, დაელოდეთ სიტუაციის ჩაცხრომას და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრეთ საკუთარ უდანაშაულობასა და საქმის მოგვარების თქვენეულ ვერსიებზე. შესაძლოა იყვიროთ, მოჭარბებული ემოციების გამო იტიროთ კიდეც, თუმცა ეს შედეგს ვერ მოგიტანთ. უფრო მეტიც, დანაშაულის აღიარება გამოგივათ. ნუ მისცემთ ბოსს მეტად გაცხარების მიზეზს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მეტი პროფესიონალიზმი მოეთხოვებათ, აიძულეთ თავი სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ერთი შეხედვით ეს უსამართლობაა, თუმცა გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს.
6. გაეცანით უკუკავშირს
კამათის შემდეგ აუცილებლად დარწმუნდით პრობლემის მოგვარებაში. მიადევნეთ თვალი მოვლენების განვითარებას. ამით ხაზს გაუსვამთ, რომ ნამდვილად ღელავთ კომპანიასა და შედეგებზე. არავის სურს უფროსის შავ სიაში მოხვედრა. საბედნიეროდ, პროფესიონალ მენეჯერთა უმრავლესობა ზურგს უკან მოქმედებას დაქვემდებარებულთათვის პირდაპირ გაფრთხილების მიცემას ან გასაუბრებას ამჯობინებს.
მენეჯერთა 63% ფიქრობს, რომ კონფლიქტის შემდეგ „მსხვერპლის“ საუკეთესო მოქმედება წყენის დავიწყება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდაა. ამ შემთხვევაში უარყოფითი განწყობა მხოლოდ წარსულს ბარდება. გამორიცხულია კონფლიქტის ზურგს უკან განხილვა და შურისძიება. რა თქმა უნდა, ეს ორმხრივი ნება უნდა იყოს, თუმცა ადამიანები, რომლებიც გამოავლენენ ზავის დადების ნებას, გაცილებით დიდი ადამიანები გამოჩნდებიან.