რა მნიშვნელობა აქვს ფერებს ლოგოს დიზაინის შექმნის დროს?!

თარიღი November 4, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა მნიშვნელობა აქვს ფერებს ლოგოს დიზაინის შექმნის დროს?!

ჩვენი გონება დაპროგრამებულია ფერების აღქმაზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემოციებსა და ფიქრებზე. კვლევების თანახმად, მან ყიდვის გადაწყვეტილებაც კი სხვა მიმართულებით შეიძლება წაიყვანოს. ეს განსაკუთრებით ინტერნეტით ვაჭრობის, რეკლამებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების შემთხვევაში მოქმედებს.  ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი ფერები და მათი მნიშვნელობა:

თეთრი – მშვიდობისა და სისუფთავის უნივერსალური სიმბოლო. აღიქმება, როგორც სიმარტივე, სიმშვიდე, სიფაქიზე,  დახვეწილობა, სრულყოფილება, სანდოობა.

ყვითელი – შეიძლება იძლეოდეს კონფლიქტურ მესიჯებს. ნათელი ტონალობისა და ადვილად შემჩნევადობის გამო, ხშირად იყენებენ ლოგოებში. აღიქმება, როგორც გაფრთხილება, მხიარულება, ცნობისმოყვარეობა, ბედნიერება, პოზიტიურობა, სიახლე, სითბო.

ნარინჯისფერი – ყვითლისა და წითლის ეს კომბინაცია ხშირად იქცევს ყურადღებას. ლოგოში მისი გამოყენების მიზანია ემოციების სტიმულირება და მადის აღძვრა. აღიქმება, როგორც ხელმისაწვდომობა, კრეატიულობა, ენთუზიაზმი, მხიარულება, ახალგაზრდობა, შესაძლებლობა, მოტივირებულობა

წითელი – ინტენსიური ფერი, რომელსაც ძლიერი ემოციური მუხტის გამოწვევა შეუძლია. ის უკავშირდება როგორც ბრძოლასა და სისხლს, ისე სიყვარულსა და ვნებას. ლოგოებში მისი გამოყენების მიზანია წნევის ცვლილება და შიმშილის გრძნობის გამოწვევა. აღიქმება, როგორც მოქმედება, თავგადასავალი, აგრესიულობა, სისხლი, საფრთხე, ენერგია, აღტაცება, სიყვარული, ვნება, სიძლიერე.

ვარდისფერი – ქალური ფერი, რომელიც აქცენტს აკეთებს უბრალოებასა და დელიკატურობაზე. ხშირად გამოიყენება ლოგოებში ქალური შტრიხის შესატანად. აღიქმება, როგორც სინაზე, დაფასება, თავაზიანობა, დელიკატურობა, რომანტიზმი, პატივისცემა, მადლიერება.

იასამნისფერი – ასოცირდება სიმდიდრესთან, საიდუმლოებასთან, სულიერებასთან. წითლისა და ლურჯის კომბინაციით ავლენს როგორც თბილ, ისე ცივ თვისებებს. ხშირად გამოიყენება ფუფუნებასთან ან განათლებასთან დაკავშირებულ ლოგოებში. აღიქმება, როგორც ცერემონიალი, სიძვირე, ფანტაზია, საიდუმლოებები, რეგალიები, სამართალი, კეთილშობილება.

ლურჯი –   დამამშვიდებელი ფერი, რომელიც გავლენას, წარმატებასა და დაცულობას გამოხატავს. ადამიანთა უმრავლესობა მათ სასურველ ფერად ლურჯის ერთ ტონალობას მაინც ასახელებს. ალბათ ესაა იმის მიზეზი, რომ საკმაოდ გავრცელებულია ლოგოებში. მას ინტენსიურად იყენებენ სახელმწიფო, სამედიცინო და Fortune 500–ის კომპანიები. აღიქმება, როგორც სიმშვიდე, თავდაჯერებულობა, კეთილშობილება, ძალაუფლება, ლოიალურობა, წარმატებულობა, გამჭვირვალობა, სანდოობა.

მწვანე – სიცოცხლისა და სიახლის სიმბოლო, რომელსაც ორმაგი ბუნება აქვს. შეიძლება გამოხატავდეს როგორც სიმშვიდეს, ისე შურსა და გამოუცდელობას. ხშირად აღმოაჩენთ იმ კომპანიების ლოგოებში, რომლებსაც სურთ ბუნებასთან მეგობრული კავშირი წარმოაჩინონ. აღიქმება, როგორც ჯანმრთელი, ბუნებრივი, განახლებული, ჰარმონიული, მშვიდი. ასევე ყველა ფერზე მეტად უკავშირდება ფულს.

ყავისფერი – მიანიშნებს ბუნებაზე, ტყეზე.  მარტივი აღქმადობის, სითბოსა და ბუნებრიობის გამო, ხშირად გამოიყენება სამშენებლო და იურიდიული კომპანიების ლოგოებში. უკავშირდება სიმშვიდეს, ნდობას, მიწას, სიძლიერეს, სიმდიდრეს, სერიოზულობას, დახვეწილობას, პრაქტიკულობას,

ნაცრისფერი – ბუნებრივი და ცივი ფერი, რომელიც ხშირად გამოიყენება ლოგოებში სხვა ფერებთან კარგად თავსებადობის გამო. ასოცირდება უფლებამოსილებასთან, საყოველთაოობასთან, თავმდაბლობასთან, მერყეობასთან, პრაქტიკულობასთან, პატივისცემასთან, სტაბილურობასთან.

შავი –  ძირითადად ბოროტებასთან და ძალასთან კავშირში განიხილება. მუქი ტონალობის გამო, ხშირად ასოცირდება სიყალბესთან და მოურიდებლობასთან. ასევე კლასიკურობასთან, კონსერვატიულობასთან, ავტორიტეტთან, გამორჩეულობასთან, ფორმალურობასთან, მისტერიებთან, საიდუმლოებებთან, ტრადიციებთან.

წყარო: http://visual.ly/color-psychology-logo-design

კომენტარები

comments