გამარჯვებული და უკვე დასაქმებული კახა კირთაძე NCIB-ის პროექტის შესახებ!

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on გამარჯვებული და უკვე დასაქმებული კახა კირთაძე NCIB-ის პროექტის შესახებ!

კონკურსები, თამაშები, შეჯიბრებები… აი რა მიყვარს, რა მანიჭებს წარმატების განცდას! ამის შესაძლებლობა დღეს მრავლადაა. მარტო ფეისბუქის კონკურსები რომ ავიღოთ, ერთი შეხედვით, ყველგან შეიძლება მონაწილების მიღება, გამარჯვება და საოცნებო პრიზების მოპოვება. თუმცა,  კონკურსი ზოგადად, არ არის მარტო like-ების მოგროვება ან ფოტოების ატვირთვა, ეს არც კომენტარების „დასწრებობანაა“ :) … აქ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი მოიპოვო, სხვებს კონკურენცია გაუწიო და იყო გამორჩეული…  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაწილემ დიდი შრომა ჩადოს საქმეში, იბრძოლოს ბოლომდე და მუდმივად იყოს შემართული. კონკურსის ბოლო წუთამდე იმის მოლოდინი, რომ გამოგარჩევენ, რწმენა, რომ შენ შეძლებ და ბოლოს შედეგი –  აი  რა არის წარმატება!

როდესაც NCIB-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ გავიგე, მონაწილეობის მიღება მაშინვე გადავწყვიტე. თემა ძალიან განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა. საუკეთესო გაყიდვების სტრატეგია მობილური ტელეფონისთვის, რომელიც მზის ენერგიით იტენება! ხომ მაგარია! ჰოდა მეც ჩამითრია :) … მეც ფიქრი დავიწყე  იმაზე, თუ როგორ წარმომეჩინა ეს „მზიანი“ ტელეფონი განსხვავებულად… დავჯექი და დავწერე…  პროექტი გრაფიკული ნამუშევრებითაც გავამდიდრე (ჩავთვალე, რომ მკითხველს ასეთი ტიპის პროექტი უფრო დააინტერესებდა) და გამოქვეყნების მოლოდინში მეილზე გავგზავნე…

აქედან დაიწყო ყველაზე საინტერესო და ემოციური მომენტები… დაძაბულობა დღითიდღე მატულობდა და კონკურსი უფრო და უფრო დამაინტრიგებელი ხდებოდა, ქვეყნდებოდა კონკურსანტთა საკმაოდ საინტერესო და ერთმანეთისგან მთლიანად განსხვავებული ნამუშევრები და ხდებოდა მათი განხილვა სოციალურ გვერდებზე, ბლოგებზე, მთლიანად NCIB-ის სოციალური მედიის ბორბალის მეშვეობით (რომელიც დიდი გემოვნებითა და დახვეწილი სისტემით შესანიშნავადაა  ორგანიზებული).

იყო პირველი, მეორე, მესამე ტური… დისკუსიები, მძაფრი დისკუსიები და ჯანსაღი კრიტიკა,  საუკეთესო 5-ეულის გამოვლენა და საკუთარი სახელის ამოკითხვა სიაში! ხმის მიცემა და ნამუშევრების შეფასება ერთი თვის განმავლობაში… კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, ამიტომაც, ჩემი თითოეული წარმატება დიდ სტიმულს მაძლევდა. ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ სპონსორი კომპანიები დღითიდღე ემატებოდნენ და საიდუმლო, დამაინტრიგებელ პრიზებსა და სიურპრიებს ამატებდნენ!

ხალხის რჩეული ვერ გავხდი და ვერც ფულადი პრემია მოვიპოვე, მაგრამ გული ერთი წუთითაც არ დამწყვეტია. ჩემთვის მონაწილეობის მიღებაც კი დიდი სიამოვნება იყო ამ კონკურსში. ყველაზე მეტად კი იმის გაგება მაინტერესებდა, ვინ გახდებოდა თავად კომპანია NCIB-ის რჩეული, რომელიც ანაზღაურებადი სტაჟირებით დასაქმდებოდა კომპანიაში.

საბოლოო შედეგების გამოცხადების დღეს,  სასტუმრო რედისონში მოწყობილ კონფერენციაზე, სადაც უამრავი სტუმარი და მსხვილი კომპანიები იმყოფებოდნენ, სხვა კონკურსანტებთან ერთად, მეც ვღელავდი.  მაგრამ, როდესაც მაკამ  ჩემი სახელი და გვარი ამოიკითხა, ნერვიულობა გაქრა, სიხარულს ვერ ვმალავდი. NCIB-ის რჩეული გავხდი და მომეცა შანსი, ვიმუშაო საინტერესო გარემოსა და პროფესიონალთა გუნდში. კომპანია OWG-მ საოცნებო ლონდონში საზაფხულო სკოლის გავლით დამასაჩუქრა, GAU-ს პრეზიდენტმა, ბატონმა მაიკლმა კი მარკეტინგის ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო გადმომცა GAU Books-იდან, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

ამ კონკურსმა ბევრი მომცა, ბევრი მასწავლა… დღეს უკვე NCIB-ში ვარ,  ძალიან ამაყი ვარ, მე მთლიანად  შევიგრძენი წარმატების განცდა და იმედი მაქვს, რომ კომპანიის განვითარებაში საკუთარ წვლილსაც შევიტან. ახლა უკვე მე ვიზრუნებ მისი წარმატებისთვის და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ.

NCIB  ჩემი წარმატების საწინდარი გახდა  :)

კომენტარები

comments