14 მავნე ჩვევა, რომელმაც შეიძლება სამსახური დაგაკარგვინოთ

თარიღი September 24, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 14 მავნე ჩვევა, რომელმაც შეიძლება სამსახური დაგაკარგვინოთ

ყველას გვაქვს მავნე ჩვევები. ზოგი საქმის შესრულებას აგვიანებს, ზოგს ჭორაობა უყვარს, ზოგი კი ნაკლებად პუნქტუალურობით ხასიათდება. მართალია აღნიშნული ჩვევები საშინელ ადამიანად არ გაქცევთ, თუმცა დასაქმების შემთხვევაში, შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს იმიჯზე და სამსახურიც კი შეიწიროს.  როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კარიერის დანგრევის ამ მიზეზს იშვიათად აქცევენ ყურადღებას.

ქვემოთ მოცემულია იმ მავნე ჩვევების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს:

გაჭიანურება – თუ თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქმის საუკეთესოდ შესრულება ბოლო მომენტში შეუძლიათ და დავალებებს უკანასკნელ დღემდე ინახავენ, მაშინ გაითვალისწინეთ კოლეგების დამოკიდებულებაც. გადადებული საქმე მათგან სწრაფ რეაგირებასვე მოითხოვს, რაც ხშირად გაღიზიანებას იწვევს და პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, პირველ რიგში თქვენ დაგადანაშაულებენ.

ტყუილი  – დაკისრებული ვალდებულებების და ანგარიშების არასწორად წარმოდგენა, ხშირი პლაგიატორობა, კომპანიის საკუთრების არამიზნობრივად გამოყენება, თანამშრომლების მიღწევების მისაკუთრება ან სხვა სახით დამსაქმებლისათვის ცხადად თუ ფარულად ზარალის მიყენება ასევე შეიძლება სამსახურის დაკარგვად დაგიჯდეთ. როგორც ფსიქოლოგი ანა კაიზერი აღნიშნავს, „თუ ერთიანობის გრძნობა არ გაგვაჩნია და დამსაქმებელსაც ვღალატობთ, მაშინ არ ვიმსახურებთ სამსახურის შენარჩუნებას.“

ნეგატიურობა – ბევრ ჩვენგანს ჩვევად აქვს ჭორაობა, წუწუნი და გამუდმებული ღელვა, რაც საბოლოო ჯამში მენეჯერის „თავის ტკივილად“ გვაქცევს. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია საკუთარი გუნდის პროდუქტიულობის უზრუნველყოფაზე და ყველა, ვინც ნეგატიურად მოქმედებს მათზე, უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს უფროსზეც. ასეთი ადამიანები სამართლიანად იწოდებიან „კიბო“–დ მაღალი რგოლის მენეჯერებში და ხშირ შემთხვევაში მათ თავიდან ირიდებენ. თუ პრობლემა გაქვთ, უმჯობესია ამის შესახებ პირდაპირ მენეჯერს დაელაპარაკოთ. ნუ მიმართავთ პირველ რიგში თანამშრომლებს თანადგომისათვის.

დაგვიანება – თუ გამუდმებით იგვინებთ სამსახურში და არც შესვენებიდან ბრუნდებით დროულად, ეს თქვენს უყურადღებობაზე მიანიშნებს. ეცადეთ დროულად გამოცხადდეთ, თუ საჭირო იქნება, ცოტა ადრეც, რათა ხაზი გაუსვათ საკუთარი თუ სხვების დროის პატივისცემას. განზრახ მოგივიდათ თუ შემთხვევით, სამსახურში დაგვიანებით გამოხატავთ არასათანადო დამოკიდებულებას როგორც სამუშაო ადგილის, ისე იმ ადამიანების მიმართ, ვინც დროულად გამოცხადდა.

ელექტრონული კომუნიკაციის უნარის ნაკლებობა ეს გულისხმობს ყველაფერს მეილების უგულებელყოფიდან დაწყებული, პასუხის გაცემის მანერით დამთავრებული.   მათი წყალობით შეიძლება გამოჩნდეთ უხეში და უზრდელი ან ენაწყლიანი და გონიერი. თუ მეილებზე პასუხის გაცემისას ზედმეტად ბევრი ლაპარაკის ჩვევა გაქვთ, მაშინ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრის მიღმა აღმოჩნდებით, რადგან არაკომპეტენტური ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ.

სოციალურ საიტებზე დამოკიდებულება– სამსახურის დაკარგვის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია ადამიანთა დიდი ნაწილის მიჯაჭვულობა სოციალურ მედიასთან. თუ ამტკიცებთ, რომ დღის განმავლობაში Facebook-ის 20–ჯერ შემოწმება ხელს არ გიშლით, ე.ი ცრუობთ. კომპანიათა უმეტესობაში არსებობს მონიტორინგის სხვადასხვა მეთოდი, რომელიც ზღუდავს ან საერთოდ კრძალავს სოციალური მედია საიტების გამოყენებას. ასე რომ ფრთხილად იყავით. იმ საიტების ვიზიტი, რომელიც თქვენს საქმიანობასთან ნაკლებადაა დაკავშირებული, სამსახურის დაკარგვად შეიძლება დაგიჯდეთ.

