რა არ უნდა მიუთითოთ რეზიუმეში

თარიღი October 16, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა არ უნდა მიუთითოთ რეზიუმეში

რამდენჯერ გაგიგზავნიათ რეზიუმე, რომელზეც პასუხი არ მიგიღიათ? ამ დროს ალბათ ფიქრობთ, რომ შეუფერებელი კადრი აღმოჩნდით და უგულებელყვეს თქვენი მონაცემები, თუმცა პრობლემა შესაძლოა თავად რეზიუმეში იყო, რომელმაც უბრალოდ სათანადო ყურადღება ვერ დაიმსახურა. თითოეულ ვაკანსიაზე კადრების სამსახურში ათობით, ზოგჯერ ასობით CV–ს ეცნობიან, რაც სულ უფრო ნაკლებ დროსა და რესურსს უტოვებს მათ ყველა კანდიდატის დეტალურად შესასწავლად, ამიტომ, საშუალოდ, HR–ი მხოლოდ 6 წამს ხარჯავს გადაწყვეტილების მიღებაზე.

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა შესაფერისი კადრი, არასწორად შედგენილმა რეზიუმემ, შესაძლოა, შავ სიაში მოგახვედროთ. მოამზადეთ რეზიუმე ქორწილის ან სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი მოვლენის მოსაწვევივით, რომელსაც ნაკლებად გააგზავნიდით შეცდომებით, ზედმეტი ან მცდარი ინფორმაციით.

მოერიდეთ რეზიუმეში შემდეგი ინფორმაციის დაკონკრეტებას:

– რეზიუმეს გაგზავნის მიზანი – დამსაქმებელთან ამ სახით დაკავშირებისას მიზანი ისედაც ცხადია, თუმცა როდესაც საქმიანობის სფეროს სრულიად შეცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, მისაღებია მოკლე ახსნა–განმარტების დართვა.

 – შეუსაბამო სამუშაო გამოცდილება და უნარები – შესაძლოა, შესანიშნავი კულინარიული ნიჭით გამოირჩევით, თუმცა თუ შესაბამის ადგილას (მაგ. რესტორანში) არ აგზავნით მონაცემებს, ნუ დააკონკრეტებთ მას.

 – ზედმეტად პირადული მონაცემები – მაგ. ქორწინების სტატუსი, რელიგიური შეხედულება, ჰობი და ა.შ. არაა საჭირო, თუ ამის მითითების მოთხოვნა არაა. ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკონკრეტეთ, როდესაც მას გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს დასაქმებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით მხოლოდ საკუთარ და დამქირავებლის ძვირფას დროს დახარჯავთ.

 – ასაკი, ფოტო, GPA – ნუ დააკონკრეტებთ უნივერსიტეტის დასრულების წლებს  და შეფასებას, თუ არ გსურთ ასაკობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდეთ. მათი მითითება მხოლოდ მაშინაა რეკომენდირებული, როდესაც უმაღლესი განათლების მიღება ახალი დასრულებული გაქვთ და საშუალო შეფასებასაც (GPA) გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება.

 – რეკომენდატორები – როდესაც დამსაქმებლებს რეკომენდატორებთან გასაუბრება სურთ, აუცილებლად მოითხოვენ მათ საკონტაქტო ინფორმაციას, ამიტომ ნუ ჩაწერთ საკუთარი სურვილით. გარდა ამისა, ყოველთვის გააფრთხილეთ რეკომენდატორები მოსალოდნელი ზარის შესახებ.

 – პირველ პირში საუბარი – ისედაც ცხადია, რომ რეზიუმეში მხოლოდ თქვენზე და თქვენს გამოცდილებაზეა საუბარი, ამიტომ გამორიცხეთ „მე“, „ჩემი“, „ჩემს“ და ა.შ. გამოყენება.

 – არაოფიციალური ელ ფოსტა – შემდეგი სახის მეილები mylove@gmail.com ან supersexy@gmail.com ყოვლად დაუშვებელი მისამართებია ოფიციალური ურთიერთობებისთვის. მათ შეცვლას ხომ მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება?! ასევე, არაა საჭირო განმარტებითი სიტყვების (ტელეფონი, ელ. ფოსტა) მითითება, რადგან ისედაც გასაგებია რას აღნიშნავს შესაბამისი ჩანაწერი.

 – საკონტაქტოდ სამსახურის ნომრის მითითება – ეს არა მარტო საშიში, სულელური ნაბიჯიცაა. ნამდვილად გსურთ, პოტენციური დამსაქმებლები სამსახურის ნომერზე დაგიკავშირდნენ? სრულიად შესაძლებელია თქვენი კორპორატიული მეილი და ზარები მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იყოს, ამიტომ თუ სამსახურის დაკარგვა არ გსურთ, ნუ გამოიყენებთ დამსაქმებლის საკუთრებას ბოროტად.

 – ხელფასი – საკმაოდ ხშირად დაშვებული შეცდომაა, რადგან დამსაქმებელთან შესაძლოა არასწორი შეტყობინება მიიტანოს. რეზიუმე პროფესიული გამოცდილების და შესაბამისი უნარ–ჩვევების გარკვევას ემსახურება, ანაზღაურება შემდეგი ეტაპის, გასაუბრების პროცესის შემადგენელი კრიტერიუმია.

 – მსხვილი შრიფტი – ნუ ისარგებლებთ Times New Roman–ის მსგავსი მოძველებული შრიფტით. ძირითად შემთხვევაში რეზიუმეები Arial–ფონტით ივსება.  ყურადღება მიაქციეთ ზომასაც. თქვენი მიზანი არა მხოლოდ ადეკვატური დიზაინის, ადვილად წაკითხვადი ფონტის შერჩევაც უნდა იყოს.

წყარო

კომენტარები

comments