რა უნდა გაითვალისწინოთ უფროსი თაობის მართვისას

თარიღი December 25, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა გაითვალისწინოთ უფროსი თაობის მართვისას

როგორ უნდა დაიმსახუროთ პატივისცემა მათგან, ვინც არაა ჩვეული შვილისხელა ლიდერისაგან შენიშვნებისა და მითითებების მიღებას?! უფროსი თაობის ხელმძღვანელობა დიდ მოთმინებას, მოსმენის უნარს და ძველიდან ახალ მეთოდებზე ფრთხილ  გადასვლას მოითხოვს. როგორც ახალგაზრდა ლიდერს, მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენს კოლეგებს ასეთი ენთუზიაზმი მანამდეც უნახავთ, ამიტომ ეჭვის თვალით უყურებენ ყოველგვარ ახალს.

ფიქრობენ, რომ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ „ადრეც სმენიათ“, ამიტომ გამორიცხული არაა ხელის შეშლასაც ცდილობდნენ. მოემზადეთ შურისთვისაც, რომელიც თქვენი მაღალ პოზიციაზე გამოჩენითა და ახალი იდეებით იქნება გამოწვეული. სწორედ ამიტომაა საჭირო რაც შეიძლება სწრაფად მოიპოვოთ კარგი ლიდერის სტატუსი. გამორიცხული არაა, საწყის ეტაპზე იერარქიული სტრუქტურის უგულებელყოფაც მოგიწიოთ. უბრალოდ გუნდის ახალი წევრი გახდით და ხელი შეუწყვეთ მათ მიზნის მიღწევაში. ააგეთ ურთიერთობები, დაიმსახურეთ რწმენა და მიეცით რეპუტაციას ბუნებრივად, თავისთავად გაზრდის საშუალება. საბოლოოდ თქვენი ლიდერობის უმთავრესი როლი ხომ გუნდის დაცვა და წარმატების ახალი, მარტივი გზებით სიარულია.

უფროს თაობას ყოველთვის სურს ითვალისწინებდნენ და პატივს სცემდნენ მათ იდეებსა და იდეალებს, რადგან თქვენს საყრდენად მიიჩნევენ თავს. იზრუნეთ შეგუების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებაზე, რადგან პირველი 90 დღის განმავლობაში დაკვირვების და წინამორბედებთან შედარების საგანი ხართ. იმისათვის, რომ შეფასების შკალაზე მაქსიმალური ქულა დაიმსახუროთ, დასვით სწორი კითხვები, იმუშავეთ დამატებითი საათები და ფრთხილად შეაფასეთ მათი წარსული ქმედებების შედეგები. გაარკვიეთ ვინ არის წამყვანი რგოლი და ნუ გეგონებათ უფროსი ასაკის თანამშრომლები მხოლოდ იმიტომ შეასრულებენ თქვენს დავალებებს, რომ მათი უფროსი ხართ. ეს ასე ადვილი არაა.

კოლეგების პატივისცემის მოპოვებამდე მზად იყავით საქმის გართულებისთვის. ეს ხდება მანამ, სანამ თქვენს კომპეტენტურობაში არ დარწმუნდებიან და მიხვდებიან, რომ საერთო ინტერესები გაგაჩნიათ. მოგიწევთ ამ ყველაფერს შეეგუოთ, რადგან საწყის ეტაპზე მათ თქვენზე დიდი გავლენა აქვთ.  რატომ? იმიტომ, რომ ისინი კომპანიის ისტორიისა და ორგანიზაციული ურთიერთობების მემატიანეები არიან და ეს ბევრად ღირებულია.

შეგუების პროცესში დაგეხმარებათ ქვემოთ მოტანილი 4 ქმედებაც:

1.    იყავით აქტიური მსმენელი და ისწავლეთ შენიშვნებზე

მანამ, სანამ ჯერ კიდევ სწავლობთ როგორ მართოთ გუნდი, დაკვირვებით ისმინეთ არსებული პრეტენზიები და ისწავლეთ უფროსი ასაკის კოლეგების გამოცდილებაზე. ზუსტად განსაზღვრეთ გუნდის თითოეული წევრის შესაძლებლობები, გამოიკვლიეთ მათი ხასიათი, ძლიერი მხარე და ნაკლი. გააანალიზეთ რა სახის კითხვებს სვამენ შეხვედრებზე და ყოველთვის აღნიშნეთ, რა ისწავლეთ მათგან.

2.  დაუახლოვდით  პერსონალურად

მართალია ეს ჩვეულებრივ სამუშაო სიტუაციაში რთულია, თუმცა აუცილებელია თქვენი დროის გარკვეული ნაწილი გუნდის წევრების პერსონალური ინფორმაციის გაგებას დაუთმოთ. თუმცა ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი პროცესი. იყავით გამჭვირვალე და დაანახეთ კოლეგებს თქვენი რეალური სახე. ნუ გამოიყენებთ უფროსობით მონიჭებულ პრივილეგიას, სანამ ამის გარდაუვალობას არ დაინახავთ.

3.    გააერთიანეთ ძველი ახალთან

იყავით თანმიმდევრული ახალი იდეების ძველ მოსაზრებებთან შერწყმისას და ეცადეთ მარტივად მიიტანოთ ის კოლეგებამდე. გახსოვდეთ, რომ თქვენი ვალია ხელი შეუწყოთ გუნდის წარმატებას და ზრდას. პატივი ეცით სხვის აზრს და იყავით კრეატიულები  საკუთარი მოქმედებების სისწორის დამტკიცებისას, თუმცა ნუ უგულებელყოფთ ორგანიზაციის ტრადიციებს. 

4.    დაიმსახურეთ პატივისცემა ნაკლებად დისტანციურობით

კეთილგანწყობის გამოვლენას დრო სჭირდება და მისი ბრძოლით მოპოვება შეუძლებელია. ნუ  გასცემთ ბრძანებებს და ნუ გამოიეყენებთ დაჟინებული მოთხოვნის ფორმას. გახდით გუნდის ნაწილი. თამამად აგეთ პასუხი საკუთარ ქმედებებზე და გახსოვდეთ, რომ  ახალგაზრდა ბოსის სტატუსი განსაკუთრებულ პრივილეგიებს არ განიჭებთ. კოლეგებს სურთ დარწმუნდნენ თქვენს უბრალოებასა და გულწრფელობაში. ისწავლეთ მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ თქვენს გუნდს და ნაკლები სტატუსს.  როგორც ახალგაზრდა ლიდერმა, პატივი ეცით  უფროსი თაობის განსხვავებულ აზრსაც. იზრუნეთ მოვალეობებზე და იყავით მადლიერი მოცემული შესაძლებლობების გამო.

სამსახურში ემოციური გადაწყვეტილებების ნაკლებად ეფექტურობა არ ნიშნავს გარშემო არსებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის უგულებელყოფას. ყველაფრის მიუხედავად, თქვენ ადამიანი ხართ!

 

წყარო:  http://www.forbes.com/sites/glennllopis/2012/09/17/the-four-things-young-leaders-must-do-to-effectively-lead-older-generations/

კომენტარები

comments