არასწორი სხეულის ენა – გამუდმებით ატრიალებთ თვალებს? სუსტად ართმევთ ხელს? თვალით კონტაქტისაგან თავს იკავებთ? ეს ჩვევები თქვენი კარიერისათვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. ექსპერტების თქმით, ადამიანებმა უნდა გაითავისონ, რომ მოქმედება სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს და კომუნიკაციის დიდი ნაწილი არავერბალურია. არასწორი სხეულის ენით კოლეგებმა, მენეჯერებმა ან მომხმარებლებმა შესაძლოა უხეშად ან არაპროფესიონალად მიგიჩნიონ, რაც პირდაპირ კავშირშია თქვენი კარიერის განვითარებსათან.

უყურადღებობა – ეს ის მავნე ჩვევაა, რომელიც უამრავ ადამიანს ახასიათებს და ხელს უშლის მათ სამუშაო გარემოს კულტურის შეფასებაში, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება კარიერაზე.  ყველა სამსახურს საკუთარი დაწერილი თუ დაუწერელი კანონები გააჩნია, რომელიც გულისხმობს ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ჩაცმის მანერას, სოციალურ ატმოსფეროს თუ იერარქიას. მათთან შეუთავსებლობა პირდაპირ მოქმედებს კოლეგების მხრიდან თანამშრომლობის სურვილზე. ყურადღებას საჭიროებს თქვენს ქცევაზე კოლეგების რეაქციაც. აქ იგულისხმება ისეთი მარტივი საკითხებიც, როგორიცაა მძაფრი არომატის მქონე საკვების მიტანა, მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, უხეშად ხუმრობა ან ტელეფონის ზარების ხმამაღლა პასუხი.

მწირი ლექსიკა – გრამატიკული შეცდომები, ჟარგონები ან ბილწი სიტყვები მოსაუბრის ინტელექტის ნაკლებობაზე მიუთითებს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არც სახლში ხართ და არც მეგობრებთან საუბრობთ.

„მარტო მგლის“ სინდრომი – ჩვევად გაქვთ ყოველთვის ყველაფერი მარტომ გააკეთოთ?  ეს მიდგომა ოფისში ნაკლებად გამოგადგებათ.  არსებობს სიტუაციები, როდესაც პროექტის დასრულება დამოუკიდებლად მუშაობასა და კონცენტრაციას მოითხოვს,  თუმცა, ჩვეულებრივ,  გუნდურად მოქმედება უფრო დიდი წარმატების მომტანია.  ის არაერთ პოზიტიურ ქცევას განაპირობებს. მაგ. შექება, როცა ამას დაიმსახურებთ, სხვების დახმარება საჭიროების შემთხვევაში და ა.შ. თუ გუნდის წევრად არ ითვლებით, ვერც კოლეგების მხარდაჭერას მოიპოვებთ პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში.

ფიცხი ხასიათი – თუ ადვილად კარგავთ მოთმინებას, ეს იმის მანიშნებელია, რომ ვერც ზედმეტად დატვირთულ რეჟიმში მოახერხებთ დაკისრებული მოვალეობებისთვის თავის გართმევას. მიმართეთ სტრესის შემცირების სხვადასხვა საშუალებას. მაგ:   მედიტაცია ან ღრმა სუნთქვის სავარჯიშოები და ნურასდროს გაამჟღავნებთ პირად პრობლემებს სამსახურში.

არაეფექტურობა – მავნე ჩვევები, როგორიცაა არაორგანიზებულობა, დროის ფლანგვა და ბევრი ლაყბობა ხშირად არაეფექტურ მომუშავედ გაქცევთ. შესაძლოა თქვენ ამას ვერ ამჩნევთ, თუმცა გარშემო უამრავი ადამიანია დაკავებული, რომლებიც იძულებულნი არიან დაგეკონტაქტონ, უხეშად მოქცევის თავიდან ასაცილებლად. არავის სურს გახდეს ადამიანი, ვისთან მუშაობასაც თავს არიდებენ კოლეგები. გაითვალისწინეთ ეს, ისაუბრეთ ცოტა, მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა და ნუ დახარჯავთ ბევრ დროს არასამსახურეობრივ საკითხებზე.

საუბარი ფიქრის გარეშე  – ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მავნე ჩვევაა, რადგან რაიმეს დაუფიქრებლად თქმა შეხვედრაზე ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შესაძლოა, სამსახურის დაკარგვად დაგიჯდეთ.

მანერების ნაკლებობა – ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რა ვისწავლეთ ბავშვობაში. როდესაც რაიმეს კითხულობთ, გამოიყენეთ „თუ შეიძლება“. როდესაც რაიმეს მიიღებთ, გადაიხადეთ მადლობა. თუ არ იცნობთ ადამიანს, წარმოუდგინეთ თავი. თუ ვინმეს შეწუხებას აპირებთ, მოუხადეთ ბოდიში  და ბოლოს… თუ კარგის თქმა არ შეგიძლიათ, საერთოდ გაჩუმდით.

 მავნე ჩვევებისაგან  ამის თავიდან ასაცილებლად, ჰკითხეთ კოლეგებს რა აღიზიანებთ თქვენში, შეფასებების მოსმენის შემდეგ კი სერიოზულად მოეკიდეთ მათი გამოსწორების საკითხს.

 

http://www.forbes.com/sites/jacquelynsmith/2012/10/17/14-bad-habits-that-can-cost-you-your-job/

კომენტარები

comments