მხარჯველობა და მისი თავიდან აცილების გზები

თარიღი July 25, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მხარჯველობა და მისი თავიდან აცილების გზები

ბოლო პერიოდის კვლევები კრედიტების მოცულობასთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. არსებობს თუ არა ბერკეტი, რომელსაც ამ პროცესის შეჩერება შეუძლია?! პირველ რიგში მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, კერძოდ, საჭიროა ხარჯვის უნარის გადამოწმება.

 შევეცდებით უფრო ახლოს გაგაცნოთ ის მიზეზები, რომელიც საკრედიტო ბარათების გამოყენების აუცილებლობას ქმნის და ფულის არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს.

იმაზე მეტი თანხის დახარჯვა, ვიდრე შემოსავალი გაქვთ – ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, შეუძლებელია 1200 ლარის გასავალი გქონდეთ მაშინ, როდესაც შემოსავალი მხოლოდ 1000 ლარია. თუმცა, ეს არც თუ ისე რთულია მეგობრებისათვის ფულის თხოვნის, საკრედიტო ბარათების გამოყენების და ა.შ. წყალობით.

ნუ გამოიყენებთ საკრედიტო ბარათს როდესაც ნაღდი ფული გაქვთ – შესაძლებელია ყველას სურდეს იყიდოს ნივთი გადახდის გარეშე, მაგრამ გაითვალისწინეთ – იმას, რისი გადახდაც არ გინდათ დღეს, ვერასდროს დაფარავთ მომავალში.

სავაჭროდ წასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ მოწყენილი ხართ  – ეს გულისხმობს არა მხოლოდ გასვლას სუპერმარკეტში, არამედ ინტერნეტ ვაჭრობასაც. ცნობილია, რომ ამერიკის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ მაშინ მიმართავს სავაჭრო ცენტრებსა და ინტერნეტ–მაღაზიებს, როდესაც თავს ცუდად გრძნობს. ამ დროს სავაჭრო ცენტრები საკმაოდ მიმზიდველი ჩანს, რადგან ყველა თქვენი ახირების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. შედეგად კი სახლში არაერთი გამოუყენებელი ნივთით და ვალდებულება–დაგროვილი საკრედიტო ბარათით ბრუნდებით. ეცადეთ მოიცილოთ ეს ჩვევა სასეირნოდ წასვლით, წიგნის კითხვით, დიდი ხნის უნახავი მეგობრის მონახულებით და ა.შ. ამით ნამდვილად დაეხმარებით საფულეს.

სავაჭროდ წასვლა სიის გარეშე – ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელშიც დიასახლისთა უდიდესი ნაწილია დამნაშავე. სიტუაციას ართულებს სავაჭროდ ბავშვების წაყვანაც, რადგან ისინი ითხოვენ ყველაფერს. ამის თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის მოამზადეთ სია საყიდლებზე წასვლამდე.

საკრედიტო ბარათის რამდენჯერმე აღება – საკრედიტო ბარათები არასდროს ყოფილა ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც დღესაა. თუმცა, კვლავ აქტუალურია მათი დაფარვის პრობლემა. ხშირ შემთხვევაში წლებია საჭირო ამ საკითხის მოსაგვარებლად. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ფულის არამიზნობრივი გამოყენება, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ.

რა თქმა უნდა ამ ჩვევების შეცვლა არც ისე მარტივია, მაგრამ ვალით გამოწვეული პრობლემები ბევრად მეტ ტკივილს აყენებს ადამინებს. ასე რომ ფრთხილად იყავით. გახსოვდეთ, რომ გყავთ ოჯახის წევრები, მეგობრები და მათ ფულით ვერ იყიდით. უარი თქვით მატერიალურ სიამოვნებაზე და მეტი დრო გაატარეთ მათთან.

კომენტარები

comments