როგორ გავხადოთ გაყიდვების პროცესი სასიამოვნო

თარიღი June 12, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავხადოთ გაყიდვების პროცესი სასიამოვნო


ხშირად გვსმენია დამწყები ბიზნესმენებისგან, რომ  სძულთ გაყიდვების პროცესი. სინამდვილეში მათი წარმატება დიდად არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ გაყიდიან საკუთარ იდეებს, ფირმას და პროდუქტს.

ეფექტური გაყიდვებისთვის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია  მყარი ურთიერთობის დამყარება, როგორც პოტენციურ კლიენტებთან, ასევე ინვესტორებთან და პარტნიორებთან. ამ შემთხვევაში პროდუქტის და მომსახურების ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. კომპანიაში ზედა რგოლის თანამშრომლების ძირითადი მიზანია გვერდით ჰყავდეს სანდო თანამშრომელი და მომავალი  პარტნიორი.

თუ გაყიდვებში კომპანია კარგად ვერ მუშაობს, შედეგი შესაბამისად უარყოფითად აისახება მის შემოსავალზე, უარეს შემთხვევაში კი კომპანიის ფინანსურ კრიზისის გამომწვევი მიზეზიც შეიძლება გახდეს. ზოგადად გაყიდვების სფეროში წარმატებას ისინი აღწევენ, რომლებსაც მართლა უყვართ თავიანთი საქმე. მაგალითისთვის ამერიკელ ბიზნესმენს, დიზაინერს და გამომგონებელს სტივ ჯობსს გააჩნდა განსაკუთრებული უნარი მიეზიდა და დაეენტერესებინა კლიენტი. ჯობსის მიერ გაკეთებულ განცხადებებში საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი თითოეული პროდუქტი, ამასთანავე იგრძნობა მისი ხალისიანი დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი. შესაბამისად, მისი პროდუქცია ერთ–ერთი ყველაზე მაღალგაყიდვადია ტექნოლოგიის სფეროში.

ზოგადად გაყიდვებისადმი სიძულვილი გამომდინარეობს რამდენიმე შეხედულებისგან:

გაყიდვები მანიპულაციაა – ზოგიერთი ფიქრობს, რომ როცა რამეს ყიდი, მყიდველს აიძულებ ისეთი რამ იყიდოს, რაც მას არ სჭირდება ან არ უნდა. შესაბამისად, გამყიდველი აღიქმება როგორც მოხერხებული მოლაყბე, ასეთი სტატუსის მიღება, ცხადია არავის სურს.

გაყიდვები მომაბეზრებელია – ამ სფეროში მომუშავე პერსონალს ხშირად უწევს სატელეფონო ზარის განხორციელება, მეილით დაკავშირება, რაც შემაწუხებლად აღიქმება. მათ ხშირად უწევთ ურთიერთობა უხეშ კლიენტთან, რომელიც პასუხს არ იძლევა. ვის სურს ამ ყველაფრის შემდეგ აბეზარი გამყიდველის პოზიცია დაიკავოს?

გაყიდვები მოსაწყენია – როცა საქმე გაყიდვებს ეხება, რთულია განსაზღვრო რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ საქმის მოგვარებას, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პოტენციური კლიენტის ნება სურვილზე. ასე რომ, დროის ხარჯვა ზოგჯერ შეიძლება მოსაბეზრებლად და უაზროდ მოეჩვენოს გაყიდვების პერსონალს.

 

ამ მოსაზრებებს ვინც ოდნავ მაინც ეთანხმება, ცხადია თავს კარგად ვერ იგრძნობს გაყიდვების სფეროში. ასე რომ, ასეთი დამოკიდებულების შესაცვლელად საჭიროა სხვანაირი მიდგომა.

 

გაყიდვებით შენ ეხმარები – თუ არასდროს არაფერს მივყიდით ვინმეს, ვერ მივხვდებით როგორი ან რა სახის პროდუქტი სჭირდება კლიენტს. მთავარია გასაყიდი პროდუქტი მყიდველის გემოვნებას და საჭიროებას მოვარგოთ. სწორი გაყიდვებით ჩვენ ხომ მყიდველს ვაწვდით იმას რაც მას ნამდვილად სჭირდება, ასე რომ ამ საქმიანობას მანიპულაციად ვერ ჩავთვლით.

გაყიდვები როგორც სოციალური საქმიანობა – დავივიწყოთ ის, რომ გაყიდვებით ვინმე წუხდება. ამ  პროცესს თუ საინტერესოს გახდის პერსონალი, დადებით შთაბეჭდილებას დატოვებს კლიენტზე და საკუთარი თავითაც კმაყოფილი დარჩება. ნამდვილად სასიამოვნო გარემო იქმნება, როდესაც გამყიდველი რჩევას აძლევს მყიდველს და ცდილობს პროდუქტი ზუსტად მოარგოს მას.

გაყიდვებით ვსწავლობთ – გაყიდვებით ვეცნობით ადამიანთა გემოვნებას, შეხედულებებს და საზოგადოების საერთო აზრს  არამარტო მითითებული პროდუქტის, არამედ კომპანიის შესახებ. კლიენტთან მომსახურების დროს ვიძენთ უნარებს, რომლებიც გვეხმარება გამოვიცნოთ მათი ძირითადი მოთხოვნები, რა არის მისთვის პრიორიტეტული მომსახურებისას, რაზე დაყრდნობით აკეთებს არჩევანს ყიდვისას და ა.შ.

ასე რომ, სრულიად შესაძლებელია არასწორი მოსაზრებების უკუგდება და  დამოკიდებულების შეცვლა. მეტი მონდომება კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანია. მთავარია საქმისადმი სიყვარული და ყველანაირი შესაძლებლობის გამოყენება, რაც დასახული მიზნისკენ სწრაფად მიგვიყვანს.

 

Source: www.inc.com

 

 

 

კომენტარები

comments