საუკეთესო ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები

თარიღი December 18, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on საუკეთესო ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები

ორიგინალური იდეა და მოტივირებული გუნდი წარმატებული ბიზნესის უმთავრესი კომპონენტებია, რომელთა გონივრულად მართვას არანაკლები მნიშვნელობა აქვს. სწორედ ეს განასხვავებს მეოცნებეებს მოქმედი მეწარმეებისგან, თუმცა შემოსავლის ზრდა სტრესის დონის მატებას და წარმატების სულ უფრო რთულად მიღწევასაც გულისხმობს. პირველი კადრის დაქირავება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა პრობლემების წარმოშობისას ხშირია მოტივაციის შესუსტების შემთხვევები. ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შემდეგი ლიდერული თვისებები:

ეთიკური ქცევა – მიუხედავად იმისა, რა მოთხოვნებს უყენებენ ლიდერები საკუთარ თავს, გუნდის მართვისას თამასა იზრდება. გულწრფელობითა და ეთიკური ქცევით კი მიზნის მიღწევის შანსი გაცილებით მაღალია. როდესაც კოლეგებისგან თავგანწირვასა და ხარისხიან მუშაობას მოითხოვენ, შესაბამისი უნდა იყოს ლიდერების ქცევაც. არაფერი ზემოქმედებს მათ კეთილგანწყობაზე ისე, როგორც საქმეში თანაბრად დაკავებული ბოსი.

დელეგირების უნარი – ორგანიზებული და ეფექტური ბიზნესის ჩამოყალიბება შეუძლებელია კოლეგების ნდობის გარეშე. მათი იმედის ქონა და დავალებების გადანაწილების შესაძლებლობა მხოლოდ სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტის. ყველაფრის ერთი ადამიანის მიერ შესრულებისას ხარისხი ეცემა, ამიტომაა საჭირო გუნდის თითოეული წევრის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა. გარდა იმისა, რომ ამ დროს დავალების შესრულების მოტივაცია მაღალია, ლიდერებსაც საკმაოდ დიდი თავისუფალი დრო რჩებათ გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირებისთვის.

კომუნიკაციის უნარი – მართალია, ლიდერები დარწმუნებული არიან მიზნებში და მიღწევის გზებში, თუმცა თუ მათი წარმოდგენა გუნდის წევრებს არ შეუძლიათ, კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების აუცილებლობა დგება. ახალი წევრების სწორად დატრენინგება და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნა სწორედ ჯანსაღ კომუნიკაციაზეა დამოკიდებული. ასევე, არანაკლები მნიშვნელობა აქვს დაშვებული შეცდომებისადმი სწორ მიდგომას. ნაკლები ტკივილით საქმის მოგვარება, ერთობლივი აქტივობები და არაფორმალურ გარემოში შეხვედრები თანამშრომლებში პროდუქტიულობას ზრდის.

თავდაჯერებულობა და ინტუიცია – ნებისმიერ ბიზნესში, მცირეა ის თუ მსხვილი, არსებობს წარუმატებელი ეტაპები. ამ დროს აუცილებლობას წარმოადგენს არსებული ვარიანტებიდან ნაკლებად მტკივნეული შეირჩეს და ნათლად მიეწოდოს გუნდის წევრებს ინფორმაცია. ამასთან, საკუთარი თავის ნდობას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც კოლეგების მხრიდან ლიდერისადმი განწყობას.

პოზიტიური დამოკიდებულება – ყველა ადამიანი ინდივიდუალურია: ზოგს მეტი შესაძლებლობა გააჩნია, ზოგს ცოდნა, ზოგსაც დადებითი თვისებები. მიდგომა, რომელიც მისაღებია ერთი ადამიანისთვის, შესაძლოა, დემოტივატორი გახდეს მეორისთვის, ამიტომაა საჭირო მისი განსაკუთრებულად შერჩევა. ასევე, თითოეული წევრისთვის აუცილებელია შესვენების, წახემსების, კოლეგებთან ურთიერთობის შესაძლებლობის მიცემა. როდესაც ოქროს შუალედია დაცული დატვირთვასა და განტვირთვას შორის, კოლეგებიც ბედნიერად გრძნობენ თავს და არც რამდენიმე საათით დამატებით მუშაობაზე ამბობენ უარს.

წყარო

კომენტარები

comments