ინტერვიუს 10 კითხვა, რომელმაც შესაძლოა მახეში გაგაბათ

თარიღი July 31, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ინტერვიუს 10 კითხვა, რომელმაც შესაძლოა მახეში გაგაბათ

დიდი ხნის უმუშევრობის ან ცვლილების ძიების დროს ინტერვიუმ შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა იქონიოს როგორც თქვენი, ისე დამსაქმებლის გადაწყვეტილებებზე.  გასაუბრებას ყოველთვის ახლავს დაძაბულობა, რადგან ხშირ შემთხვევაში კითხვები ორმაგი ბუნებისაა და დაფარული მიზანი გააჩნია. ისინი ემსახურება რაც შეიძლება მცირე დროში დაბალკვალიფიციური კადრებისაგან კანდიდატების გაფილტვრას. იცით როგორ ამოიცნოთ ინტერვიუს კითხვების ქვეტექსტი?

ქვემოთ მოცემულია 10 ძირითადი კითხვა, რომელიც თქვენს შეცდომაში შეყვანას ემსახურება:

1.    „რატომ იყავით ამდენი ხნის განმავლობაში უმუშევარი და თქვენთან ერთად კიდევ რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს?“

ამას შესაძლოა მოსდევდეს უფრო კონკრეტული კითხვა: „რატომ გაგათავისუფლეს“. აღნიშნული ემსახურება იმის გარკვევას, გაქვთ თუ არა ისეთი პრობლემა, რომლის შესახებაც წინა სამსახურში უკვე აღმოაჩინეს. მასზე მცდარი ან ემოციური პასუხის ნაცვლად, უმჯობესია აღნიშნოთ, რომ  ერთ–ერთი საუკეთესო თანამშრომელი იყავით, რომელიც იმაზე ბევრს აკეთებდა დღის განმავლობაში, ვიდრე ანაზღაურებას იღებდა და განთავისუფლების მიზეზი უცნობია თქვენთვის.

2.    „დასაქმების შემთხვევაში, როგორ გადაანაწილებთ დროს კოლეგებთან ურთიერთობისათვის?“

ამ დროს ინტერვიუერის  მიზანია გაიგოს ჭორაობთ თუ არა თქვენს ამჟამინდელ ბოსზე.  ის აუცილებლად გკითხავთ რატომ დაინტერესდით მოცემული სამსახურით თუ არ აპირებთ ადამიანებთან ურთიერთობას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გარდაუვალია და პირდაპირაა დაკავშირებული თქვენს საქმიანობასთან. ამ დროს უმჯობესია უპასუხოთ, რომ ეს საკითხი კონფიდენციალურია და მის მოსაგვარებლად არსებობს არასამუშაო საათები.  

3.    „როგორ მოემზადეთ ინტერვიუსთვის?“

ამ კითხვის მიზანია იმის გარკვევა, რამდენად აღელვებს კანდიდატს მომავალი სამსახური. პასუხის ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება ის, რომ ძალიან ხართ დაინტერესებული მოცემული პოზიციით და რა თქმა უნდა, მოიძიეთ ინფორმაცია პირველ რიგში კომპანიის ვებ–გვერდიდან. გამოამჟღავნეთ დარგში არსებული ცოდნა არაფორმალური კითხვების დასმით და თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებზე კომენტარების გაკეთებით.

4.    „გყავთ თუ არა ნაცნობი კომპანიაში?“

ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ცბიერი კითხვა. ჩვეულებრივ, კანდიდატები დიდ პლიუსად მიიჩნევენ ნაცნობების არსებობას, რადგან მათი რეკომენდაციის იმედი აქვთ. სინამდვილეში, ინტერვიუერი ყოველთვის გააიგივებს თქვენს თვისებებს და ხასიათს არსებული თანამშრომლის რეპუტაციასთან.  ამიტომ, მხოლოდ ის ადამიანი დაასახელეთ, რომლის დადებით პოზიციაშიც დარწმუნებული ხართ.

