საქართველოში ელექტრონული წიგნების გამოშვება იწყება

თარიღი September 15, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on საქართველოში ელექტრონული წიგნების გამოშვება იწყება

გამომცემლობა „სანდროს წიგნები” პირველად საქართველში, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ქართული ელექტრონული წიგნების გამოშვებას იწყებს – იუწყება რადიო კომერსანტი Navigator.ge-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ელექტრონული წიგნების გამოშვებით წელიწადზე მეტია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც“ არის დაინტერესებული, თუმცა ისინი პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუ როდის გამოჩნდება ინტერნეტში მათი პირველი წიგნი. მსოფლიოს მასშტაბით e-book-ებზე მოთხოვნა რეკორდულ ციფრებს უტოლდება.

ელექტრონული წიგნების გაყიდვებმა Amazon-ის ონლაინ მაღაზიაში, პირველად კომპანიის ისტორიაში, ნაბეჭდ წიგნებზე არსებულ მოთხოვნას გაუსწრო. საგამომცემლო სახლ „სანდროს წიგნების“ გამომცემლის სანდრო ასათიანის თქმით, ელექტრონული წიგნების გამოშვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა მათი მოძიება ქართულ ენაზე ვერ შეძლეს.„ჩვენი წიგნები 4, ან 5 ენაზე ამაზონზე დაიდება და სხვა წიგნების მსგავსად მათი ფასებიც 0,99 ცენტიდან დაიწყება. ასევე შეიქმნება ცალკე საიტი, სადაც წიგნები მხოლოდ ქართულ ენაზე აიტვირთება,“ – ამბობს სანდრო ასათიანი.

ელექტრონული წიგნი არის კომპიუტერული ფაილი, რომლის წაკითხვაც კომპიუტერში ან სხვა სპეციალური მოწყობილობით – ელექტრონული წიგნების საკითხავით – არის შესაძლებელი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული წიგნის საკითხავი მოწყობილობა ამაზონის მიერ შექმნილი მოწყობილობა Amazon Kindle ან უბრალოდ ქინდლია, რომელსაც ელექტრონულ ქაღალდსაც უწოდებენ. თუკი მონიტორი შუქს ასხივებს და ეს ადამიანის თვალის დაღლის ერთ-ერთ მიზეზად არის მიჩნეული, ქინდლის ეკრანი, ისევე როგორც ქაღალდის ფურცელი, შუქს ირეკლავს. ქინდლის ერთ-ერთი მოდელის ფასი – Kindle 3G – ამაზონის საიტზე $189 შეადგენს.

წიგნების მაღაზია „ექსლიბრისის“ დირექტორის ნატო ცაავას თქმით, ელექტრონული წიგნის რიდერი ძალიან მოსახერხებელია: “პირველ რიგში, ელექტრონული წიგნების ყიდვა გაცილებით უფრო იაფი ჯდება, მოუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის ფასი Аmazon-ზე $6–$7–აც აღწევს. ამასთანავე, e-book–ების გარკვეული რაოდენობა აბსოლუტურად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ელექტრონული წიგნის რიდერი ძალიან მსუბუქია და მისი ტარება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე რამდენიმე წიგნის ერთად.“

წყარო: www.financial.ge

 

კომენტარები

comments