როგორ შევქმნათ ერთიანი გუნდი

თარიღი June 16, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ შევქმნათ ერთიანი გუნდი

როდესაც პირველად იწყებთ ბიზნესს და ქმნით კომპანიას, მცირე ბიუჯეტის გამო ხშირად ყველა პოზიციის დაკავება თავად გიწევთ, იქნება ეს მარკეტინგის, ბუღალტერიის, კვლევა/განვითარების თუ სხვა. თქვენ იკავებთ მენეჯერის პოზიციას, თქვენვე შეიმუშავებთ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რეკლამირებასაც თქვენ უკეთებთ და საბოლოოდ თქვენვე ყიდით.

ამ დროს თქვენ გჯერათ, რომ შესანიშნავად უმკლავდებით ყველა ამ საქმეს და უკეთესად ამას ვერავინ შეასრულებდა. მაგრამ თქვენი ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, თქვენ ხვდებით, რომ დამოუკიდებლად ყველაფრის მუდმივად კეთება შეუძლებელია. ამიტომ, თუ გსურთ გქონდეთ კომპანია, რომელიც დიდ ხანს იარსებებს, უნდა დაიქირავოთ ადამიანები და თქვენ გარშემო შეკრიბოთ თანატოლების გუნდი.

შესანიშნავი გუნდის შექმნა მართლაც რომ ძნელია და იშვიათად გეძლევათ შესაძლებლობა, თავიდანვე შექმნათ გუნდი, ასე რომ გამოიყენეთ ეს შანსი.

არ შეგეშინდეთ, თქვათ „არა“ – როდესაც სამსახურში აგყავთ ვინმე, რთულია შეხვდეთ იდეალურ კანდიდატს, ეს იგივეა რაც შეგიყვარდეთ. ამ დროს უნდა წარმოიდგინოთ, როგორ გაგყავთ მთელი დღეები ამ ადამიანთან ერთად. თუ ვერ შეძელით იმის წარმოდგენა, როგორ მუშაობთ ერთად, როგორ მიდიხართ ლანჩზე, ან ერთად სადილობთ, უბრალოდ უარი უთხარით. აჯობებს იმ „ერთს“ დაელოდოთ, ვიდრე დაიქირავოთ ის, ვისაც სამ თვეში მაინც დაემშვიდობებით.

დაიქირავეთ, ვინც გჯობნით – ყოველთვის დაიქირავეთ ისეთი ხალხი, ვინც თქვენზე უკეთესია. თქვენ ხომ პროფესიონალების გუნდი გინდათ შექმნათ! არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს გაყიდვები, კვლევა–განვითარება თუ მარკეტინგი… როდესაც აგყავთ საუკეთესო და გამოცდილი კადრები, ისინიც თქვენი კომპანიისთვის მაგნიტივით იზიდავენ თავის მსგავს ხალხს.

შექმენით თანატოლების გუნდი – დარწმუნდით, რომ ყველა თანამშრომელი ჩართულია კადრის აყვანის პროცესში, ეს გააძლიერებს ოჯახის შეგრძნებას. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიაში გუნდისთვის კადრების შერჩევის სამი ეტაპია. ჯერ კანდიდატი გადის 20 წუთიან სატელეფონო-ინტერვიუს, შემდეგ 1 საათიან ტექნიკურ ტესტს, მესამე ეტაბზე კი 30 წუთიან პირად ინტერვიუს გუნდის ყველა წევრთან. ამ გასაუბრების შემდეგ ყველა თანამშრომელი უნდა შეთანხმდეს, რომ ის მისაღები კანდიდატია.

ისურვებდით საკუთარ ოფისში მუშაობას? – ეს არის შეკითხვა, რომელიც მუდმივად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. იმისათვის, რომ მოიძიოთ საუკეთესო ადამიანები, თავადვე უნდა შექმნათ ადგილი, სადაც მათ ნამდვილად მოეწონებათ მუშაობა. მაშ, დაიწყეთ ისეთი ადგილის შექმნა, სადაც თავად ისურვებდით მუშაობას. საუკეთესო ხალხი და საუკეთესო გარემო – ეს მოგების გარანტიაა. ამიტომ გააკეთეთ ყველაფერი, რომ გუნდის წევრები იყვნენ ბედნიერები, მოტივირებულები და მზად იმისთვის, რომ დაიწყონ გრძელი და ძნელი მუშაობა თავისი საქმის წარმატებით დასამთავრებლად. მცირედიც ზოგჯერ დიდი ცვლილებების მომტანია. შეეცადეთ, რეგულარულად ისადილოთ გუნდთან ერთად და ორგანიზება გაუკეთოთ გარეთ გასვლებს მეუღლეებთან ერთად. ეს მნიშვნელოვანია, რათა თანამშრომლებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.

გააფართოვეთ თქვენი ქსელი – პრობლემა, იპოვოთ შესაფერისი კადრი, მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ არ იცით სად იმალება ის. გაესაუბრეთ ყველა თქვენს მეგობარს, მთელ თქვენს ოჯახს – მათი რჩევა ფასდაუდებელია. გამოაქვეყნეთ ვაკანსიის დეტალები “ტვიტერზე” და “ფეისბუქზე”, აგრეთვე არ დაგავიწყდეთ LinkedIn და კიდევ რამდენიმე ინტერნეტ რესურსი. ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ღონისძიებები თქვენს დარგში, სადაც შეიძლება პოტენციურ კანდიდატებს გადააწყდეთ.

იყავით გახსნილი – დარწმუნდით, რომ ყველა მუშობს ერთი და იმავე მიზნის მისაღწევად. გამოაქვეყნეთ თქვენი კომპანიის მიზნები და გზამკვლევი, მოაწყვეთ შეხვედრები კომპანიის მასშტაბით, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება დაინახოს ვინ და როგორ მუშაობს მათთან ერთად. ხოლო თუ პროდუქციას ყიდით, მაშინ დარწმუნდით, რომ ყველა იღებს მონაწილეობას პროდუქციის ტესტირებაში, გასინჯვასა და შეფასებაში.

კარგი გუნდის შექმნა რთული ამოცანაა, მაგრამ როდესაც სათანადო ხალხს იპოვით, წვალება ნამდვილად დაგიფასდებათ.

enthusiast.ge

კომენტარები

comments