5.    რეალურად რა პოზიციაზე ისურვებდით მუშაობას? (რა არის თქვენი ოცნების სამსახური?)

ეს კითხვა იმის გარკვევას ემსახურება, თანახმა ხართ თუ არა ნებისმიერ სამსახურში მუშაობაზე. სასურველია არ დაასახელოთ რომელიმე კონკრეტული კომპანია და აღნიშნოთ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული პოზიცია არის ის ადგილი, სადაც სიამოვნებით გააგრძელებდით მუშაობას.

6.    „თანამშრომელთა რა თვისება გაღიზიანებთ?“

მახეში არ გაებათ! თქვენ ყოველთვის ოპტიმისტი და მოქმედებაზე ორიენტირებული უნდა იყოთ და ამ კითხვაზე პასუხის გაცემით მენეჯერები ცდილობენ გაარკვიონ რა გიქმნით დისკომფორტს და რა იწვევს თქვენს არაპროდუქტიულობას მუშაობის პროცესში.

7.    „შეგიძლიათ გვიამბოთ როგორ გადაჭერით უნივერსიტეტში ან სამსახურში წარმოშობილი პრობლემა?“

ერთი შეხედვით ამ კითხვაში უცნაური არაფერია, რადგან მას საკმაოდ ხშირად იყენებენ ინტერვიუებისას. თუმცა კანდიდატთა საკმაოდ დიდ ნაწილს უჭირს ან ავიწყდება ამ დროს საკუთარი დადებითი მხარეების წინა პლანზე წამოწევა და მათი პრეზენტაცია. სპეციალისტთა რჩევაა ყოველთვის მოემზადეთ ამ კითხვაზე პასუხისათვის.

8.    „შეგიძლიათ აღწეროთ ის პრობლემური სიტუაცია, რომელიც თქვენი მიზეზით წარმოიშვა?“

ამ კითხვის მიზანია იმის გარკვევა, შეგიძლიათ თუ არა საკუთარი შეცდომების აღიარება და მათზე სწავლა, ანუ რამდენად თავდაჯერებული ხართ ან პირიქით, ეჭვი გეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში.  ამას გარდა, არაა აუცილებელი ყველა ნაკლის და უარყოფითი მოქმედების ჩამოთვლა, რადგან პირდაპირ მესიჯს მისცემთ დამსაქმებელს უარის თქმისათვის. მოიყვანეთ მარტივი, პატარა კონფლიქტური სიტუაცია, რომელმაც გარკვეული გამოცდილება შეგძინათ.

9.    „როგორ შეადარებთ მოცემულ პოზიციას სხვა მანამდე მოსინჯულ სამუშაოებს?

ეს კითხვა ბაზარზე არსებული წამყვანი სამუშაო ადგილებისა და კომპანიების გამოვლენას ემსახურება. თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ მასზე პასუხის გაცემას მარტივი მიზეზით, რომ პატივს სცემთ ყველა კომპანიას, რომელთანაც გქონიათ ურთიერთობა.

10. „გააგრძელებდით თუ არა მუშაობას ლატარიის მოგების შემთხვევაში?“

ერთი შეხედვით საკმაოდ სულელური შეკითხვა კიდევ ერთი საშუალებაა თქვენი მოტივაციისა და სამუშაო ეთიკის გარკვევისათვის. ამ დროს საუკეთესო პასუხია ის, რომ კვლავ გააგრძელებდით საქმიანობას, რადგან გამოწვევები და მიზნის მიღწევა სიამოვნებას განიჭებთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ამის თქმის დროს პირდაპირ უყურებდეთ ინტერვიუერს.

თუკი რაიმე მიზეზის გამო ინტერვიუზე დაიბნევით, ნუ შეშინდებით. უპასუხეთ გულწრფელად, რომ არ გაქვთ შესაბამისი ცოდნა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და ამჯობინებთ თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი  ინფორმაციის გაცემისაგან.

კომენტარები

comments